Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხერხეულიძე: ერთი სიტყვით რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი


ეკა ხერხეულიძე
ეკა ხერხეულიძე

გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ილაპარაკა „მთავარი არხის" ეთერში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ.

„ერთი სიტყვით, რომ შევაფასოთ, მიხეილ სააკაშვილი არის დავრდომილი ადამიანი. თუ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი ასე გამოიყურებოდეს. მე, როდესაც შევედი, იწვა და მითხრა, რომ ვერ დგება, მაგრამ ვთხოვე, მეც მივეხმარე და სავარძლისკენ გადმოჯდა, - აღნიშნა დეპუტატმა და დაამატა, - წარმოუდგენელ მდგომარეობაშია. ხელების კანკალი, თავბრუსხვევა, გულისრევა, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა“.

როგორც ხერხეულიძე ამბობს, სააკაშვილი ელოდება დაუყოვნებლივ ექიმების შესვლას. „ადამიანი არ მიშვებდა, მითხრა, არ ვიცი, აქ მარტო, როგორ გავძლებო და ვერც გაგაგებინებთ, როგორ ვიქნებიო“, - შენიშნა მან.

ეკა ხერხეულიძემ ილაპარაკა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მცდელობის შესახებაც.

„ადამიანმა დეტალურად მიამბო, რომ მწოლიარეს ექვსი კაცი თავზე დაახტა. ჯანმრთელობის ამ მდგომარეობაში მყოფს უთხრეს, რომ უნდა მოეხსნა საათი. მან მითხრა: „აბა, სცადეთო, ვუთხარიო“ - ვერ მივხვდიო, ასეთი ფორმით რატომ შემოვარდნენო, მაშინ თქვესო: „რამდენს ბედავს, დაადეთ, ბორკილებიო“. ხელები გაუკავეს, იყო ჭიდაობა, მანამდე ჰოლში ჭიდაობა“, - თქვა ხერხეულიძემ. დეპუტატის თქმით, სააკაშვილი მოითხოვს ამ კადრების გასაჯაროებას.

ეკა ხერხეულიძემ ასევე თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფანჯარა აუჭედეს და მის ოთახში მზის სხივი არ შედის.

გარდა ამისა, როგორც პარლამენტი წევრმა აღნიშნა, სააკაშვილმა თქვა, რომ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ მკურნალ ექიმთან, ნინო გოგორიშვილთან გამოკითხვა მის თვალწინ ჩაატარა.

„თუ ყველაფერი ისე წავიდა, რომ მე ადვოკატებთან, ექიმებთან და ახლობლებთან შეხვედრის შესაძლებლობა, მე სადაც არ უნდა ვიყო, დავიწყებ შიმშილობას. მითხრა, რომ დღეს ერთი ვაშლი მაქვს ნაჭამიო“, - თქვა მან.

დეპუტატი აცხადებს, რომ სააკაშვილი თვალებს ვეღარ აბრუნებს და ამასთან, ვერ შეძლო ხელის ცხვირთან მიტანა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება 27 დეკემბერს გადაწყვიტა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს, ჯერ პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის მინისტრმა, შემდეგ კი გორის სამხედრო ჰოსპიტალმა განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის დასრულების საფუძველზე, მისი გაწერის გადაწყვეტილება ჰოსპიტალმა მიიღო, რასაც მოჰყვა სააკაშვილის აღელვება და არტერიული წნევის მატება, ამიტომ კლინიკაში დატოვეს.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უარყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას ცდილობდნენ. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინისტრი ცრუობს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ჰოსპიტლის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უარყო, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილის ძალით გადაყვანას ცდილობდნენ. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი ადვოკატი, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მინისტრი ცრუობს და მოითხოვს, საჯარო გახდეს ჰოსპიტლის ვიდეოკამერების ჩანაწერები.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.

2018 წელს საქართველოს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დაუსწრებლად გაასამართლა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გამო მსჯავრდებულთა შეწყალების და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი ორივე საქმეზე დამნაშავედ ცნო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ბოროტად გამოყენებაში. მას 6 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.

ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის კიდევ რამდენიმე საქმე, მათ შორის 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის გამო უფლებამოსილების გადამეტების, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებებით. მიხეილ სააკაშვილი ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

XS
SM
MD
LG