Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქმენეთში თვითნაკეთი პეტარდის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა


თურქმენეთში, სადაც აკრძალულია პეტარდების გაყიდვა, ახალი წლის აღსანიშნავად, ბავშვები და მოზარდები თვითონ ამზადებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.
თურქმენეთში, სადაც აკრძალულია პეტარდების გაყიდვა, ახალი წლის აღსანიშნავად, ბავშვები და მოზარდები თვითონ ამზადებენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.

თურქმენეთის ლებაპის ვილაიათის ჩარჯევის ეტრაპში ახალი წლის ღამეს თვითნაკეთი პეტარდის აფეთქებას ემსხვერპლა ოთხი ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 30-ზე მეტს აღწევს.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის წყაროების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა დამზადებული იყო ავტომობილის ამორტიზატორის დგუშისგან, რომელშიც ჩადებული იყო აზოტით დამუშავებული ქაღალდი.

ძლიერი აფეთქება მოხდა 1 იანვარს სოფელ გუნშულარში, სკოლის შენობის გვერდით, სადაც საახალწლო ნაძვის ხე იდგა. სოფლის მცხოვრებლები ახალი წლის მოსვლას აღნიშნავდნენ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით.

ცნობით, სამი იანვრის დილის მონაცემებით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ოთხს მიაღწია. მათ შორის არიან 14 წლის ორი მოზარდი, ასევე 10 წლის ბიჭი და 40 წლის კაცი.

სულ მცირე ერთმა ბავშვმა აფეთქების დროს დაკარგა მკლავი, ხოლო 40 წლის კაცმა - ფეხი.

ადგილობრივ საავადმყოფოში მიიყვანეს სერიოზულად დაშავებული 36 ადამიანი.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ათეულობით ადამიანი. ისინი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით აპირებდნენ ახალი წლის აღნიშვნას და ჩანს, არ მოელოდნენ, რომ აფეთქება ასეთი ძლიერი იქნებოდა.

აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. დაკავებულია ოთხი პირი, მათ შორის მოწყობილობის დამზადებაში ეჭვმიტანილი ადგილობრივი შემდუღებელი.

წყაროს თანახმად, აფეთქების შემდეგ, მალევე, ჩარჯევში გამორთეს ინტერნეტი, ხოლო მიმდებარე არეალებში მისი მუშაობა შენელდა. წყარო ვარაუდობს, რომ ეს გაკეთდა ინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით.

თურქმენეთში აკრძალულია პეტარდების და მაშხალების გაყიდვა და ახალი წლის წინ ბავშვები და დიდები თვითონ ამზადებენ ხოლმე მათ. ახალ წლამდე სკოლებში ბავშვებს უტარებენ საუბრებს ხიფათის და პასუხისმგებლობის შესახებ, რომლებიც უკავშირდება თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობებს.

XS
SM
MD
LG