Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ნასვამ მძღოლებს ე.წ. რეიდებით ებრძვიან


ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. სახელმწიფო საგზაო ინსპექციის თანამშრომლები, სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად, დე-ფაქტო რესპუბლიკის გზებზე "რეიდებს" ატარებენ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დამრღვევთა გამოსავლენად. ამის შესახებ დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება.

უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ გზებზე კონტროლის გამკაცრება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დაიწყო და მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის შემცირებას. საგზაო ინსპექტორების გარდა საქმეში კრიმინალური მილიციის და "ომონის" დანაყოფებიც ჩართეს.

"გზებზე ეწყობა საგზაო მილიციის მობილური პოსტები, ხდება ავტომანქანების და მძღოლების შემოწმება, ხდება ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების იდენტიფიცირება და შესაბამისი ადმინისტრაციული ზომების მიღება", - ნათქვამია დე-ფაქტო რესუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, დე-ფაქტო უწყება ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, ნასვამი მძღოლების იდენტიფიცირებაში დაეხმარონ.

ცხინვალის რეგიონში გზებზე კონტროლის გამკაცრების მიზეზი გასულ კვირაში ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანების მმართვის შემთხვევების ზრდაა. დე-ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, სადღესასწაულო დღეებში საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში დაჯდომის ფაქტები გახშირდა და ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს.

გასულ კვირას 6 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა. გამოვლინდა საგზაო წესების 331 დარღვევა, აქედან ათობით მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში მართავდა ავტომანქანას. დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ამბობს, რამდენ დღეს გაგრძელდება ე.წ. რეიდები.

XS
SM
MD
LG