Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: ამ პარლამენტში მეორედ გავხდით სავარძლიდან არასწორად ადგომის მოწმენი


პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი, ქვეყნის მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საპარლამენტო სუვერენიტეტის დაკნინებად და სახელმწიფოებრიობისთვის ძირის გამოთხრად აფასებს იმ ფორმას, რომელსაც „ქართული ოცნება“ იყენებს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეთა შეცვლისას.

ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს, 29 დეკემბერს განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ახალ თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილის არჩევამდე:

"ძალიან ღრმად მჯერა, რომ ამ ინსტიტუტის და ამ ინსტიტუტთან ერთად საქართველოს სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფა და შებღალვა აი, იმ სკამში მხოლოდ ვინმე გავრილოვის ჩაჯდომით, თუ შემთხვევით მოხვედრით არ ხდება. იგივე ზიანი ადგება ამ ინსტიტუტს და შესაბამისად, ჩვენს სახელმწიფოს ამ სკამიდან სწორად დამჯდარი ადამიანების არასწორად ადგომით“.

როგორც დავით უსუფაშვილმა თქვა, დეპუტატები და საზოგადოება სულ რაღაც ექვსი თვის განმავლობაში მეორედ გახდნენ პარლამენტის სავარძლიდან „არასწორად ადგომის“ მოწმენი იმ ადამიანის, რომელსაც ევალება არა პოლიტიკური გუნდის დღის წესრიგის განხორციელება, არამედ საქართველოს სახელმწიფოს თანამეთაურობა:

„რომელიც ამ სავარძელში ჩაჯდომით აღარ არის ინდივიდი, ადამიანი, ოჯახის წევრი, მეგობარი, პოლიტიკური გუნდის წევრი. ის ხდება სახელმწიფო კაცი და სახელმწიფო ქალი და შესაბამისად, არა მარტო ამ სავარძელში ჯდომისას უნდა იქცეოდეს სახელმწიფო კაცის და სახელმწიფო ქალის დარად, არამედ იქიდან ადგომისასაც“.

უსუფაშვილმა სამწუხარო უწოდა იმას, რომ მისთვის პიროვნულად პატივსაცემ და კვალიფიციურ ორ ყოფილ თავმჯდომარეს „ასე არასწორად მოუწია აქედან ადგომა და ამით ზიანი მიაყენა ქვეყანას, ინსტიტუტს და ხვალინდელ დღეს“. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ამით კნინდება საპარლამენტო სუვერენიტეტი, პარლამენტის დანიშნულება და როლი და ძირი ეთხრება სახელმწიფოებრიობას:

„როგორ შეიძლება პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ოპოზიციის წარმომადგენლების მადლობაც კი მიიღო გაწეული საქმიანობისთვის, დღეს აქ დარბაზში არ იყოს და ყველას ჩვენ ერთად და მოსახლეობას არ გვეუბნებოდეს რაშია საქმე, სად წავიდა, რატომ წავიდა, სად არის ის უფრო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც მან უნდა გააკეთოს? ან მისი წინამორბედი, რომელმაც იმ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნაში მონაწილეობა მიიღო, ხელი მოაწერა და აქ გვითხრა, რომ ჩემი ვალი შევასრულე და ეხლა წავედიო... ხალხო, ვის სჯერა ეს ამბავი და ვინმეს უმრავლესობიდან გგონიათ, რომ ვინმეს უმცირესობაში სჯერა ან თავად გჯერათ ეს ყველაფერი?!“

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე გამოსვლისას ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ კახა კუჭავა თბილისში არ იმყოფება, მან თავმჯდომარეობასთან ერთად პარლამენტიც დატოვა და ამიტომ, სწორად არ მიაჩნია იმაზე მითითება, რატომ არ არის ის დღეს პარლამენტის დარბაზში.

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ 2021 წლის 27 აპრილს არჩეულმა კახა კუჭავამ თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა, თუმცა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრად რჩება. კუჭავამ უარი თქვა პარლამენტის წევრის მანდატზეც. კახა კუჭავას გადადგომის გადაწყვეტილება 24 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე პირველმა გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. მან და შემდეგ კუჭავამაც გადაწყვეტილება დაუკავშირეს ჯერჯერობით უცნობ, „მნიშვნელოვან პროექტს“, რომელზეც კახა კუჭავამ უნდა იმუშაოს.

2021 წლის აპრილში, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შეცვალა არჩილ თალაკვაძე. მან გადადგომის გადაწყვეტილება 24 აპრილს გამოაცხადა. თალაკვაძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი მონაწილეობით, შეთანხმებით დასრულდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროცესი, ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში მუშაობას დათანხმდა და როცა პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია უკვე ჰყავთ, მისი ადგილი დარბაზშია და არა სპიკერის როლში.

2020 წლის ოქტომბერში არჩეულ პარლამენტს, სადაც უმრავლესობა ისევ "ქართულ ოცნებას" აქვს, ბოლო ერთ წელიწადში უკვე მესამე თავმჯდომარე ჰყავს. დღეს, 29 დეკემბერს, 88 ხმით 1-ის წინააღმდეგ, პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს შალვა პაპუაშვილი, რომელიც მანამდე განათლების და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG