Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ ჟენევის და ბრიუსელის ბოლო შეხვედრებზე


საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-სა და რუსეთს და ნატოსა და რუსეთს შორის ამ კვირაში გამართული შეხვედრების შესახებ.

ორი კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე მომხსენებლები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. სხდომის დახურვამდე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ თქვა, რომ მინისტრების მოადგილეებისგან მიიღებენ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს ამ მოლაპარაკებების შესახებ.

ნიკოლოზ სამხარაძემ და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ სხდომის დახურული რეჟიმით ჩატარება საკითხის სენსიტიურობით ახსნეს. ირაკლი ბერაიას თანახმად, გადაწყვეტილება მომხსენებლებთან კონსულტაციით მიიღეს.

10 იანვარს ჟენევაში გაიმართა აშშ-ის და რუსეთის დიალოგი სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე, ხოლო 12 იანვარს, ბრიუსელში ჩატარდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

რუსეთთან დასავლეთის დიპლომატიური დიალოგის მცდელობების ფონია უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრა და აშშ-ისა და ნატოსადმი მოსკოვის მოთხოვნები.

2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან შეთანხმების პროექტები. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ აშშ-მა და ნატომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაძლიერება და ალიანსში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ასევე, უარი თქვან ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში, ამიერკავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

10 იანვარს, ჟენევაში რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა განაცხადა, რომ არავის მისცემენ უფლებას, დახუროს ნატოს ღია კარის პოლიტიკა და არასდროს იტყვიან უარს თანამშრომლობაზე იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებსაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან მუშაობა სურთ.

12 იანვარს, ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომაზე ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა დაადასტურეს ნატოს ღია კარის პოლიტიკა. გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მოკავშირეებმა მკაფიოდ განუმარტეს რუსეთს, რომ არ იტყვიან უარს ერთმანეთის დაცვაზე, მათ შორის, ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში განთავსებული ჯარების საშუალებით.

XS
SM
MD
LG