საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 48 პაციენტი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 55 474 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 5 326 შემთხვევა. 3 044-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 5 326 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი - 3 148 თბილისშია.
13 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 9.6%;
- ბოლო 7 დღის - 9.91%;
- ბოლო 14 დღის - 8.86%.
საქართველოში ბოლო სამი დღეა ისევ 5000-ს აჭარბებს კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური, ტესტირებით დადასტურებული შემთხვევების რიცხვი. ბოლოს, დღიურად 5000-ზე მეტი შემთხვევა 2021 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იყო.
საქართველოში, მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იმატებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო.
11 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ „ომიკრონით“ ინფიცირებულებში დაავადება „დელტასთან“ შედარებით, ძირითადად, მსუბუქად მიმდინარეობს: „მაგრამ ამან არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ, რომ პროგნოზირების ინსტიტუტის ბოლო მონაცემებით, ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ სადღაც, თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 ათასამდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%. ანუ, სადღაც შეიძლება დღიურად გვქონდეს 15 ათასამდე შემთხვევის დატვირთვა“.
11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული იყო "ომიკრონით" ინფიცირების 951 შემთხვევა, თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, ქვეყანაში ამ შტამის „დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი ყველა დადებით შემთხვევაში, არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში.“ თბილისში ეს მაჩვენებელი 60%-ია, ხოლო რეგიონებში - 30%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 979 235 შემთხვევა. მათგან 922 411 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 359 ადამიანი.