საკოორდინაციო საბჭომ 2021 წლის ბოლო სხდომაზეც არ მიიღო ღამის კლუბების გახსნის გადაწყვეტილება. ინფორმაცია მედიას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მიაწოდა.
"ცხადია, კონსულტაციები აქამდეც იყო და ახლაც ინტენსიურად მიმდინარეობს იმისთვის, რომ ჩვენ გარკვეულ კონსენსუსამდე მივაღწიოთ. დინამიკა იცით ახალი ვირუსის განვითარების, ამიტომ, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მათთან, რომ მივაღწიოთ გარკვეულ კონსენსუსს", - თქვა ღიბრაძემ.
მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ექნებათ თუ არა კლუბებს საახალწლო ღონისძიებების ჩატარების უფლება, რასაც მან ასე უპასუხა:
"ზუსტად მაგისთვის მიმდინარეობს კონსულტაციები, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას... ახალ წლამდე ცოტა დარჩა, შესაბამისად... წელს ბოლო საბჭოს ბოლო სხდომა იყო მოგეხსენებათ, მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი".
ღამის კლუბები, კორონავირუსის უსაფრთხოების წესების დაცვი პირობით, ბოლო რამდენიმე კვირაა გახსნის უფლების მიღებას უშედეგოდ ითხოვენ. მათ ხელისუფლება ამ უფლებას კორონავირუსის "ომიკრონის" ახალი შტამის გავრცელების რისკების მოტივით არ აძლევს. თავის მხრივ, კლუბები აცხადებენ, რომ არ აპირებენ შეწყვიტონ მუშაობა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 928 030 შემთხვევა. მათგან დაახლოებით 60 შემთხვევა "ომიკრონის" შტამია.
დაწერეთ კომენტარი