Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ სჯიდნენ ბავშვებს ნინოწმინდის პანსიონში - სახალხო დამცველის შემაჯამებელი ანგარიში


„ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა“.
„ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა“.
„როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ“.
„აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“...

ეს და სხვა მსგავსი ამბები სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშშია თავმოყრილი.

ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ ანგარიშში, 40-გვერდიან დოკუმენტში მიმოხილულია ყველა ის ფაქტი თუ დარღვევა, რაც სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა პანსიონში მცხოვრები ბავშვებისგან, ყოფილი აღსაზრდელებისგან, სოციალური მუშაკებისგან და თავად პანსიონატის თანამშრომლებისგან მოისმინეს.

ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ცემა, დასჯის სასტიკი მეთოდები - ის, რაც 2021 წლის ივნისიდან მოყოლებული რამდენიმე კვირის განმავლობაში გვესმოდა ჟურნალისტებისგან, ბავშვთა უფლებადამცველებისგან, პანსიონატის ყოფილი აღსაზრდელებისგან, თავად პანსიონატის ბენეფიციარებისგან, სახალხო დამცველის ანგარიშმა გააერთიანა, რომელშიც ვკითხულობთ: „დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს“.

ნინოწმინდის პანსიონში განვითარებული მოვლენები მოკლედ

ნინოწმინდის პანსიონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში 2021 წლის 2 ივნისს, სახალხო დამცველის ხმაურიანი განცხადების შემდეგ მოექცა. ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, 2016-2021 წლებში, პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული. მალევე, გარდა ამ ოთხი საქმისა, ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით (ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ).

ინფორმაციის გავრცელებიდან ორ კვირაში, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონ აბულაძემ, რომელიც წლების განმავლობაში არ აძლევდა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა პანსიონის დირექტორის თანამდებობა და მისი ადგილი ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დაიკავა.

რამდენიმე დღით ადრე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნინოწმინდის პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაეყვანათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ, პანსიონიდან ბავშვების გაყვანა დაიწყო, რასაც მეთვალყურეობას უწევდნენ ბავშვთა უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო და სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 22 ნოემბრის მდგომარეობით, პანსიონატში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი. მათგან 15, ფაქტობრივად, პანსიონში ცხოვრობს. ერთ აღსაზრდელს შეზღუდული შესაძლებლობის პირის სტატუსი აქვს. ზაფხულის პერიოდში პანსიონი დატოვა 40-მდე აღსაზრდელმა. მათი ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, ნაწილი მინდობით ოჯახში განთავსდა, ხოლო ექვსი აღსაზრდელი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა.

საგანგაშო, სავალალო და შემაშფოთებელი - სახალხო დამცველის შეფასებები

სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები ნინოწმინდის პანსიონში, რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ, პირველად 2021 წლის 28 ივნისს შევიდნენ. შეხვდნენ პანსიონის ხელმძღვანელს, დაათვალიერეს დაწესებულება, გაეცნენ ბავშვებს, შეისწავლეს დოკუმენტაცია და ფსიქოლოგის მონაწილეობით გაესაუბრნენ არასრულწლოვანებს. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები იმ დღის შემდეგ კიდევ ორჯერ იყვნენ პანსიონში - 13 სექტემბერსა და 22 ნოემბერს.

არათუ სახალხო დამცველს, პანსიონში შესვლის კანონიერი უფლება უკანონოდ ჰქონდა შეზღუდული სახელმწიფო სოციალურ მუშაკს, რომელიც პანდემიის საბაბით, 11 თვის განმავლობაში ვერ შედიოდა ფაქტობრივად დახურულ დაწესებულებაში.

ანგარიშში ჩანს, რომ გარდა საჯაროდ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევების შესახებ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელებიც უყვებიან.

„მიღებული ინფორმაციით, პანსიონში გამოიყენებოდა ძალადობის სხვადასხვა ფორმა. კერძოდ, ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა, ბავშვების „მომზადება“ სახალხო დამცველთან და სოციალურ მუშაკებთან საუბრისათვის. ამასთან, ბავშვებს აქვთ იდენტური შინაარსის პასუხები - „აქ კარგია, ყველაფერი გვაქვს, საჭმელიც, ტანსაცმელიც და არავინ არ გვსჯის“. ამ ფორმით პასუხები ჟღერდებოდა მაშინაც, როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი მსგავს კითხვას არ უსვამდა არასრულწლოვანს. ამასთან, პანსიონის ერთ-ერთ ყოფილი აღსაზრდელი შეკითხვაზე - „ახალი რა ისწავლე ამ სახლში?“ იმეორებდა იმავე პასუხს, რომ იქ კარგად იყო, ყველაფერი ქონდა და ა. შ.“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ბავშვების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა და ჯანდაცვის პრობლემები

ანგარიშის ავტორები წერენ, რომ აღსაზრდელებთან გასაუბრებამ გამოავლინა პრობლემები, რომლებიც შესაძლოა უკავშირდებოდეს მათ რთულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას და ამიტომ, ისინი მიუთითებენ, რომ აუცილებელია ყველა აღსაზრდელის ნეიროფსიქოლოგიური შეფასება:

„ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები, კერძოდ, სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე. ამასთან, ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატი ინდივიდუალურ საქმის წარმოებას ახორციელებს და ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით, მოუწოდებდა „დამაბი, დამაბი!“

სახალხო დამცველი ანგარიშში წერს, რომ პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან საჭირო იყო მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქოლოგის განგრძობითი ჩართულობა, რაც თავად აღსაზრდელებთან გასაუბრების შედეგადაც გამოიკვეთა. გარდა ამისა, დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის რუტინული შემოწმება.

ბავშვებისთვის ფსიქოლოგიური დახმარების აუცილებლობის ზეპირი რეკომენდაცია მისცეს დაწესებულების ახალ ხელმძღვანელებსაც. თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულების მორიგი ვიზიტისას, 13 სექტემბერს აღმოჩნდა, რომ არასრულწლოვანებთან ფსიქოლოგი არ ყოფილა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ინფორმაციით, ასეთი დახმარების აღმოჩენა სამომავლოდ გადაიდო.

22 ნოემბერის ვიზიტისას კი სახალხო დამცველის რწმუნებულებს აცნობეს, რომ პანსიონის ადმინისტრაციამ მიიწვია ფსიქოლოგი, რომელიც ოქტომბრის თვეში ორჯერ იმყოფებოდა პანსიონში:

„განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პანსიონის არაერთი აღსაზრდელის ინდივიდუალური განვითარების გეგმაში პირდაპირ არის მითითებული ფსიქოლოგის და ერთ შემთხვევაში, ფსიქიატრის მომსახურების აუცილებლობა, თუმცა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხრიდან აღნიშნული რესურსის გამოყოფა ამ დრომდე არ მომხდარა“, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

განათლება - სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები, რომლებსაც პანსიონი ვერ ხედავს

„დოკუმენტაციის შესწავლა და როგორც სახელმწიფო სოციალურ მუშაკთან, ისე სკოლისა და პანსიონის წარმომადგენელთან გასაუბრება ცხადყოფს, რომ ბავშვების საგანმანათლებლო საჭიროებები, მათთან ჩართული ყველა მხარის მიერ წლების განმავლობაში უგულებელყოფილი იყო. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ პანსიონში მცხოვრებ აღსაზრდელებს მათ საჭიროებებზე მორგებულ სრულფასოვან განათლებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ. ამჟამადაც, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა სოციალური მუშაკები ინტენსიურად მუშაობენ პანსიონის აღსაზრდელთა ინდივიდუალური საჭიროებების შესაფასებლად, განათლების საკითხს კვლავ არ ექცევა სათანადო ყურადღება“, - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში.

განათლების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, კიდევ უფრო დიდი პრობლემის წინაშე დგანან განსაკუთრებული საჭიროების მქონე აღსაზრდელები.

როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები წერენ, ზრუნვის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პანსიონის არცერთ აღსაზრდელს არ ჰქონია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება. მაშინ, როდესაც 2021 წლის 19 მაისს, ქალაქ ნინოწმინდის №4 სკოლის დირექტორის განცხადებით, სადაც პანსიონის აღსაზრდელები სწავლობენ, 12 მოსწავლეს ჰქონდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი და მათთვის მულტიდისციპლინურმა გუნდმა შესაბამისი ინდივიდუალური განვითარების გეგმა შეადგინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ამ გეგმის და მასში გაწერილი აქტივობების შესახებ სოციალური მუშაკი და აღმზრდელები ინფორმირებული არ ყოფილან.

მას შემდეგ, რაც აღსაზრდელების დიდმა ნაწილმა პანსიონი დატოვა, დაწესებულებაში რჩება ორი აღსაზრდელი, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსი აქვთ და მათთვის №4 საჯარო სკოლაში გათვალისწინებულია ორი სპეციალური მასწავლებელი. თუმცა, პანსიონში ასევე ირიცხება კიდევ ერთი აღსაზრდელი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და მის ინდივიდუალური განვითარების გეგმაში ცალსახადაა მითითებული, რომ ბავშვს აქვს მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენა და ქცევითი აშლილობა და მუდმივად საჭიროებს მეცადინეობის დროს დახმარებას. თუმცა ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დღემდე საჭიროდ არ მიიჩნევს არასრულწლოვანის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებას.

ბავშვები, რომლებიც არასდროს ყოფილან მაღაზიაში

პანსიონატის აღსაზრდელებთან, ადმინისტრაციასთან და სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შემდეგ, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ პანსიონიდან დამოუკიდებლად გასვლისა და თანატოლებთან თამაშის უფლება.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ის, რომ დაწესებულება არ ზრუნავდა ბავშვების განათლებაზე, მათ ჯანმრთელობასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაზე, დასტურდება პანსიონის ყოფილ აღსაზრდელებისგან შეხვედრებისას მიღებული ინფორმაციითაც:

„არასრულწლოვნებთან და სოციალურ მუშაკებთან გასაუბრების შედეგად გამოიკვეთა, რომ ბავშვი არასდროს ყოფილა მაღაზიაში და არ აქვს საკვების, ნივთის ყიდვის გამოცდილება. ისინი აღმზრდელთა მიერ შემოღებულ წესებს ემორჩილებოდნენ და არასდროს მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე, არ იღებდნენ მონაწილეობას მათთვის სამოსის შერჩევაში. პანსიონში შემოწირულობის სახით შემოსული სამოსი ნაწილდებოდა ბავშვებს შორის“.

კვება - ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს

მიუხედავად იმისა, რომ პანსიონის აღსაზრდელთა მენიუ ოთხკომპონენტიან სადილს მოიცავს, სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ დაწესებულებისთვის ბავშვების სათანადო კვებია წლების განმავლობაში პრობლემა იყო:

„არასრულწლოვნების არასათანადო კვება დადასტურდა ბავშვებთან გასაუბრების შედეგადაც. ბავშვები აღნიშნავდნენ, რომ არ მოსწონდათ დაწესებულების კვება. ფაქტობრივად, არ იღებდნენ ხორცის პროდუქტებს, ძირითადად, იკვებებოდნენ ლობიოთი და წვნიანით, საუზმესა და ვახშამზე მხოლოდ ჩაისა და პურს იღებდნენ, იშვიათად, კარაქთან ან ჰალვასთან ერთად. ამასთანავე, კვების საკითხებთან დაკავშირებით, არასოდეს ითვალისწინებდნენ ბავშვების აზრსა და სურვილებს“.

ამას ადასტურებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან მიღებული წერილიც, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატს აცნობეს, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოებმა 2017 და 2018 წლებში გამოავლინეს არაერთი დარღვევა, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ აღსაზრდელთა არასათანადო კვება იყო.

არასრულწლოვანი, რომელიც ამბობს, რომ მზადაა ილაპარაკოს გამოძიებასთან

პანსიონატში ამჟამად მცხოვრები ერთ-ერთი არასრულწლოვანი ირწმუნება, რომ ის ფლობს ინფორმაციას წარსულში მომხდარი ძალადობის ფაქტების შესახებ და მზადაა ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მოუყვეს. მზაობა საუბრის შესახებ მან წელს, ივლისში გამოთქვა, თუმცა, სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, აღსაზრდელის კანონიერ წარმომადგენელს არ მიუმართავს სამართალდამცავი უწყებისთვის, მან არც ის იცოდა, ნინოწმინდის პანსიონის სხვა სოციალურმა მუშაკმა ხომ არ შეატყობინა უწყებას ბავშვის სურვილის შესახებ.

სისხლის სამართლის საქმეები - აკრძალული ტირილი

ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც.

არასრულწლოვანები მიუთითებდნენ დასჯის, დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე.

პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ.
ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის, აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა.
ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ.
ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით, ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა.
დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება.
არასრულწლოვანებმა ილაპარაკეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც.
ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.
ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას.

2021 წლის 7-8 ივლისს და 9-10 აგვისტოს, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში გაეცნენ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე წარმოებულ სისხლის სამართლის ოთხი საქმის მასალებს.

  • 2016 წლის 23 დეკემბერს, შსს-ს ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოში, გამოძიება დაიწყო პანსიონში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წერილი.
  • 2019 წლის 15 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიება დაიწყო სოციალური მუშაკის შეტყობინების საფუძველზე, 2018 წელს არასრულწლოვნის მიმართ ნინოწმინდის პანსიონში გაუპატიურების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებზე. საქმის მასალების მიხედვით, არასრულწლოვანმა ამ ფაქტის შესახებ სოციალურ მუშაკთან ნინოწმინდის პანსიონიდან წასვლის შემდეგ ისაუბრა.
  • 2020 წლის 11 დეკემბერს, ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში, სსიპ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო გამოძიება არასრულწლოვანების მიმართ პანსიონში ჩადენილი სავარაუდო ძალადობის და ერთ-ერთის მიმართ №4 საჯარო სკოლის პედაგოგის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილით. გამოძიებას საფუძვლად დაედო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართვა, რომლის წარმომადგენლებთან პანსიონიდან გასვლის შემდეგ ისაუბრეს არასრულწლოვანებმა.
  • 2021 წლის 9 თებერვალს, ნინოწმინდის სამმართველოში, გამოძიება დაიწყო 2018-2019 წლებში ერთ-ერთი აღსაზრდელის და სხვათა მიმართ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის 1 პრიმა „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. გამოძიებას საფუძვლად დაედო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შესული წერილი.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის იმ ფაქტების გამოძიება, რომლებიც 2021 წელს გახდა ცნობილი, ერთიანად ხდება ახალი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საქმეების მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა არაერთი დარღვევა, მათ შორის, საგამოძიებო მოქმედებებისას გათვალისწინებული არ ყოფილა ბავშვის საუკეთესო ინტერესები, არ გატარებულა არასრულწლოვანების დაცვაზე ორიენტირებული შესაბამისი ღონისძიებები. ასევე, იკვეთება საგამოძიებო მოქმედებების შეუსრულებლობა და გამოძიების პროცესში რამდენიმეწლიანი უმოქმედობა.

გამოიკვეთა ისიც, რომ სისხლის სამართლის ერთ-ერთი საქმის გამოძიება ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის შესახებ, შეტყობინებიდან მხოლოდ 2 თვის შემდეგ დაიწყო. ამავე საქმეში იკვეთება არასრულწლოვანების საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოკითხვა, საჭიროების მიუხედავად, ბავშვისთვის, კანონიერი წარმომადგენლის ნაცვლად, არ დაუნიშნავთ საპროცესო წარმომადგენელი. ასევე, გამოკითხვის პროცესში არასრულწლოვანებმა და მათმა მშობელმა უარყვეს ძალადობის ის ფაქტები, რომლებზეც აქამდე სხვა უწყებასთან საუბრობდნენ. ამისი მიზეზი, შესაძლოა, იყოს საქმის გამომძიებლის და ნინოწმინდის სამმართველოს პოლიციის განყოფილების ორი სხვა თანამშრომლის მიერ, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისგებაში მიცემით და დაშინების სხვა ფორმების გამოყენებით მათი დაყოლიება, შეეცვალათ ჩვენება. აღნიშნულის საფუძველზე, საქმის გამომძიებლის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, გამომძიებელი ჩამოშორდა სისხლის სამართლის საქმეს.

არასრულწლოვანების ინტერესების დამცველი სამი პოლიციელის შესაძლო სამართალდარღვევაზე მიუთითებდა. შესაბამისად, იკვეთებოდა ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს არა მხოლოდ ერთი თანამშრომლის (საქმის მწარმოებელი გამომძიებლის), არამედ პოლიციის განყოფილების სხვა თანამშრომლების სავარაუდო კანონსაწინააღმდეგო ქმედებაც, რომელზეც ადვოკატი ასევე მიუთითებდა, რაც საეჭვოს ხდის ხსენებული სამმართველოს ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამავე მოსაზრებას ამყარებს ის გარემოება, რომ გამოძიება 2016 წელს დაიწყო და 4 წლის განმავლობაში, არცერთი საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედება არ ჩატარებულა. კერძოდ, 2021 წლის გაზაფხულის ბოლომდე და ზაფხულის დასაწყისამდე - იმ დრომდე, როდესაც სახალხო დამცველმა საჯარო განცხადებებში მიუთითა ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა უფლებების დარღვევების შესახებ.

ბავშვების ჩვენებებში იკვეთება მოპყრობის და დასჯის ძალადობრივი მეთოდები (ცემა, შიმშილობა, გაშიშვლება, მეტანია და ა.შ.), რასაც პერმანენტული ხასიათი ჰქონდა და გამოიყენებოდა არა კონკრეტული, არამედ თითქმის ყველა ბავშვის მიმართ.

ამ პირობებში, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სსკ-ის 126-ე მუხლით (ძალადობა) კვალიფიკაცია არასაკმარისია და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებს არ მოიცავს. შესაბამისად, უწყების განცხადებით, მნიშვნელოვანია პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის სისტემური გამოძიება და მისი სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3)-ე მუხლით წარმართვა და გამოძიების ფარგლებში, უზრუნველყოფილ იქნეს პანსიონში მომხდარი ფაქტების სრულყოფილი შესწავლა და მტკიცებულებების ერთიანად მოპოვება. კერძოდ, თავდაპირველად ყველა დოკუმენტის მოპოვება როგორც პანსიონიდან, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, ბავშვების მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების საკითხის განხილვაც. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვები, რომლებიც იმავე დაწესებულებაში რჩებოდნენ/რჩებიან, ვერ იქნებიან ზეგავლენისგან დაცულნი, შესაბამისად, მათთან ვერ შედგება ეფექტიანი, ნდობაზე დაფუძნებული კომუნიკაცია.

სახალხო დამცველის ანგარიშის დასკვნით ნაწილში ვკითხულობთ:

„სახელმწიფო, რომელსაც, როგორც საერთაშორისო, ისე ეროვნული კანონმდებლობით აკისრია უპირველესი ვალდებულება, დაიცვას სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნები ყველა ფორმის ძალადობისგან და შეუქმნას მათ ცხოვრების სათანადო პირობები, უზრუნველყოს მათი განვითარება და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ხშირად, ინფორმირებულიც კი არ არის იმ საჭიროებების შესახებ, რაც შეიძლება პანსიონში მცხოვრებ ბავშვს ჰქონდეს. სავალალოა ის გარემოებაც, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო უწყებები ვერ ახერხებენ დროულ და კოორდინირებულ მოქმედებას არასრულწლოვანთა დაცვის მინიმალური გარანტიების შესაქმნელად. სახელმწიფო უწყებები თვეების განმავლობაში არ შესულან ლიცენზირებულ სააღმზრდელო დაწესებულებაში და ამას რაიმე ერთობლივი, კოორდინირებული ქმედითი რეაგირება არ მოჰყოლია. განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად მიუთითებდა დაწესებულებაში ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე და იმ გარემოებაზე, რომ ბავშვების უსაფრთხოებისა და განვითარების კუთხით რეალური საფრთხე იდგა“.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაჩქარებულ ვადებში შემუშავდეს და დამტკიცდეს დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და გეგმა.

ის ასევე მიმართავს პროკურატურას, პანსიონში ბავშვების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტებზე წარმოებული ყველა საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდეს. დაზუსტდეს კვალიფიკაცია და გამოძიება პანსიონში ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე წარიმართოს სსკ-ის 144-ე მუხლით, ასევე, პანსიონში არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება წარიმართოს 137-ე, 138-ე და 141-ე მუხლებით.

ნინოწმინდის პანსიონში, ამ დროისათვის, 15 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

ამჟამად სახელმწიფო სოციალური მუშაკები პანსიონის შენობაში 24-საათიანი მორიგეობით იმყოფებიან, რაც გარკვეულწილად ქმნის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათი საჭიროებების უზრუნველყოფის გარანტიას.

თუმცა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ნინოწმინდის ტერიტორიული ერთეულის სოციალურ მუშაკთან გასაუბრებისას გამოიკვეთა, რომ ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად მცხოვრებ არასრულწლოვანებს და ყოფილ აღსაზრდელებს განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ.

სახალხო დამცველის ოფისი თვლის, რომ ეს ფაქტი სამომავლოდ განსაკუთრებით გაართულებს სოციალური მუშაკებისთვის ბავშვებთან ეფექტიან და ნდობაზე დამყარებულ კომუნიკაციას, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის ბავშვების მდგომარეობის ზუსტ შესწავლას და სავარაუდო ძალადობის შემთხვევების გამოვლენას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG