Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში უკუსვლაა - HUMAN RIGHTS WATCH-ი 2021 წელს აჯამებს


უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია, “HUMAN RIGHTS WATCH”-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანების უფლებების მიმართულებით 2021 წელს აჯამებს. ანგარიშში, სადაც საქართველოს 7 გვერდი ეთმობა, ნათქვამია, რომ გასულ წელს საქართველოში ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით უკუსვლა იყო.

ანგარიში ნოემბრის ჩათვლით მოვლენებს აერთიანებს და მასში ასახული არ არის წლის ბოლოს, „ქართული ოცნების“ მიერ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმების გადაწყვეტილება, თუმცა ხაზგასმულია ის, რომ არაეფექტიანად მიმდინარეობს პოლიციელებისა და ციხეების თანამშრომელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების საეჭვო ფაქტების გამოძიება.

საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის აღსაწერად ანგარიშში ცალ-ცალკეა განხილული შემდეგი საკითხები:

  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
  • სამართალდამცველების შესაძლო დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიება
  • მედიის თავისუფლება
  • ჩაგვრა გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის გამო
  • ბავშვთა უფლებები
  • შრომითი უფლებები

ანგარიშში მოხვდა სუს-ის „საიდუმლო ფაილების” გაჟონვის, „თბილისი პრაიდის“ ჩაშლის, ლექსო ლაშქარავას საქმის გაჭიანურებული გამოძიების, თეა წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტები. კრიტიკულად არის ნახსენები ადმინისტრაციულ კანონში ცვლილებები, რის შედეგადაც აქციებზე დაკავებული პირების უფრო მკაცრად დასჯის შესაძლებლობა მიეცა პოლიციას და სასამართლოს. ბავშვთა უფლებების ნაწილში ნათქვამია, რომ პანდემიის გამო 155 დღის განმავლობაში სრულად იყო დაკეტილი სკოლები მოსწავლეებისთვის, 84 დღის განმავლობაში კი, ნაწილობრივ - სკოლების დაკეტვას ორგანიზაცია განათლებაზე წვდომის შემაფერხებელ გარემოებად მიიჩნევს.

„ადამიანის უფლებები საქართველოში რამდენიმე მიმართულებით გაუარესდა 2021 წელს მმართველი პარტიისა და დომინანტური ოპოზიციური პარტიების დაპირისპირების ფონზე. სამართალდამცველი ორგანოების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე მათი ანგარიშვალდებულება ძალიან სუსტი იყო. ასევე შეშფოთების საფუძველს იძლეოდა პოლიციის უხეში ჩარევა თავისუფალი შეკრების უფლების რეალიზებაში, თავდასხმები თავისუფალ მედიაზე და ძალადობა ჟურნალისტებზე, ძალადობის ფაქტები ლგბტ პირებზე და გამოწვევები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. აგვისტოში, ევროკავშირმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა ის პირობები, რომელიც მას 75 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების მიღების საშუალებას აძლევდა - ფინანსური დახმარების მიღების წინაპირობა სასამართლოს რეფორმირება იყო”, - ეს არის გასული წლის მოკლე შეჯამება, რომელიც თემატურ განხილვამდე არის მოცემული ანგარიშში საქართველოს შესახებ.

სამართალდამცველების გამოუძიებელი დანაშაულები

“Human Rights Watch”-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის ასოცირებული დირექტორი, გიორგი გოგია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ 2021 წელს ადამიანის უფლებების მხრივ საქართველოში გამორჩეულად მძიმე წელი იყო. ანგარიში ნოემბრის დასაწყისის მდგომარეობას ასახავს. მას შემდეგ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, რაც ანგარიშში ვერ მოხვდა, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

კერძოდ, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სახალხო დამცველს პოლიციელებისა და ციხის თანამშრომლების შესაძლო დანაშაულების შესახებ 133 საჩივარი ჰქონდა გაგზავნილი სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის, ყველა საქმეზე გამოძიება მიმდინარე რეჟიმშია. წლის ბოლოს „ქართული ოცნების” ინიციატივით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გაუქმება ამ საქმეების გამოძიების პროცესს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაახანგრძლივებს.

„სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება წლებია პრობლემაა ქვეყანაში. ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერებულიყო სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც ამ დანაშაულებს იძიებს, ხელისუფლებამ წლის ბოლოს გააუქმა ეს დამოუკიდებელი უწყება რეფორმების სახელით. ასევე დიდ პრობლემად რჩება უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შედეგად მოპოვებული მასალები და კონტროლის არარსებობა იმაზე, როგორ ვრცელდება ეს მასალები, ესეც სახელმწიფო ინსპექტორის საქმე იყო”, - გვითხრა გიორგი გოგიამ. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, რომელიც პარლამენტის მიერ 2021 წლის დეკემბრის ბოლოს მიღებული კანონის თანახმად, მარტის თვეში უქმდება, სახელმწიფო მოხელეების უფლებამოსილების გადამეტებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებზე 689 საქმე აქვს შესასწავლი.

2021 წლის 19 თებერვალი, პოლიცია აკავებს აქტივისტებს
2021 წლის 19 თებერვალი, პოლიცია აკავებს აქტივისტებს

ბავშვთა უფლებები მინდობით აღზრდაში, სკოლებში, პანსიონში

იმის აღსაწერად, რამდენად დაცულია საქართველოში ბავშვთა უფლებები, წელს ანგარიშში სამი ფაქტი მოხვდა: ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები ბავშვების, პანდემიის გამო სკოლის მიღმა დარჩენილი მოსწავლეების და ორი ბავშვის, რომლებიც სისტემამ დედას სიღარიბის გამო დააშორა და მინდობით აღზრდაში გაუშვა. 2021 წელს სასამართლომ ბავშვებისა და დედის დაშორება უკანონოდ ცნო და ბავშვების მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა.

„მაისის თვეში, მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ნინოწმინდის პანსიონი და იქ მცხოვრები 56 ბავშვი, რომელთაგან 8-ს შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა. პანსიონის ხელმძღვანელობა მასში შესვლის უფლებას არ აძლევდა სახალხო დამცველს, ომბუდსმენმა გაასაჯაროვა ინფორმაცია გამოძიებების შესახებ, რომელიც ნინოწმინდის პანსიონში მომხდარი ფიზიკური და სექსუალური ძალადობის სავარაუდო ფაქტებზე იყო დაწყებული”, - წერია ანგარიშში.

„ნინოწმინდის პანსიონი არის ერთი, მაგრამ ასევე არის სხვა ბავშვთა სახლებიც, რომელიც ასე არ ჩანს, მაგრამ სადაც ასევე არ არის ბავშვების ინტერესები დაცული. ნინოწმინდა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია, რამაც გააშიშვლა როგორი მყიფე და ერთსახოვანია ბავშვზე ზრუნვის დღეს არსებული სისტემა.

დღეს გამოძიება იმის დასადგენად, რა ხდებოდა ნინოწმინდაში, ფაქტობრივად არ მიმდინარეობს. შესაძლო დანაშაულების მხილების პროცესი არის ფაქტობრივად შეჩერებული და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს აბსოლუტურად მიზანმიმართულად ხდება. არც რაიმე მნიშვნელოვანი რეფორმა არ დაწყებულა ნინოწმინდის პანსიონის შემდეგ, ჩვეულებრივი რიტმით აგრძელებს სისტემა მუშაობას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანა აბაშიძემ ორგანიზაციიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”. ეს ორგანიზაცია ძირითადად ბავშვთა უფლებებზე მუშაობს და სხვადასხვა ფორმით სამივე საქმეში იყო ჩართული, რომლებიც წელს Human Rights Watch-ის ანგარიშში მოხვდა. იცავდა ბავშვების უფლებებს სასამართლოში, რომლებიც დედას სიღარიბის გამო დააშორა სახელმწიფომ, მიმართა გაეროს ბავშვთა კომიტეტს ნინოწმინდის პანსიონის შესახებ და სთხოვა სასამართლოს, დაევალდებულებინა განათლების სამინისტრო, უკეთ დაეცვა ბავშვების უფლებები პანდემიისას და ნაკლები ზიანი მიეყენებინა მათთვის სკოლების ხანგრძლივად დაკეტვით.

„განათლების სისტემა ფაქტობრივად ვერ დახვდა მზად ვერც პანდემიის პირველ ეტაპს, პირველ ტალღას, როცა თავს იმართლებდა ყველა, რომ გამოუცდელები ვიყავით, და მოუმზადებელია დღესაც, როცა უკვე ბევრმა ტალღამ გაიარა და სისტემამ, ჩვენი აზრით და შეფასებით, ვერ გაუძლო გამოწვევებს. ბავშვებმა ყველაზე დიდი ზიანი მიიღეს. ზიანში ვგულისხმობ სასკოლო ცხოვრებიდან ბავშვების გარიყვით გამოწვეულ სერიოზულ ემოციურ სტრესებს, რომელიც რამდენად დიდია, არც კი ვიცით. ყველა არგუმენტი, ყველა გონივრული აზრი და ყველა გამოცდილი ორგანიზაცია იმას მოუწოდებდა სახელმწიფოს, რომ უკანასკნელი ყოფილიყო ბავშვთა სივრცეები, რომელიც პანდემიის გამო დაიკეტებოდა. ჩვენს ქვეყანაში პირველი იყო სკოლები, რაც დაიკეტა, ყველაფერი პირიქით მოხდა. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ამ დრომდე განათლების საკითხი, რომლებიც დისტანციური სწავლებისას მიეწოდებოდათ ბავშვებს”, - ამბობს ანა აბაშიძე. ანამ და მისმა კოლეგებმა 2021 წლის თებერვალში სასამართლოსაც მიმართეს განათლების სამინისტროს წინააღმდეგ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ სამინისტრო პანდემიის პირობებში სკოლებს არაეფექტიანად მართავდა და ბავშვების საჭიროებებს არ ითვალისწინებდა.

„სამწუხაროდ, მართლმსაჯულება არ დადგა ბავშვების მხარეს და ეს სარჩელი რეალურად დღემდე განუხილველია. ჩვენ ვითხოვდით რისკების შეფასების დოკუმენტს და ამ დოკუმენტზე შემუშავებულ ხედვას იმისთვის, რომ ბავშვები არ დარჩენილიყვნენ იზოლაციაში. პრობლემა გრძელდება და ალბათ პანდემიის დასრულებამდე ეს მოცემულობა არც შეიცვლება”, - ამბობს ანა.

მედიის თავისუფლება

„2021 წელი განსაკუთრებით მძიმე იყო მედიისთვის საქართველოში”, - ესაა მოცემულობა, რომელზეც უფლებადამცველები არ დავობენ. მხოლოდ 5 ივლისს, 53 ჟურნალისტი დაშავდა. ანგარიშში, 5 ივლისის გარდა, მედიის თავისუფლების ნაწილში მოხვდა სხვა ფაქტებიც: „ფორმულის“ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმა, „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გამოძიების საწყის ეტაპზე „ექსპერტიზის წინასწარი პასუხის” გასაჯაროება, რომელიც გარდაცვლილის მარგინალიზაციის მცდელობადაც შეიძლება შეფასდეს და, ასევე, „მთავარის” მიკროფონი, რომელიც კულტურის მინისტრმა ოპოზიციური ტელეარხის ჟურნალისტს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯაროდ წაართვა 22 ივლისს და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ დაუბრუნა.

გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ გასული წელი მედიის თავისუფლებისთვის პრობლემური იყო არა მხოლოდ ჟურნალისტებზე თავდასხმების აშკარად დიდი რაოდენობის გამო, იმიტომაც, რომ მოძალადეების დაუსჯელობა და ძალადობის ფაქტების არასათანადო გამოძიება საზოგადოების მხრიდან აღიქმება გზავნილად, თითქოს ჟურნალისტებზე ძალადობა ნორმალურია და შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.

„წელს ჩვენ ვნახეთ მიზანმიმართული თავდასხმები მედიის წარმომადგენლებზე. მხოლოდ 5 ივლისს 53 ჟურნალისტი დაშავდა და ამ დღეს პოლიცია არ იყო სათანადოდ წარმოდგენილი ქუჩებში და სადაც იყო, იქაც არ ცდილობდა ძალადობის აღკვეთას. სამწუხაროდ, არ დასჯილან ამ ძალადობის ორგანიზატორები”, - ამბობს გიორგი გოგია. 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტებზე პოლიციამ მომდევნო დღეებში 31 ადამიანი დააკავა, რომლებსაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. დაკავებულებიდან 3 სასამართლომ წლის ბოლოს პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 5 ივლისის ორგანიზატორები, „ალტ-ინფოს” ჯგუფი, რომელმაც 2021 წელს პოლიტიკური პარტია დააფუძნა, დანარჩენი დაკავებულების გათავისუფლებასაც ითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას სახალხო დამცველმა კონკრეტული პირების სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაციით მიმართა იმის გათვალისწინებით, რომ მათ წინააღმდეგ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ძალადობის ორგანიზების ბრალის წასაყენებლად, ორგანიზატორების გამოვლენა ამ დრომდე გამოძიების მიზანი არ ყოფილა.

„2021 წელი იყო ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის. ეს იყო წელი, როცა ხელისუფლებამ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა უკან და გადაუხვია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალი გზიდან. სამწუხაროდ, ჩვენ ვიცვალეთ ვექტორი და ამის თქმის საფუძველს გვაძლევს რამდენიმე მიზეზი: ერთ-ერთი 5 ივლისი და მედიაზე თავდასხმაა. ამ დღეს ჩვენ ვნახეთ მედიაზე მასობრივი თავდასხმის უპრეცედენტო შემთხვევა, რომელიც ამ დრომდე არ არის სრულყოფილად გამოძიებული და მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადებები, რომელიც ახალისებს და ამართლებს მედიაზე თავდასხმებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა. მისმა ორგანიზაციამ 2021 წლის 10 დეკემბერს წარადგინა გასული წლის ანგარიში და ამ დღიდან წლის ბოლომდე პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონებმა კიდევ უფრო დაამძიმა გასული წლის სურათი.

„გარდა იმისა, რომ გასულ წელს გაუარესდა კანონმდებლობა და პრაქტიკა, პანდემიის გამო ასევე მნიშვნელოვნად გაუარესდა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაც და ის, რომ ხელისუფლება კოვიდს მართავს არაეფექტურად, აუარესებს მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას”, - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

XS
SM
MD
LG