Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის კრიზისი და უკრაინა: იქონიებს თუ არა ეს გავლენას პუტინის გეგმებზე?


ალმათის ცენტრი, 6 იანვარი, 2022 წ.
ალმათის ცენტრი, 6 იანვარი, 2022 წ.

რუსეთის სამხედრო ინტერვენცია ყაზახეთში მიზნად ისახავდა იმ მოულოდნელი სახალხო აჯანყების ჩახშობას, რომელიც „მოკავშირე“ ავტოკრატს დამხობით ემუქრებოდა - და ერთკვირიანი პროტესტებისა და მღელვარებების შემდეგ, როგორც ჩანს, კრემლის ტაქტიკამ გაამართლა.

გარე ძალების მიერ ორკესტრირებული „ტერორისტული აგრესია“ და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, - ასე აფასებს მიმდინარე მოვლენებს ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც მღელვარებების ჩასახშობად ნაცნობ მეთოდს - დარბევას მიმართა. ტოყაევის თქმით, ქვეყანაში სიმშვიდე დაბრუნდა და რუსულმა დანაყოფებმა - რომლებიც ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ (CSTO) მოსკოვის ეგიდითა და ტოყაევის თხოვნით გაგზავნა - შეძლეს ყაზახეთის მთავრობას სიტუაციის განმუხტვაში დახმარებოდნენ.

ახლა, როდესაც მოსკოვის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, რუსეთსა და შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მაღალი დონის მოლაპარაკებების სერია მიმდინარეობს, ანალიტიკოსები ვერ თანხმდებიან, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კრემლის ყაზახეთზე „გადართვამ“ უკრაინაზე, რომლის საზღვრის გასწვრივ რუსეთს 100 000-მდე საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

„შეიძლება მოსკოვი ახლა უფრო დამყოლი გახდეს, თუ ჩათვლის, რომ „ხელები გახსნილი უნდა ჰქონდეს“ ყაზახეთში კრიზისის დასაძლევად, მაგრამ, მეორე მხრივ, ამან შეიძლება მოსკოვს კიდევ უფრო მეტი სიხისტისკენ უბიძგოს - ეს მაშინ, თუ კრემლში იფიქრებენ, რომ მათ ინტერესებს ახლა უკვე სხვა ფრონტზეც ემუქრება საფრთხე“, - განუცხადა რადიო თავისუფლებას საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს პროგრამის დირექტორმა მარი დიუმულინმა.

უკრაინასა და ყაზახეთს მთელი კონტინენტი და ათასობით კილომეტრი აშორებს ერთმანეთს, მაგრამ ორ ქვეყანას საერთო საბჭოთა წარსული და მოსკოვთან რთული ურთიერთობები აკავშირებს, რადგან კრემლი საკუთარი სამხედრო ძალისა და ენერგეტიკული ბერკეტების მეშვეობით ცდილობს დაიბრუნოს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგული გეოპოლიტიკური გავლენა.

მოლაპარაკებებამდე, რომელიც 9 იანვარს ჟენევაში დაიწყო რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის, კრემლმა ჩამოაყალიბა და გამოაქვეყნა მოთხოვნების სია, სადაც ის მოითხოვს გარანტიებს, რომ ნატო შეწყვეტს აღმოსავლეთისკენ გაფართოებას - ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და საქართველო.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან. 5 დეკემბერი, 2021 წ.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის საზღვართან. 5 დეკემბერი, 2021 წ.

რუსეთის მოთხოვნები, დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, ანალიტიკოსების ნაწილის აზრით, ნაწილია უფრო ამბიციური გეგმისა, დასავლეთმა აღიაროს კრემლის გავლენის სფეროები, და ამ ნარატივს რუსეთის სწრაფი ინტერვენცია ყაზახეთში კიდევ უფრო ამყარებს.

„გარკვეული თვალსაზრისით, ეს აძლიერებს [რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ] პუტინის პოზიციას“, უთხრა რადიო თავისუფლებას ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის პროფესორმა ანგელა სტენტმა, აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ყოფილმა ოფიცერმა რუსეთში: „ეს განამტკიცებს ნარატივს, რომელსაც პუტინი წლებია დაჟინებით იმეორებს: რომ რუსეთს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან და რომ მას სურს, გარე სამყარომ ამას პატივი სცეს“.

ამავდროულად, უკრაინაში

ფსონები ყველასთვის მაღალია - რუსეთი თავს უყრის თავის ძალებს უკრაინის საზღვრებთან, რაც, აშშ-ის დაზვერვის თქმით, შესაძლოა, უკრაინაში მორიგი შეჭრის სამზადისი იყოს.

2014 წელს ყირიმის ანექსიის გარდა, რუსეთი მხარს უჭერს [სეპარატისტულ] ძალებს ქვეყნის აღმოსავლეთში - ომში, რომელსაც 13 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

შეერთებული შტატები და დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთს „საშინელი ფასის“ გადახდა მოუწევს, თუ უკრაინაში შეჭრას გაბედავს - ვაშინგტონი და ევროკავშირი, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მუშაობენ ფინანსური, ტექნოლოგიური და სამხედრო სანქციების პაკეტზე რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ძალაში მაშინ შევა, თუ რუსეთი უკრაინაში ისევ შეიჭრება.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილმა მდივანმა, ალექსანდრ დანილიუკმა თქვა, რომ პუტინმა „საკუთარი თავი მოიმწყვდია კუთხეში“ დასავლეთისთვის „ულტიმატუმის“ წაყენებით უსაფრთხოების გარანტიებისა და ნატოს გაფართოების შეზღუდვის მოთხოვნის თაობაზე. ყაზახეთმა კი რუსეთის ლიდერს დაძაბულობის განმუხტვის შანსი მისცა.

„ყაზახეთი ახლა აძლევს მას შესაძლებლობას, უკან დაიხიოს, თუ თვლის, რომ ზედმეტი მოუვიდა“, - განაცხადა დანილიუკმა 6 იანვარს ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე. „[ეს] ჩვენ, უკრაინელებსაც გვაძლევს სულის მოთქმის საშუალებას, მაგრამ არა დიდი ხნით“.

„შესაძლოა, კრიზისმა ყაზახეთში და რუსეთის ინტერვენციამ მოსკოვის ყურადღება დროებით მოაშოროს უკრაინას, მაგრამ მხოლოდ დროებით“, - ამბობს პოლ სტრონსკი, რუსეთისა და ცენტრალური აზიის ყოფილი დირექტორი აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში.

CSTO-ს დანაყოფები 2500 ჯარისკაცს ითვლის და პუტინმაც და ტოყაევმაც განაცხადეს, რომ „ყაზახეთის მისია“ დროებითი ხასიათისაა.

„ეს დამატებითი ნაჭერია რუსეთის თეფშზე, - ამბობს სტრონსკი, - მაგრამ საქმე გვაქვს მცირერიცხოვან კონტინგენტთან, შესაბამისად, წესით, ამან არ უნდა შეაბრკოლოს რუსეთის მოქმედებები უკრაინის საზღვარზე“.

გავლენის სფეროები

პუტინი დიდი ხანია ადანაშაულებს დასავლეთს რუსული გავლენის შეკვეცის მცდელობებში - და საგულისხმოა, რომ მოსკოვის მიერ უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნა ემთხვევა არცთუ ისე კარგ პერიოდს რუსეთის სამეზობლოში, კრემლის მიმართ მეგობრულად განწყობილი ავტოკრატული რეჟიმებისთვის - იქნება ეს უკრაინა, საქართველო, სომხეთი, ბელარუსი თუ ახლა ყაზახეთი - უკანასკნელი წლების განმავლობაში მათი ნაწილი ან უკვე დაამხეს, ან სახალხო აჯანყებები ემუქრებათ.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყაზახეთში ჯარების გაგზავნა სხვა არაფერია, თუ არა პუტინის მცდელობა, გადაერჩინა სტრატეგიული მოკავშირე, რომელსაც სხვა ავტოკრატი რეჟიმების ბედი ემუქრებოდა - სანაცვლოდ კი მოსკოვისადმი მეტ ერთგულებას მოიმკის.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციამ, რომელიც ნატოს ყაიდაზე შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, სამხედრო მისია გააგზავნა თავისი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს ახალ იდენტობას სძენს CSTO-ს, რაზეც პუტინმაც მიანიშნა 10 იანვარს ორგანიზაციის სხვა წევრი ქვეყნების (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი) ლიდერებთან გამართული ვიდეოკონფერენციის დროს.

ვლადიმირ პუტინი ვიდეოკონფერენციის დროს
ვლადიმირ პუტინი ვიდეოკონფერენციის დროს

პუტინმა გაიმეორა ტოყაევის ნარატივი, რომ ყაზახეთში არეულობები, რომლებსაც დაახლოებით 164 ადამიანი ემსხვერპლა, საგარეო ჩარევის შედეგი იყო და თქვა, რომ CSTO-მ უნდა გადადგას ნაბიჯები რეგიონში ჩარევის მომავალი მცდელობების აღსაკვეთად.

„CSTO-ს მიერ მიღებულმა ზომებმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას ჩვენს სახლებში სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვიონ და ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციის სცენარები განახორციელონ“, - პუტინის ეს განცხადება შეუნიღბავი მინიშნებაა იმ საპროტესტო ტალღებზე, რომელსაც კრემლის მომხრე ლიდერები „შეეწირნენ“ საქართველოში 2003 წელს და უკრაინაში 2005 წელს.

ყაზახეთში განვითარებული მოვლენები კრემლისა და სხვა რეგიონალური მოთამაშეებისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოსკოვი მალევე მოვიდა გონს.

„ყაზახეთში რუსეთის ინტერვენცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ რუსეთი მოქნილი მოთამაშეა, რომელიც სხვების გაოცებას აგრძელებს“, - თქვა სტრონსკიმ. „შესაძლოა, ამან მოსკოვის ყურადღების ფოკუსი გადასწიოს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ კრემლს შეუძლია ერთდროულად გაუმკლავდეს ორ საქმეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG