Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლუბები: ვაგრძელებთ საკლუბო ღამეების ჩატარებას


საქართველოში არსებული ღამის კლუბების დიდი ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლების მხრიდან მათი საქმიანობის აკრძალვის მიუხედავად, აპირებენ გააგრძელონ მუშაობა. განცხადებას, რომელიც კლუბების სახელით რადიო თავისუფლებამ მიიღო, ხელს აწერენ იმ დიდი ფესტივალების წარმომადგენლებიც, რომლებიც საქართველოში იმართება ხოლმე.

ამ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება კლუბებს სთავაზობდა სივრცეების ორი კვირით გახსნას, შემდეგ კი გაურკვეველი ვადით დახურვას. აქვე აღნიშნულია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათგან ითხოვდნენ კლუბებში დაეშვათ მხოლოდ უარყოფითი ტესტის მქონე ადამიანები - ტექსტირების ხარჯის დაფარვა კი მათ თავად მოუწევდათ.

"სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების მიერ საკლუბო სივრცეების გახსნის წინაპირობად წარმოდგენილი იყო შემდეგი შეთავაზება: 31 დეკემბრიდან - 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი".

ღამის კლუბები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზებული მასშტაბური საახალწლო ღონისძიებების ფონზე ეს შეთავაზება უსამართლო და დისკრიმინაციულია. მსგავს ღონისძიებებზე "კოვიდ პასპორტის" წარდგენა არ მოითხოვება, შესაბამისად, კლუბები ხელისუფლების ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან.

დღეს მოხვედრა ისეთ დიდ ღამის კლუბებში, როგორებიცაა "ხიდი" და "ბასიანი", ბილეთის ყიდვის მიუხედავად, სპეციალური წესების დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი: მოქალაქე აცრილი უნდა იყოს ორჯერადად ბოლო 6 თვის განმავლობაში, ან ამავე პერიოდში გადატანილი ჰქონდეს კორონავირუსი, ან მიიტანოს ბოლო 48 საათის განმავლობაში ჩატარებული კორონავირუსის PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

"სხვადასხვა ქვეყნებში ომიკრონის შტამის რეკორდული გავრცელების გამო დახურვის გადაწყვეტილება შეეხო არამხოლოდ კლუბებს, არამედ თანაბრად ყველა ხალხმრავალ სივრცეებსა და ღონისძიებებს, საახალწლო კონცერტების ჩათვლით", - აღნიშნულია განცხადებაში.

ღამის კლუბები აპირებენ შეთანხმების მიღწევამდე გააგრძელონ მუშაობა იმ პროტოკოლის მიხედვით, რომლის შექმნაზეც თვეების განმავლობაში მუშაობდნენ.

"იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად ვართ კიდევ უფრო გავამკაცროთ კარის პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, კლუბების მიმართ შესაძლო სადამსჯელო ღონისძიებები აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ გამოხატული კიდევ ერთი მტრული და დისკრიმინაციული ნაბიჯი, რაც უპირობოდ გახდება პროტესტის საფუძველი. ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო სამართლიან, ჩვენი სფეროს ინტერესებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის იდეაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები ვინარჩუნებთ სიმტკიცეს, ერთობას და პრობლემის გადაჭრის სურვილს", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ: The Cultural and Creative Industries Union of Georgia; 4GB; BASSIANI; Boom Boom Booking Agency; Bude; CAFE-GALLERY; Colibri; DAISI • დაისი; დედაენის ბარი; KHIDI; Kibe; Left Bank; Lisi Rest; Lisi Wood; MIONI; Millennials; მტკვარზე • MTKVARZE; Monohall; Mzesumzira; რეფლექტორი / Reflector; ROKVA; Swing Festival; TES; TIVI • ტივი და TBILISI OPEN AIR TREEBAL.

ხელისუფლებასა და საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ხელახალი დიალოგი მას შემდეგ დაიწყო, რაც საკოორდინაციო საბჭომ, პრემიერის ხელმძღვანელობით, მათ უარი უთხრა მუშაობის განახლებაზე. პარასკევს, 24 დეკემბერს დალუქეს რამდენიმე კლუბი, მათ შორის "ხიდი". "ბასიანზე" მისულმა შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბის დალუქვა ვერ შეძლეს. იმ საღამოს იქ დაგეგმილი ღონისძიება ჩატარდა.

XS
SM
MD
LG