Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ყველგან მივიდოდი; სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს


​პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უსამართლობას უნდა ებრძოლონ და ამისთვის სიცივის და ზამთრის მიუხედავად "ყოველდღე უნდა იყვნენ გარეთ". მისი სახელით პოსტი მისსავე "ფეისბუკის" გვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა მივმართო "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივ ჯგუფებს, ზოგადად აქტივისტებს სხვადასხვა აფილაციით. ყველგან არის ასეთი უსამართლობა. მე რომ გარეთ ვიყო, ყველგან მივიდოდი, თუმცა ახლა ჩემ მაგივრად, პარტიის ლიდერები მზად არიან, ყველგან ჩამოვიდნენ, მაგრამ თქვენ, ვინც ხართ ადგილზე, ყოველდღე უნდა იყოთ გარეთ, სიცივემ და ზამთარმა ჩვენ არ უნდა შეგვაჩეროს.

ყველგან დავაყენოთ საკითხები უსამართლობის წინააღმდეგ. ყველა პოლიტიკური კუნთი უნდა მუშაობდეს, ძლიერდებოდეს გადამწყვეტი დარტყმებისთვის. კორუფციასა და ოლიგარქატზე სწორედ ასეთი აქციებით გავიმარჯვებთ", - აცხადებს სააკაშვილი.

იმის მიუხედავად, რომ სააკაშვილი პატიმრობაშია, ის მაინც არის პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული და თითქმის ყოველდღე ადვოკატებისა თუ თანაპარტიელების დახმარებით საზოგადოებას და პოლიტიკოსებს მიმართავს.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს თბილისში დააკავეს.

მას საქართველოს სასამართლოებმა პატიმრობა ორ საქმეზე მიუსაჯეს: სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის საქმეზე. გარდა ამისა, მის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმეა აღძრული. მათ შორის, სახელმწიფო ქონების გაფლანგვის - ე.წ. პიჯაკების საქმე და 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის ძალის გადამეტებით დაშლის გამო. კიდევ ერთი საქმე მის წინააღმდეგ საქართველოში საზღვრის უკანონო კვეთის გამო აღიძრა.

XS
SM
MD
LG