პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია „ფეისბუკის" გვერდზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.
„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება - უცნობია. მისი მდგომარეობა - უცნობია", - აღნიშნავს გვარამია.
რადიო თავისუფლება ცდილობს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურთან დაკავშირებას.
ბოლოს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი. „როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი. თავად პაციენტი რასაც ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამ დროისთვის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ექიმ ნევროლოგთან კონსულტაციას", - თქვა ბრაჭველმა.
27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.
28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 19 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.
დაწერეთ კომენტარი