Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინც 2021 წელს დაგვტოვა


გურამ დოჩანაშვილი, თემურ წიკლაური, კახი კავსაძე... 2022 წელს საქართველო ამ ადამიანების გარეშე შეხვდება. რადიო თავისუფლება იმ ცნობილ ადამიანებს იხსენებს, რომლებიც 2021 წელს გარდაიცვალნენ.

გურამ დოჩანაშვილი - მწერალი

„სამოსელი პირველი“, „ლოდი ნასაყდრალი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“... მე-20 საუკუნის გამორჩეული მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„გურამს არაფერი აკლდა, არც სიმამაცე, არც გამბედაობა, მაგრამ, ამავე დროს, ბავშვივით იყო. თავიდანვე კულტურულ წრეში მოხვდა, ძალიან თანამედროვედ ცხოვრობდნენ, ყველაფერს კითხულობდნენ არალეგალურად, ცდილობდნენ მსოფლიოს დასწეოდნენ. თვითონაც ვიოლინოზე დადიოდა, უკრავდა. საპროტესტო მოძრაობა „გორგასლიანის“ წევრი იყო. ამოდენა სახელმწიფო რომ დაგეჯახება, გადატანა ხომ უნდა? ეს დევნა რომ გადაიტანეს პატარა ბიჭებმა, ამან დაავაჟკაცა ნაადრევად“, - ჰყვება მასზე პოეტი ბესიკ ხარანაული.

გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე, შვილის გვერდით დაკრძალეს.

თამაზ კვაჭანტირაძე - მეცნიერი

15 აგვისტოს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი მეცნიერი, ფილოლოგი, ტელეწამყვანი და პოლიტიკოსი თამაზ კვაჭანტირაძე.

„უბედნიერესი კაცი ვარ, ჩემი ჰობი და ჩემი საქმიანობა ერთმანეთს ემთხვევა - სასიტყვეთში დავხეტიალობ... სიტყვებს ვხვდები, ვეცნობი, ვაყურადებ, ვუახლოვდები, ზოგჯერ ვუუცხოვდები და ვცილდები კიდეც“, - ამბობდა ის.

თამაზ კვაჭანტირაძე იყო ღირსების ორდენის, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. ის იყო მე-7 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, უფრო ადრე, 1993-1998 წლებში კი განათლების მინისტრი. 1978-1990 წლებში რედაქტორობდა ჟურნალს „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“. მისი ავტორობით გამოიცა წიგნები: „მსგავსებითი შედარება ქართულში“, „ჰა ბურთი, ჰა მოედანი“ და „მოგზაურობა სასიტყვეთში“.

გივი ალხაზიშვილი - პოეტი

„მახსოვხარ, ახლაც შენთან ღამდება

და გათენებაც შენთან იწყება,

რას ვიფიქრებდი, რომ ეს სიცოცხლე

არ ეყოფოდა შენს დავიწყებას“...

გივი ალხაზიშვილი 4 აგვისტოს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი წიგნები 1972 წლიდან იბეჭდებოდა, მაგრამ თავად საეტაპო გამოცემად მაინც 1981 წელს დასტამბული „დიალოგი ფიქრში“ მიაჩნდა. შემდგომ იყო „სინათლე წვეთში“ 1995 წელს; „გამოსვლა უდროობიდან“ - 1998 წელს; „ჩაბრუნებული მზერა“ - 2010; ეპისტოლეთა წიგნი“ - 2012 წელს; „შენ ცოცხლობ ჩემში“- 2013 წელს; „უცნობი მზე“; „ორი სინამდვილის ზღვარზე“ - 2014 წელს და 2006 წელს გამოსული „ქორონიკონი“.

„ადამიანის დანიშნულებაზე უამრავჯერ მიფიქრია, თუმცა არ ჩამომიწერია პუნქტებად, რადგან ოჯახმა, გარემოცვამ, აღზრდამ, სკოლამ და უნივერსიტეტმა თითქმის ყველაფერი მომცა, რითიც უნდა აღიჭურვოს ადამიანი, მაგრამ მხოლოდ ეს არ ყოფილა საკმარისი და ვიდრე თვითონ არ აღმოვაჩინე, რა არის ჩემთვის მთავარი ამ სოფელში, მანამდე ვერ ვხვდებოდი... „მე კი არ ვცოცხლობ, ქრისტე ცოცხლობს ჩემში“ - ეს პავლე მოციქულის სიტყვებია და ამის აღმოჩენა იყო ჩემთვის მთავარი და ვერ ვიტყვი, რომ აღმოჩენის მერე განელდა ჟინი, რადგან მე დღემდე ვეძებ იმ სამოთხეს, რომელიც ჩემში მხოლოდ მძლავრი ნოსტალგიის მოუხელთებელ ანარეკლად შემორჩა და მუდამ თანმდევია ის, რაც აღარ არის და ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ თავს გვახსენებს ის, რომლის ნაკვალევი მძაფრად აღბეჭდილია ჩვენს სულში „და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულები ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისგან (2 კორ.)“, - წერდა გივი ალხაზიშვილი.

რეზო გაბრიაძე - მწერალი და სცენარისტი

„გაბრიაძე პატარის პერსპექტივიდან იყურება, მაგრამ მასთან პატარა ადამიანი საწყალი არ არის. ის მაინც პოულობს ცხოვრებაში რაღაც ისეთს, რაც ამ ცხოვრების მიღების საშუალებას მისცემს. აგული ერისთავი ამის ნათელი მაგალითია, ადამიანმა გამოფენა შექმნა სასაფლაოზე.

რეზო გაბრიაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
რეზო გაბრიაძე უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.

ქართულ კულტურაში გვყავს პიროვნებები, რომლებიც სრულიად არაკონვენციური გზით მიდიოდნენ. ფიროსმანი იყო ასეთი, ვაჟა-ფშაველა... გაბრიაძეც, გარკვეულწილად, ასეთია. მისი იუმორი არის ის, რასაც მამარდაშვილმა უკანონო სიხარულის ნიჭი დაარქვა, როცა, მიუხედავად სამყაროსა და ყოფის ტრაგიზმისა, ადამიანი ეთანხმება, იღებს სიცოცხლეს. ღვარძლიანი და სენტიმენტალური კი არ ხდება, არამედ პოულობს რაღაც ისეთს, რაც სიკეთეს გამოხატავს. მის პერსონაჟებს აქვთ ისეთი თვისებები, რომლებიც ზღაპრის გმირებს ახასიათებთ. ეს არის მოუხელთებლობის, ხუთკუნჭულობისა და ნაცარქექიობის შიგნიდან მომდინარე სიკეთე, რომელიც სანთლით საძებარია დღევანდელ კულტურაში“, - ამბობს ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი რეზო გაბრიაძის შემოქმედებაზე.

რეზო გაბრიაძე 1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ის ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი... არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებითაა გადაღებული: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“.

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მარინა ჯანაშია - მსახიობი

71 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი მარინა ჯანაშია. მას რუსთაველის, მარჯანიშვილის და სხვა ქართულ თეატრებში ათეულობით როლი აქვს შესრულებული, მათ შორის, შექსპირის, მოლიერის, მიხეილ ჯავახიშვილის და თანამედროვე ქართველი დრამატურგების ნაწარმოებებზე შექმნილ სპექტაკლებში. მარინა ჯანაშიამ კინოში ბოლო როლი 2013 წელს შეასრულა, ნანა ექვთიმიშვილის ფილმში „გრძელი ნათელი დღეები“.

„ეჰ, ჩემო კუკარაჩა, დანამდვილებით არავინ იცის რა არის სული. სული მე მაინც ზღაპრული ჯინივით ბოთლში გამომწყვდეული ადამიანის ფიქრი და ოცნება მგონია, რომელიც თავისი გაჩენის დღიდან თავისუფლებას ელოდება“, - ამბობს ანიკო ფილმში „კუკარაჩა“. ანიკოს როლს მარინა ჯანაშია ასრულებს.

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ჯარჯი ფხოველი - პოეტი

ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი) დუშეთის რაიონის სოფელი არახიჯაში დაიბადა, 1943 წლის 18 ოქტომბერს. ის ვერლიბრის ერთ-ერთი ოსტატი იყო, სიტყვასთან მუშაობდა და იცოდა, რომ „სიტყვა ხელს შემოგიბრუნებს“: სიტყვა ხელს შემოგიბრუნებს: იმისი მზერის პირბასრ ხანჯლებს თვალებით დაეხევი... სიტყვა აგიჯანყდება: თავის მწარე ხვედრს მხრებიდან გადაიგდებს... თავის ნაღველს, ათასწლობით რომ აგროვა, შენს ფურცელზე ამოაზიდვებს... შენს ძველისძველ და ბრმა სურვილს აუხირდება: შენს სისხლს დალევს ამ ბნელ მინდორზე და დაგმარხავს ფოთლებთან და მიწასთან და დრო-ჟამთან ერთად... და მწვანე ხავსის ფარდაგს მოქსოვს შენს სამარეზე...“

ჯარჯი ფხოველი ავტორია პოეტური კრებულებისა „100 ლექსი“, „შავი რვეული“, „ფურცლები“, „დილის არაყი“, „ჩაძირული არქიპელაგია“... მისი უკანასკნელი პოეტური კრებული „უდაბნოს წიგნი“ 2013 წელს დაიბეჭდა. „ეს არის ჩემი ბოლო წიგნი: ჩემი წამისოფლის ბოლოკუდა...“ - ასეთი წინათქმა წაუძღვანა ამ წიგნს ავტორმა.

ჯარჯი ფხოველი 27 მაისს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა ხოტივარი - კინორეჟისორი

„ჩირიკი და ჩიკოტელა“ ძველი ქართული ფილმია, ბუბა ხოტივარის გადაღებული. ზუსტად ისეთი, როგორსაც მხოლოდ იმ ეპოქაში იღებდნენ - სასაცილო, სადღაც კი სევდიანიც.

აივანზე კაცი გიტარით ზის, ბავშვებისთვის მღერის და გასამრჯელოდ კვერცხებს იღებს, ქართული სიმღერა ერთი კვერცხი ღირს, რუსული - ორი. „რათა?“ - კითხულობს პატარა და მაინც ერთ კვერცხს უწვდის - „აჰა, ეს ქართულისა.“ ამ დროს კიბეზე მეზობელი ამოდის ერეკლე მეორის სიგელ-გუჯაბით: „ეჰეი, გიტარა-მაიორო, კიდევ კარგი სახლში გდებულა. ვიპოვე ყველაფერი, აქა წერია ჩემი ნამდვილი მიჯნა და საზღვარი... წამამყე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავთხარო თვალები ჩირიკსა, შენი ჭირიმე...“

ბუბა (რამაზ) ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ კინორეჟისორად. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: „ისლამი საქართველოში“, „ლეხაიმ!“, „მარკოზის სახარება“, „ლაზარეს თავგადასავალი“ (ქართლოს ხოტივართან ერთად), „დიმიტრი II“, „ჩირიკი და ჩიკოტელა“.

ბუბა ხოტივარი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძე - მსახიობი

„ზოგიერთების გულის გასახეთქად ძალიან კარგადაც გამოვიყურები, ძალიან ლამაზიც ვარ, ყველაფერი ადგილზე მაქვს, თანაც ჯანმრთელი და ასე იქნება ყოველთვის და მუდამ, უკუნითი უკუნისამდე“, - ამბობს კახი კავსაძე „ბებერ ჯამბაზებში“.

კახი კავსაძის გასვენება
კახი კავსაძის გასვენება

კახი კავსაძე 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. მას როგორც თეატრში, ასევე კინოში უამრავი როლი აქვს ნათამაშევი, რომელთაგან გამორჩეულია: ადამი („ღვთაებრივი კომედია“), თავადი კოწია („გუშინდელნი“), დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონო“), სიმონ ჩაჩავა(„კავკასიური ცარცის წრე“), ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კენტი („მეფე ლირი“), რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“). კინოში მისი დებიუტი შედგა 50–იანი წლებიდან. კახი კავსაძე 70-ზე მეტ მხატვრულ, დოკუმენტურ, მოკლე და სრულმეტრაჟიან ფილმშია გადაღებული.

კახი კავსაძეს 2020 წლის 28 ნოემბერს COVID-19 დაუდასტურდა. იგი თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობით მკურნალობდა. გარდაიცვალა 27 აპრილს, 85 წლისა. ოჯახის გადაწყვეტილებით, კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის, ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს.

ანზორ ერქომაიშვილი - მუსიკოსი

31 მარტს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა მუსიკოსი, ფოლკლორისტი, ანსამბლების „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი.

ანზორ ერქომაიშვილმა 1972 წლიდან მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არქივში (მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, კრასნოგორსკი, რიგა, თბილისი) მიაკვლია ქართული ხალხური სიმღერის 500-ზე მეტ ფონოგრამას, შესრულებულს 1907-დან 1930 წლამდე. მათი რესტავრაციის შემდეგ ფირმა „მელოდიაში“ გამოსცა 5 ფირფიტა გამოკვლევებითურთ; 1992 წელს ლონდონის მუსიკალურ არქივში მიაკვლია 1902–1914 წწ. ინგლისური ფირმების მიერ გრამფირფიტებზე ჩაწერილ 127 ქართულ ხალხურ სიმღერას; აქვე აღმოაჩინა ვ. სარაჯიშვილის ჩანაწერების მატრიცები (დედნები), რომელთა მეშვეობითაც (ნ. ანდღულაძის მონაწილეობით) მოხერხდა მომღერლის პირვანდელი სრულყოფილი ხმის აღდგენა.

ანზორ ერქომაიშვილმა უცხოური ფირმებისათვის ჩაწერა 300-ზე მეტი ქართული ხალხური სიმღერა, რომლებიც კომპაქტური დისკების სახით ვრცელდება მთელ მსოფლიოში.

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

თემურ წიკლაური - მუსიკოსი

75 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლის „ივერია“ სოლისტი თემურ წიკლაური.

ფიროსმანი, აიეტი - „არგონავტებიდან“, არწივი -„ჩხიკვთა ქორწილში“ და კიდევ უამრავი სიმღერა, რომლებსაც თემურ წიკლაური მარტო თუ „ივერიასთან“ ერთად ასრულებდა... ის იყო საქართველოს სახალხო არტისტი და ღირსების ორდენის კავალერი. 2014 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.

ჯემალ ჭკუასელი - მუსიკოსი

„ერისიონის“ მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ცნობილი მომღერლის, შერმადინ ჭკუასელის ოჯახში იყო დაბადებული. ქართული ფოლკლორი მამამ შეაყვარა. 1976 წლიდან ჯემალ ჭკუასელი საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სოლისტ-მომღერალი იყო, ხოლო 1979 წელს ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1986 წლიდან ჯემალ ჭკუასელი ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. ანსამბლს 1999 წლიდან „ერისიონი“ ეწოდა და დღეს მოღვაწეობას ამ სახელით აგრძელებს.

ზურაბ რთველიაშვილი - პოეტი

54 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოეტი და პერფორმერი ზურაბ რთველიაშვილი. მწერალი რამდენიმე თვის განმავლობაში მძიმე ონკოლოგიურ სენს ებრძოდა. ზურაბ რთველიაშვილს ახასიათებდა ლექსების კითხვის განსაკუთრებული მანერა, ის ხშირად აწყობდა პერფორმანსებს. 2018 წლის „საბას“ დაჯილდოებაზე მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.

„როცა კულტურა თვლემს,

ეს კოლაფსია ლექსის,

ვაჟღერებ ყელში ხემსსს

გახურებული ნემსით,

როდესაც ეს ხმა ცვლისსს

გარშემო ყველა წესსს -

ტემბრრრრრბი ტააატით ხრის,

დამორჩილებულ ლექსსს,

ხმალივით წივის ხმაააა -

დაეძებს ხორრრხში ხემსსს,

კულტურა არის ზღღღღვა!

ფსკერზე ზვიგენი თვლემსსს

(თვლემსსს)

(თვლემსსს)

(თვლემსსს)“

გელა ჩარკვიანი - დიპლომატი, მწერალი

82 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი გელა ჩარკვიანი. 1992-2003 წლებში ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, ხოლო 2006 წლიდან 2011 წლის სექტემბრამდე საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

გელა ჩარკვიანის გასვენება
გელა ჩარკვიანის გასვენება

გელა ჩარკვიანი 1939 წელს, თბილისში, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანისა და თამარ ჯაოშვილის ოჯახში დაიბადა. ის ასევე იყო მომღერლისა და კომპოზიტორის ირაკლი ჩარკვიანის მამა.

გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, სოციალურ ქსელ ფეისბუკში, სადაც ხშირად აქვეყნებდა ხოლმე ფრაგმენტებს თავისი წიგნებიდან, გელა ჩარკვიანმა ახალგაზრდებს მიმართა:

„ჩვენი ახალგაზრდები ფხიზლად უნდა იყვნენ, იმისათვის რომ არ დაკარგონ ჩვენი ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფალი საზოგადოება. ისეთი არავინ უნდა წამოისკუპონ თავზე, ვინც შეძლებს საქართველო ისევ შეათრიოს სადღაც და ამ გზით გააუქმოს ქვეყნის სუვერენიტეტი. ფხიზლად უნდა იყვნენ, მაგრამ, იმისთვის, რომ არ მოტყუვდნენ, უნდა იყვნენ განათლებულები. პოლიტიკოსები იოლად ატყუებენ მათ, ვინც საკმარისად განათლებული არ არის. უნდა იკითხონ რაც შეიძლება მეტი და თავის პროფესიულ ლიტერატურასთან ერთად, ვურჩევდი, კარგად შეისწავლონ ისტორია და პოლიტიკური ფილოსოფია. უნდა იცოდნენ სახელმწიფოს მოწყობის მოდელები და ის, თუ როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია. ასე გამოუმუშავდებათ იმუნიტეტი ყოველგვარი სოციალური თუ სხვა ტიპის დემაგოგიის წინააღმდეგ. ამგვარად ჩვენ არა მარტო შევინარჩუნებთ ჩვენს მონაპოვარს, არამედ გავზრდით და განვავითარებთ მას“.

დათა ვანიშვილი, 2018 წელი
დათა ვანიშვილი, 2018 წელი

დათა ვანიშვილი - ოკუპაციის სიმბოლო

19 მარტს სოფელ ხურვალეთში გარდაიცვალა საოკუპაციო ხაზის მიღმა დარჩენილი, 88 წლის დათა ვანიშვილი.

დათა ვანიშვილი ოკუპაციისა შედეგებისა და გამძლეობის სიმბოლოდ იქცა მას შემდეგ, რაც 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ადგილზე ხედავდნენ ბორდერიზაციის გამო გაყოფილ ოჯახებს, ნათესავებს და მიტაცებულ ტერიტორიებს. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, დათა ვანიშვილი არ დათანხმდა მიეღო სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა და არც საცხოვრებელი ადგილი დაუტოვებია.

ლევან ცუცქირიძე - მხატვარი

16 ნოემბერს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მხატვარი ლევან ცუცქირიძე.

ლევან ცუცქირიძის „ვეფხი და მოყმე“
ლევან ცუცქირიძის „ვეფხი და მოყმე“

ლევან ცუცქირიძე არის ილუსტრატორი წიგნებისა: „ვეფხისტყაოსანი“, „შუშანიკის წამება“, „სადღეგრძელო“ (გრ. ორბელიანი), ვაჟა-ფშაველას 5 პოემა, „ფაუსტი“ (გოეთე) და სხვ. 1980-იანი წლების დამლევს ცუცქირიძემ მოხატა თბილისის სიონის საკათედრო ტაძარი. 1998 წელს გამოიცა მის მიერ დასურათებული „წმინდა ოთხთავი“. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში და არაერთ კერძო კოლექციაში.

ამირან ქადეიშვილი - მსახიობი

„გახსოვს, ხირხალ“?.. შუაღამისას ქეთოსთან გადმოსული მამაკაცი, ხელში გოგრით - ასეთი დაამახსოვრდა მაყურებელს ამირან ქადეიშვილი, რომელმაც ფილმში, „სიყვარული ყველას უნდა“, ხირხალა ითამაშა.

ამირან ქადეიშვილი ფილმში: „სიყვარული ყველას უნდა“.
ამირან ქადეიშვილი ფილმში: „სიყვარული ყველას უნდა“.

კინოში მუშაობა მსახიობმა 1970 წლიდან დაიწყო, შესრულებული აქვს როლები: კვეგვე ტარბა („მთვარის მოტაცება“), ჭოლა („პირველი მერცხალი“), ნიკო ("გაქცევა გათენებისას", ს. დოლიძე, 1975), ერმილე მამალაძე („მევლუდი), „თბილისი, პარიზი, თბილისი“ (ლ. აბაშიძე, 1980)...

გარდაიცვალა 6 ოქტომბერს, 85 წლისა.

თამაზ გამყრელიძე - ენათმეცნიერი

92 წლის ასაკში გარდაიცვალა ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე.

თამაზ გამყრელიძის ნაშრომებიდან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“, რომელშიც აღდგენილია საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ძირითადი სტრუქტურული მოდელები. ასევე მსოფლიო ინდოევროპეისტიკის უმნიშვნელოვანეს ნაშრომთა შორისაა ვიაჩესლავ ივანოვთან თანაავტორობით დაწერილი მისი ფუნდამენტური გამოკვლევა „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები“.

თამაზ გამყრელიძე იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, ასევე საქართველოს პარლამენტის რამდენიმე მოწვევის დეპუტატი.

დიმიტრი ერისთავი - მხატვარი

სამი მოკლეკაბიანი გოგონა ლურჯ ფონზე კლასობანას თამაშობს, კედელთან იების გამყიდველი ბიჭი ატუზულა, ქალიშვილები გამჭვირვალე კაბებში ქუჩაში მიდიან, გარშემო ზაფხულია, სითბო, ცისფერი შუქი.

დიმიტრი ერისთავის „კლასობანა“
დიმიტრი ერისთავის „კლასობანა“

დიმიტრი ერისთავი იყო დამდგმელი მხატვარი ფილმებისა: „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „გიორგობის თვე“, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“. ავტორია ილუსტრაციებისა: „დიმიტრი ერისთავი - 100 რეპროდუქცია“, „ჰამლეტი“, „ქართული ხალხური ზღაპრები“, „100 ქართველი და 100 ეპიზოდი“.

დიმიტრი ერისთავი 5 აგვისტოს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დავით ხახალეიშვილი - სპორტსმენი

ბარსელონის ოლიმპიური თამაშების და ევროპის სამგზის ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 11 იანვარს მინსკში გარდაიცვალა. ის 49 წლის იყო.

საქართველოს დამოუკიდებლობამდე ის იყო სსრკ ხალხთა X სპარტაკიადის (1991) და საბჭოთა კავშირის (1991) ჩემპიონი ძიუდოში.

„ნეტავ ოცი წლით გვიან დავბადებულიყავი! ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. ძალიან ცუდ პერიოდში მომიხდა ჭიდაობა და ბევრად ნაკლებს მივაღწიე, ვიდრე უნდა მიმეღწია“, - ამბობდა დავით ხახალეიშვილი.

ნუგზარ ზაზანაშვილი - პოეტი, გარემოს დამცველი

64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი.

ნუგზარ ზაზანაშვილი არის მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი. ასევე გამოცემული აქვს წიგნები: „ასეთი დროა“, „გაუგზავნელი წერილებიდან“, „ცის“, „მექანიკური როიალი“. მისი უკანასკნელი პოეტური კრებული „წავა წავა წავა“ 2021 წელს „საბათი“ დაჯილდოვდა.

„რა გინდ გადაგხდეთ,

რა გინდ შეგემთხვეთ

მორთეთ ნაძვის ხე,

საახალწლო ნაძვის ხე მორთეთ…

აიღეთ ფერადი ბურთები,

ვარსკვლავები,

ჩიტები

და მორთეთ ნაძვის ხე…

და ზედმეტ კითხვებს ნუ დაუსვამთ

ნურც სხვას

და ნურც საკუთარ თავს…

უბრალოდ მორთეთ მწვანე ტოტი,

ერთი, პატარა, საახალწლო

მწვანე ტოტი მორთეთ…“

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG