ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 2021 წლის 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამი პირი.
მამა-შვილ სურმანიძეების და ბინის მფლობელი ზაურ ბუდაგოვის ადოკატები 5 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ. ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა გასული წლის 11 ოქტომბერს შეუფარდა.
გამოძიება მათ სისხლის სამართლის სხვადასხვა მუხლებით სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას და გაუფრთხილებლობას ედავება, რამაც ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მამა-შვილ სურმანიძეებს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ელით. ზაურ ბუდაგოვს კი 5 წლამდე პატიმრობა.
გამოძიების ვერსიით ზაურ ბუდაგოვი7 -სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე, თავის კუთვნილ ფართში ნებართვის გარეშე აწარმოებდა სამუშაოებს. მისმა დაქირავებულმა მუშებმა მამა-შვილმა სურმანიძეებმა სარემონტო სამუშაოების წარმოების დროს მზიდი კედელი მოშალეს, რაც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი გახდა. ბრალდების მხარე ექსპერტიზის ამ დასკვნას მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს.
საქმის პროკურორის თქმით, საქმეში არსებული დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა რომ: „[2021 წლის] 8 ოქტომბერს დილით ბინის კარი ვერ გახსნეს, შემდეგ მიტანილი რკინის დანადგარით მზიდი კედლების გამაგრება სცადეს, 10 წუთის შემდეგ დატოვეს საცხოვრებელი სახლი და 2 წუთში მოხდა კორპუსის ნგრევა“.
ბრალდებულების ადვოკატები დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნას ითხოვენ, ასევე იმის დადგენას იმოქმედა თუ არა სახლის ნაწილის ჩამონგრევაზე სხვა ფაქტორებმა, ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, კორუსზე წლების წინ 2 სართულის დაშენებამ და ჩამონგრეულ სადარბაზოსთან ლიფტის კონტრუქციის მიდგმამ.
დაკავებული მამა-შვილის ნათესავები დღეს სასამართლოს შენობასთან აქციას მართავდნენ და აცხადებდნენ, რომ სურმანიძეები სამუშაოს შესრულებლები იყვნენ და მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. სასამართლო პროცესს ესწრებოდნენ ნგრევის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრები.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი სახლის სადარბაზო 2021 წლის 8 ოქტომბერს, მოულოდნელად ჩამოინგრა. ნანგრევებში 9 ადამიანი მოჰყვა, მათგან ერთი გადარჩა, დაღუპულებს შორის იყო 3 ბავშვი.
დაწერეთ კომენტარი