Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა დამალეს 2021 წელს მოსამართლეებმა, დეპუტატებმა, მინისტრებმა


2021 წელს 300-ზე მეტი საჯარო მოხელიდან ოჯახის, ქონებისა და საბანკო გადარიცხვების შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად მხოლოდ 130-მა შეავსო. დანარჩენმა 173-მა საჯარო მოხელემ, - მათ შორის, პარლამენტის წევრებმა, მოსამართლეებმა და მინისტრების მოადგილეებმა - ინფორმაციის ნაწილი, ნებსით თუ უნებლიეთ, დამალა.

გასული წლის კვლევის შედეგები საჯარო სამსახურის ბიურომ გამოაქვეყნა.

მონიტორინგის შედეგები ციფრებში:

  • 130 - სრულყოფილად შევსებული დეკლარაცია;
  • 133 - საჯარო მოხელე, ვისაც ჯარიმა დაეკისრა;
  • 32 - გააფრთხილება;
  • 7 - შეწყვეტილი წარმოება;
  • 1 - პროკურატურაში გადაგზავნილი დეკლარაცია.

გარდა ამისა, შეამოწმეს საიდუმლო თანამდებობებზე დანიშნული საჯარო მოხელეების დეკლარაციები, რომელთა შესახებ კანონი კონფიდენციალობის გარანტიას იძლევა. 25 დეკლარაციიდან სრულყოფილად შევსებული იყო 8, 14 თანამდებობის პირი დაჯარიმდა, 2 - გააფრთხილეს, წარმოება შეწყდა 1 შემთხვევაში.

საჯარო სამსახურის ბიურო შესამოწმებელ თანამდებობის პირებს ორი პრინციპით არჩევს: შემთხვევითი შერჩევით ან მიღებული დასაბუთებული განცხადების საფუძველზე, რომლითაც, როგორც წესი, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ ხოლმე.

2021 წელს დეკლარაციის შევსების ვალდებულება 5640 ადამიანს ჰქონდა. მათგან შემთხვევითი შერჩევით შეირჩა 282, დანარჩენი 21 კი - უწყებისთვის მიმართული განაცხადებიდან.

მოსამართლეები

გასულ წელს საჯარო სამსახურის ბიურომ საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს 21 მოსამართლის დეკლარაცია შეამოწმა. არასწორად შევსებული მონაცემების გამო მათგან 4 მოსამართლე დააჯარიმეს, 5 კი გააფრთხილეს. დაჯარიმებულმა მოსამართლეებმა დეკლარაციაში მოძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების, სესხის ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ არ მიუთითეს სწორი ინფორმაცია.

​დეპუტატები

​გასულ წელს შეამოწმეს 12 (მოქმედი და ყოფილი) დეპუტატის დეკლარაცია. არასწორად შევსებული მონაცემების გამო მათგან 5 დააჯარიმეს. მოქმედმა და ყოფილმა დეპუტატებმა დეკლარაციაში არ ჩაწერეს ოჯახის წევრების, უძრავი ქონების, საბანკო ანგარიშების, ნაღდი ფულის, მოძრავი ქონების ან სესხის შესახებ ინფორმაცია.

რადიო თავისუფლება ცდილობდა მოქმედ დეპუტატებთან, რატი იონათამიშვილსა და ავთანდილ ენუქიძესთან დაკავშირებას. იონათამიშვილმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, ენუქიძემ კი თქვა, რომ 1268 ლარით დააჯარიმეს. მისი თქმით, დაჯარიმების მიზეზად მხოლოდ ის უთხრეს, რომ არ ჰქონდა ცოლის საბანკო მონაცემები მითითებული.

"იქ [ანგარიშში] რა მიუთითეს, არაფერი ვიცი... როცა ვავსებდი, ერთი ათი დღე ველაპარაკებოდი [საჯარო სამსახურის ბიუროში], ყველაფერი კარგად არისო, მითხრეს, ავდექი და ჩავაბარე", - უთხრა ავთანდილ ენუქიძემ რადიო თავისუფლებას.

მინისტრები და მინისტრის მოადგილეები​

საჯარო სამსახურის ბიურომ ჯამში ხუთი მინისტრი და მოადგილე შეამოწმა 2021 წელს. მათგან ორი დააჯარიმეს, ერთი კი გააფრთხილეს. არასწორად ჰქონდათ დეკლარაცია შევსებული თავდაცვის მინისტრს და კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს. მათ დეკლარაციებში არ იყო მითითებული: ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშები ან ოჯახის წევრის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია.

სხვა საჯარო მოხელეები

​რეალურ ​და დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებს შორის განსხვავება აღმოაჩინეს სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაშიც. მათ შორის იყვნენ:

  • სსიპ-ების ხელმძღვანელი პირები - 22 (13 დადებითი, 5 ჯარიმა, 1 გაფრთხილება, 3 შეწყდა);
  • სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირების ხელმძღვანელი პირები - 15 (4 დადებითი, 1 გაფრთხილება, 9 ჯარიმა, 1 შეწყდა);
  • მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირები - 109 (37 დადებითი, 15 გაფრთხილება, 57 ჯარიმა);
  • აღმასრულებელი ხელისუფლების და სხვა თანამდებობის პირები - 117 (53 დადებითი, 52 ჯარიმა, 9 გაფრთხილება, 3 შეწყდა).

მოქმედი კანონმდებლობით, დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის საჯარო მოხელე ჯარიმდება ხელფასის 20 პროცენტით, მაგრამ არანაკლებ 500 ლარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG