Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის მთავრობას მელბურნის სასამართლოში მოუგო


ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება. მელბურნის სასამართლოში, მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგის სერბი ლიდერის საჩივრის განხილვა მისთვის სასურველი ვერდიქტით დასრულდა - რამდენიმესაათიანი პროცესის შემდეგ, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ სპორტსმენისთვის ავსტრალიის ვიზის გაუქმების საფუძველი არ არსებობს და მან კოვიდ-სასტუმრო უნდა დატოვოს. შესაბამისად, ჯოკოვიჩს დაუბრუნებენ ჩამორთმეულ პასპორტს. ოღონდ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ სერბი ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. დიდი ალბათობით, ავსტრალიის მთავრობა ამის წინააღმდეგი იქნება.

ნოვაკ ჯოკოვიჩი ვაქცინირებული არაა და მას ავსტრალიაში შესვლაზე პრობლემა ქვეყანაში მოქმედი ვაქცინაციის წესების გამო შეექმნა. თავდაპირველად, ჩოგბურთელმა ავსტრალიის ხელისუფლებისგან გამონაკლისის სახით მოიპოვა ქვეყანაში შესვლის უფლება, მას შემდეგ, რაც მათ აცნობა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში კოვიდი გადაიტანა. ჯოკოვიჩის ადვოკატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების თანახმად, დადებითი PCR-ტესტის პასუხი 16 დეკემბრითაა დათარიღებული. თითქოს საკამათო აღარაფერი უნდა ყოფილიყო, რომ არა ევროპული გამოცემების მიერ გავრცელებული მამხილებელი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 16 დეკემბერს, ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთ-ერთ ხალხმრავალ ღონისძიებაზე პირბადის გარეშე იმყოფებოდა და გარშემომყოფებთან კონტაქტსაც არ ერიდებოდა. ამას დაემატა სპორტსმენის 18 დეკემბრის ფოტოსესიის ამბავიც და გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩის გუნდმა PCR-ტესტი სწორედ ავსტრალიაში მოსახვედრად გააყალბა.

ჯოკოვიჩი მელბურნში 5 იანვარს ჩავიდა, მაგრამ სასაზღვრო დაცვამ ჩათვალა, რომ გამონაკლისის შესახებ წარმოდგენილი საბუთები საკმარისი არგუმენტი არ იყო. ჩოგბურთელს პასპორტი ჩამოართვეს და მალევე, კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს.

ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG