Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩი შობას ატარებს მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში, სადაც ის სასამართლოს ელოდება


ნოვაკ ჯოკოვიჩი
ნოვაკ ჯოკოვიჩი

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი, მართლმადიდებელ შობას ატარებს მელბურნის საიმიგრაციო ცენტრში, სადაც ავსტრალიაში მისი შეშვების თაობაზე სასამართლო პროცესს ელოდება.

ავსტრალიის სასაზღვრო დაცვამ ხუთშაბათს დააკავა სერბი ჩოგბურთელი, რომელიც ქვეყანაში ჩავიდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

ჯოკოვიჩი და მისი თანამემამულე სერბების უდიდესი ნაწილი 7 იანვარს აღნიშნავს შობის დღესასწაულს.

34 წლის ეროვნული გმირის დედამ დაგმო მისი დაკავება და მოთავსება მელბურნში ღარიბულად აღჭურვილ წინასწარი პატიმრობის ცენტრში, რომელიც პოტენციური მიგრანტებისთვის არის განკუთვნილი. „პატიმარივით ჰყავთ დაკავებული,“ თქვა მან.

მულტიმილიონერი სპორტსმენი, რომელიც „გრანდ სლემის“ 20-გზის გამარჯვებულია, წელს სარეკორდო 21-ე ტიტულის მოსაპოვებლად ჩავიდა ავსტრალიაში. დედამისის, დიანა ჯოკოვიჩის თქმით, ცენტრში ვითარება „საშინელია... არის რწყილები, ყველაფერი ჭუჭყიანია, საჭმელი საშინელია“.

ავსტრალიის ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ჯოკოვიჩს შეუძლია დატოვოს ავსტრალია და არ შევიდეს ქვეყნის ტერიტორიაზე.

მისი აპელაციის განხილვა 10 იანვრისთვის არის დანიშნული. ავსტრალიის ღია ჩემპიონატი 17 იანვარს იწყება.

ჯოკოვიჩი ცნობილია როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინაციის კრიტიკოსი. მან ავსტრალიის ხელისუფლებისგან თავდაპირველად გამონაკლისის სახით მოიპოვა ქვეყანაში შესვლის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ავსტრალიაში მკვეთრად იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. როგორც Tennis Australia იტყობინება, მის შემთხვევაში გამონაკლისი დაუშვეს „მკაცრი შემოწმების შედეგად“, თუმცა არც ჯოკოვიჩი და არც სამედიცინო კომისია არ აცხადებენ, რის საფუძველზე მოითხოვა ჯოკოვიჩმა მისი გამორიცხვა ქვეყანაში შესასვლელად საჭირო ვაქცინაციის წესებიდან.

XS
SM
MD
LG