Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბოლო წვეთი" - რა იწვევს მასობრივ პროტესტს მსოფლიოსა და საქართველოში?


საპროტესტო აქცია თბილისში. 2019 წლის 23 ივნისი
საპროტესტო აქცია თბილისში. 2019 წლის 23 ივნისი

საწვავის გაძვირებამ ყაზახეთში მასობრივი პროტესტი, მთავრობის გადადგომა და შეიარაღებული შეტაკებების ტალღა გამოიწვია. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ფასების ზრდა ხშირად უბრალოდ ბოლო წვეთია, რომელსაც ხელისუფლების შეცდომებით გაბრაზებული ადამიანები ქუჩაში გამოჰყავს.

2 იანვარს ყაზახეთის მთავრობამ საწვავი 10-დან 48 ცენტამდე გააძვირა, რამაც სიდიდით მსოფლიოს პირველ ათეულში მყოფი ქვეყნის ქალაქებში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოიყვანა. ხელისუფლებამ პროტესტს თავიდან ხმოვანი ყუმბარებით და ცრემლსადენი გაზით უპასუხა, თუმცა ხისტმა ძალამ არ გაჭრა. დემონსტრანტები ვერც ძველი ფასის დაბრუნებამ დაამშვიდა.

ისინი განაგრძობდნენ პროტესტს. ამჯერად უკვე სოციალური უთანასწორობისა და ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის კლანის წინააღმდეგ. 2019 წელს, 35-წლიანი მმართველობის დასასრულს, დედაქალაქს მისი სახელი დაარქვეს. ნაზარბაევის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ მთავრობა მისი პიროვნების კულტს აძლიერებს და რომ იგი დღემდე კულისებიდან მართავს ქვეყანას.

5 იანვარს, დილით, მთავრობა გადადგა. პრეზიდენტმა ნაზარბაევს ჩამოართვა უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობა - თანამდებობა, რომელიც წესით სიცოცხლის ბოლომდე უნდა დაეკავებინა. მომიტინგეები არც ამან დააკმაყოფილა.

რამდენიმე ქალაქში გაგრძელდა შეტაკებები პოლიციასთან. მომიტინგეებმა ჩაიგდეს ხელში იარაღი, დაიკავეს აეროპორტი, პარლამენტის შენობა. ვრცლდება ინფორმაცია ათობით დაღუპულსა და დაშავებულზე როგორც სამართალდამცველთა, ისე მომიტინგეთა მხრიდან. ხელისუფლების ინფორმაციით, ორ პოლიციელს თავი მოაჭრეს.

ვერც ინტერნეტის გათიშვამ და საიტების დაბლოკვამ უშველა საქმეს. 6 ინვარს ყაზახეთში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ სახელით რუსი „სამშვიდობოები” შევიდნენ.

გასამმაგებული პროტესტი

ყაზახეთს ავტორიტარიზმის ათწლეულები დასჭირდა მასობრივი პროტესტის დასაწყებად. რატომ ახლა? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არავის აქვს. თუმცა, როგორც პროტესტის მკვლევრები ასკვნიან, ძალიან ხშირად მასობრივი პროტესტი ზუსტად ასე, მოულოდნელი აფეთქებით იწყება ხოლმე.

რამდენიმე დღის წინ აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, Initiative for Policy Dialogue-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ფრიდრიხ ებერტის ფონდთან ერთად ჩაატარა. შედეგების თანახმად, უკანასკნელ 15 წელიწადში საპროტესტო მოძრაობების რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის გასამმაგდა.

კვლევა ითვლიდა არა ცალკეულ საპროსტეტო აქციებს, არამედ „საპროტესტო მოვლენების” რაოდენობას. სულ მკვლევრებმა დაითვალეს 2809 საპროტესტო მოძრაობა, რომელსაც ადამიანები ქუჩაში გამოჰყავდა დღეების, ხანდახან კი თვეების მანძილზე.

რატომ გაიზარდა?

ავტორები ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ინტერნეტის და სოციალური ქსელების გამოჩენაა, რაც ძალიან დაეხმარათ ადამიანებს პროტესტის ორგანიზებაში. განსაკუთრებით იქ, სადაც ხელისუფლება მკაცრად ებრძვის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

პროტესტს ამწვავებს ისიც, რომ ავტორების თქმით, „ხელისუფლებები ხშირად არ რეაგირებენ მოთხოვნებზე ადეკვატურად”.

„მეტისმეტად ბევრი მთავრობისა და ბიზნესის ლიდერი არ ისმენს [პრეტენზიებს]. მსოფლიოში პროტესტების უდიდესი ნაწილი აყენებს გონიერ მოთხოვნებს, რომლის შესრულების ვალდებულებაც მთავრობების უმეტესობამ ისედაც აიღო. ადამიანები გამოხატავენ პროტესტს უკეთესი სამუშაოებისთვის, იმისთვის, რომ მომავალ თაობებს უფრო სუფთა პლანეტა დახვდეთ. და იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ იმ გადაწყვეტილებებში, რომელთაც ზეგავლენა აქვს მათი ცხოვრების ხარისხზე”, - უთხრა კვლევის ავტორმა, სარა ბიორკმა Washington Post-ს.

ამასთანავე, მშვიდობიანი პროტესტი სულ უფრო ხშირად იზრდება ძალადობაში. კვლევაში აღრიცხული საპროტესტო მოძრაობების ოც პროცენტზე მეტი სრულდებოდა ფიზიკური ძალადობით, ვანდალიზმით ან ძარცვით.

შეიძლება ვითარება უფრო მძიმეც იყოს - ავტორებმა “Washington Post”-ს ჯერ კიდევ ნოემბერში უთხრეს, რომ მათ ანგარიშში ბევრი საპროტესტო მოძრაობა ვერ მოხვდა.

მაგალითისთვის, მონაცემთა ბაზაში, რომელსაც კვლევა ეყრდნობა, საქართველოდან არც ერთი საპროტესტო მოძრაობა არაა აღრიცხული.

კვლევის თანახმად, ადამიანები საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატავად ერთიანდებიან 4 მთავარი მიზეზით: ეკონომიკური სამართლიანობა, პოლიტიკური წარმომადგენლობა, გლობალური სამართლიანობა და უფლებები.

ერთი საპროტესტო მოძრაობა, როგორც წესი, ორ ან სამ მიზეზს აერთიანებდა.

ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ

ეკონომიკური უთანასწორობა პოპულარობით რიგით მეორე მიზეზია პროტესტის დასაწყებად. მის ქვეშ 11 ძირითადი მოთხოვნით, 1484 მოძრაობა გაერთიანდა. ადამიანები ქუჩაში გამოდიოდნენ უკეთესი სამუშაო პირობების, საჯარო სამსახურის რეფორმის მოთხოვნით, კორპორაციების და ფასების ზრდის წინააღმდეგ.

ყაზახეთის მსგავსად, საწვავის ფასების ზრდამ მასობრივი პროტესტები გამოიწვია: 2019 წლის ოქტომბერში ეკვადორსა და ჩილეში, ერთი თვის შემდეგ კი - ირანში.

იმავე წელს ლიბანში ასიათასობით ადამანი ქუჩაში გამოიყვანა ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, დააწესოს გადასახადი Whatsapp-ისა და სხვა მესენჯერების გამოყენებაზე. ინდოეთში კი დიდი წინააღმდეგობა იქამდე ერთ თვით ადრე ხახვის გაძვირებას მოჰყვა.

ფუნდამენტური ეკონომიკური უფლებების დაუცველობას საპროტესტო მოძრაობების მიზეზად ასახელებს სხვა არაერთი კვლევაც. მკვლევრები ხედავენ ერთ კანონზომიერებას - გინდ ფასების ზრდა და გინდა არჩევნების გაყალბება ხშირად უბრალოდ ტრიგერია ხოლმე, რომელიც უსამართლობით დაღლილი მოსახლეობის მოთმინების ფიალას ავსებს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევის თანახად, საპროტესტო მოძრაობები საშუალოშემოსავლიან (1327) და მაღალშემოსავლიან (1122) ქვეყნებში იმაზე გაცილებით ხშირად ჩნდება, ვიდრე დაბალშემოსავლიანში (სულ რაღაც 121).

ძალადობა საკუთარ თავზე

არაერთი გამოკითხვა აჩვენებს, რომ სიღარიბე, მაღალი ფასები და უმუშევრობა საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს სერიოზულ პრობლემად მიაჩნია. ამისდა მიუხედავად, მასობრივი და უწყვეტი პროტესტი ყველაზე ხშირად მაინც პოლიტიკური მიზეზებით იმართება.

თამუნა ქებურია, რომელმაც 2010-2016 წლებში მუშათა საპროტესტო მოძრაობები შეისწავლა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ საქართველოში მასობრივი დემონსტრაციების გამართვა ფაქტობრივად პოლიტიკურ ძალებს აქვთ მონოპოლიზებული. მისი დაკვირვებით, პოლარიზება და მუდმივი საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით თითქმის არ ტოვებს არც მედია და ხშირად აღარც ფიზიკურ სივრცეს სხვა მოთხოვნების გაჟღერებისთვის.

„ვყოფილვარ სოციალური აქციების დაგეგმვის შიდა სიტუაციებში. სადაც სერიოზულად მიდიოდა მსჯელობა, ეს სივრცე ვისია და იქ [პარლამენტის წინ] რატომ ჯობია აქცია არ გავმართოთ, რადგანაც პოლიტიკური პარტიის მონიშნული სივრცეაო”, - ამბობს თამუნა ქებურია.

ამ „მონოპოლიის” მიუხედავად, ეკონომიკური უთანასწორობის წინააღმდეგ დემონსტრაციები საქართველოში მაინც იმართება: ტყიბულელი მაღაროელების და რიონის ხეობის მცველების პროტესტი, კურიერების და მეტროს მემანქანეების გაფიცვები.

ზოგი კი ვერ ახერხებს პროტესტის ქუჩაში გამოტანას და ის სოციალური ქსელების მეშვეობით გრძელდება. როგორც მოძრაობა „არა საწვავის ფასებს”.

ფეისბუკი კი აითვისეს, მაგრამ საქართველოში მცხოვრები ხალხი მაინც სხვანაირად აპროტესტებს, ვიდრე, მაგალითად, დასავლეთევროპელები ან ჩრდილოეთამერიკელები. ისინი თითქმის არ წვავენ პოლიციის მანქანებს და არც ვიტრინებს ამსხვრევენ.

მაგრამ მათი პროტესტი მაინც რადიკალურია. სხვებზე იშვიათად ძალადობენ, უფრო საკუთარ თავზე. თვითდაზიანებების მიყენება პანდემიის დაწყების შემდეგ გახშირდა. პირის ამოკერვა, თავის დაწვის მცდელობა, შიმშილობა - თამუნა ქებურიას უკიდურესი პროტესტის ეს სამი ფორმა ახსენდება.

2020 წლის 1 მაისს, თბილისის მერიასთან 19 წლის ტრანსგენდერმა ქალმა, მადონა კიპაროიძემ თავის დაწვა სცადა. ამ გზით გააპროტესტა ის, თუ როგორ ექცევა სახელმწიფო და საზოგადოების ნაწილი ტრანსგენდერ ადამიანებს.

„შეიძლება მთები არ გადამიდგამს, მაგრამ ამ ერთ წელიწადში მოვახერხე, რომ დავმსაქმებულიყავი“, - უთხრა მადონა კიპაროიძემ "რადიო თავისუფლებას" ერთი წლის შემდეგ.

2021 წლის 11 მაისს, სოფელ შუქრუთში სამმა ადამიანმა პირი ამოიკერა. პეტრე ივანოვმა, ლევან მასხარაშვილმა და ბექა ჭუმბურიძემ ეს პროტესტის 82-ე დღეს გააკეთეს. ცოტა ხანში მათ კიდევ 7 ადამიანი დაემატა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მათ სოფელში მადნის მოპოვება შეწყვეტილიყო. 30 მაისს შუქრუთელებმა ამერიკის საელჩოს წინ კარვები გაშალეს და შიმშილობა დაიწყეს. 2 დღეში მოვლენებს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ შუქრუთელების „წუხილს შეისმენენ“. 7 ივნისს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეხვედრის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.

თუმცა არის გამონაკლისებიც, როდესაც საქართველოში პროტესტს სხვებზე ძალადობით გამოხატავენ. 2020 წლის 20 ნოემბერს 34 წლის ლევან ზურაბაშვილი წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 9 ადამიანი მძევლად აიყვანა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ხელში სათამაშო ხელყუმბარა ეკავა. სასამართლომ ზურაბაშვილს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ხელისუფლებამ დაიწყოს ხალხზე ზრუნვა. რაც გამოიხატება აზარტული თამაშების აკრძალვასა და მკაცრ რეგულაციებში, რაც დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს საბანკო სესხებიდან და მაღალი საპროცენტო განაკვეთებისგან. ადამიანები დაიბრუნებენ ნორმალურად ცხოვრების უფლებას”, - დაწერა მან აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გაგზავნილ წერილში.

„ამაზე რადიკალური ფორმა რა შეიძლება იყოს? შენი თავი როცა გაქვს გადადებული?” - ამბობს თამუნა ქებურია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG