საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამჟამად ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი 50%-იანი დატვირთვით მუშაობს.
დღეს, 11 იანვარს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაბუნიამ თქვა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების კლებამ სისტემას მისცა საწოლფონდის გარკვეულწილად განტვირთვის შესაძლებლობა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მობილიზებულია 9000-მდე საწოლი, საიდანაც დატვირთულია 4431. რეანიმაციულ განყოფილებაშია 281 პაციენტი და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში - 1083. როგორც გაბუნიამ თქვა, ამ პაციენტების უმრავლესობას კორონავირუსის „დელტა“ შტამი აქვს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თანახმად, „ომიკრონით“ ინფიცირებულებიდან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა მხოლოდ ერთეულებს, ინტენსიური თერაპიის და რეანიმაციის გარეშე, და ისინი კლინიკებიდან საკმაოდ მალე გაწერეს.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ბოლო დღეებში ინფიცირების შემთხვევების მატება გარკვეულწილად განაპირობა საახალწლო დღეებში მობილობის გაზრდამ და „ომიკრონის“ სწრაფად გავრცელებამ.
საქართველოში გასულ 24 საათში ჩატარებული 57 546 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 486 შემთხვევა. ეს 2021 წლის 10 ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.
დაწერეთ კომენტარი