Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის შსს: დაკავებულთა შორის „მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც“ არიან


ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებებში იმყოფება 4266 დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც.

„ალმათის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალმათიში, კალკამანის მიკრორაიონში, პოლიციელებმა ამოიღეს ტყვიები, საბრძოლო იარაღი და გატაცებული ნივთები: ველოსიპედები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ჟამბილსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში აღმოჩენილია იარაღის სამალავი, რამდენიმე ავტომატი და პისტოლეტები.

7 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ალმათის „20 ათასი ბოევიკი დაესხა თავს“.

2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.

4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.

რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიუროს ცნობით, ალმათის მცხოვრებთა თქმით, ალმათის ცენტრში, 8 იანვარს, დილის ექვსი საათიდან ისმის სროლის ხმა. კონკრეტულად სად ისვრიან, მათ ამისი თქმა უჭირთ. რესპუბლიკის მოედანზე დგანან სამხედროები. მობილიზებულია სამხედრო ტექნიკაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG