Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის შეხვედრა მცირე იმედისა და დიდი უკმაყოფილების ფონზე


აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება ჟენევაში
აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკება ჟენევაში

„უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ რუსეთის მიერ წამოყენებული მოთხოვნების თაობაზე ორშაბათს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის ჟენევაში დაიწყო ოფიციალური მოლაპარაკება, რომლისგანაც გარღვევას არც ერთი მხარე არ ელოდება.

„არა, სრულიად არავითარი ოპტიმიზმი არ არსებობს“, - განაცხადა 9 იანვარს რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა. მან „საგანგაშო“ უწოდა ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან წამოსულ ბოლო სიგნალებს და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთისგან ცალმხრივ დათმობებს მოითხოვს.

თავის მხრივ, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება აღმოსავლეთით, ყოფილი საბჭოთა სივრცის ქვეყნების, მათ შორის საქართველოსა და უკრაინის მოცვის მიზნით. 10 იანვარს კრემლს კიდევ ერთხელ მკაფიოდ შეახსენეს, რომ კოლექტიური დასავლეთისთვის ასეთი მოთხოვნები მიუღებელია.

„ჩვენ არ ვიტყვით უარს იმ სუვერენულ სახელმწიფოებთან ორმხრივ თანამშრომლობაზე, რომლებსაც აშშ-სთან მუშაობა სურთ. ჩვენ არ მივიღებთ უკრაინაზე გადაწყვეტილებას უკრაინის გარეშე, ევროპაზე - ევროპის გარეშე და ნატოზე - ნატოს გარეშე. როგორც ჩვენ ვეუბნებით ჩვენს პარტნიორებსა და მოკავშირეებს: არაფერი გადაწყდება თქვენზე, თქვენ გარეშე“, - განაცხადა ჟენევაში თითქმის რვასაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა.

სტოლტენბერგის გაფრთხილება და ფრთხილი ოპტიმიზმი

ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, რომელიც უსაფრთხოების საკითხებზე კვირის ბოლოს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას უმასპინძლებს, იმედოვნებს, რომ უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევაში დაწყებულმა მოლაპარაკებამ, შესაძლოა ევროპას თავიდან ააცილოს მორიგი შეიარაღებული კონფლიქტი, თუ მხარეები შესაბამის ნებას გამოავლენენ.

იენს სტოლტენბერგი
იენს სტოლტენბერგი

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს შეხვედრები ძველ პრობლემებს გადაჭრის. ერთადერთი, რასაც მოველით, არის ის, რომ ჩვენ შევძლებთ შეთანხმებას შემდგომ მოქმედებებზე, შეხვედრების სერიაზე და შევთანხმდებით პროცესზე. ამიტომ, არარეალისტურია იმის მოლოდინი, რომ ამ კვირაში დაგეგმილი შეხვედრების დასრულებასთან ერთად პრობლემები გადაიჭრება. მაგრამ მე მართლა მწამს, რომ ორივე მხარეს, მათ შორის რუსეთსაც, აქვს რეალური ნება, რომ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ ახალი შეიარაღებული კონფლიქტი ევროპაში. ყოველ შემთხვევაში ნატოს ნამდვილად აქვს ამის ნება“, - განაცხადა 10 იანვარს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მან ორშაბათს ნატოს შტაბბინაში უმასპინძლა უკრაინის ვიცე-პრემიერს, ოლგა სტეფანიშინას და კიდევ ერთხელ დაარწმუნა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ალიანსი კვლავინდებურად ერთგულია ნატოში გაწევრიანების შესახებ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის რეალიზებაზე მესამე ქვეყანა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს.

„რაც შეეხება უკრაინის ნატოში წევრობას, ჩვენ დავადასტურეთ ჩვენ მიერ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება და ვემხრობით ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რათა იმოძრაოს ნატოს წევრობისკენ, ნატოს სტანდარტების მიღწევისა და შესაბამისი რეფორმების გატარების გზით. და ჩვენ ძალიან ცხადად განვაცხადეთ, რომ არასოდეს წავალთ კომპრომისზე, როდესაც საქმე ეხება ევროპის ყველა ხალხის უფლებას, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, აირჩიოს უსაფრთხოების ის სისტემა, რომლის წევრად გახდომაც სურს. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა და ნატოს 30-ვე მოკავშირე გადაწყვეტენ, თუ როდის იქნება უკრაინა მზად წევრობისთვის. სხვას არავის აქვს უფლება, რაიმე ილაპარაკოს ამის თაობაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

ეს „სხვა“ - რუსეთია. თუ მანამდე, ნატოს ყოველი მორიგი გაფართოების წინ, მოსკოვი მხოლოდ ზოგად უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ამჯერად მან პირდაპირ და ღიად მოთხოვა ნატოს და მის ლიდერ ქვეყანას, აშშ-ს, რომ არ დაუშვან აღმოსავლეთით ალიანსის შემდგომი გაფართოება და მის რიგებში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღება. ამ და სხვა მოთხოვნების შესახებ დეტალურად არის საუბარი უსაფრთხოების გარანტიების თაობაზე 2021 წლის 17 დეკემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ შეთანხმების პროექტებში, რომლების ადრესატები ამერიკის შეერთებულ შტატები და ნატო არიან.

მოგვიანებით, მოსკოვში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა დასავლეთისგან უკვე კატეგორიულად მოითხოვა გარანტიების მიღება.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ იქნება უზრუნველყოფილი ჩვენი უსაფრთხოება. ამიტომ ყოველგვარი ეშმაკობის გარეშე, პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ აღარ უნდა მოხდეს არავითარი ნატოს შემდგომი მოძრაობა აღმოსავლეთისკენ“, - განაცხადა პუტინმა დიდ პრესკონფერენციაზე.

კოლექტიური დასავლეთისთვის რუსეთის ასეთი მოთხოვნები მიუღებელია, მაგრამ უკრაინაში რუსეთის მორიგი ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის თავიდან ასაცილებლად, აშშ და მისი პარტნიორები დათანხმდნენ რუსეთთან მოლაპარაკების გამართვას.

მაგრამ დასავლეთში არც იმას გამორიცხავენ, რომ რუსეთმა, თავისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, კვლავ გამოიყენოს ძალა მეზობელი უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიაზე, როგორც ეს 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს მოხდა.

„ამავე დროს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ სიტუაციისთვის, როდესაც რუსეთი, მორიგ ჯერზე, გადაწყვეტს შეიარაღებული ძალის გამოყენებას, თანამშრომლობის ნაცვლად კონფრონტაციას აირჩევს. ამიტომ ასევე გვჭირდება ძალიან მკაფიო მესიჯის გაგზავნა რუსეთისთვის, რომ ჩვენ ერთიან პოზიციაზე ვართ და რომ რუსეთისთვის საფასური მძიმე იქნება - ეკონომიკური, პოლიტიკური საფასური - თუკი ისინი კიდევ ერთხელ გამოიყენებენ სამხედრო ძალას უკრაინის წინააღმდეგ“, - თქვა სტოლტენბერგმა 10 იანვარს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უკმაყოფილოა ევროკავშირიც

მიუხედავად აშშ-სა და რუსეთს შორის 10 იანვრის მოლაპარაკების შესახებ მიღწეული წინასწარი შეთანხმებისა, მოსკოვი არ ჩქარობს უკრაინის საზღვართან კონცენტრირებული სამხედრო ძალის უკან გაყვანას. მეტიც, ამერიკის დაზვერვის მონაცემებით, რომელსაც გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ ეყრდნობა, რუსეთი თავისი 175 ათასი ჯარისკაცით უკრაინაზე მასირებულ და მრავალგანზომილებიან სამხედრო თავდასხმას გეგმავს, ამჯერად აზოვის ზღვის მიმართულებით.

რუსეთმა სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის თავმოყრა უკრაინის საზღვართან ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში დაიწყო. ამასთან, რუსეთის არმიის კუთვნილი ტანკების, თვითმავალი საარტილერიო დანადგარებისა და ჯავშანმანქანების დიდი კონცენტრაცია არა მხოლოდ უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რაიონებში, არამედ 2014 წელს ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზეც დადასტურდა.

ამ ფონზე, კოლექტიურ დასავლეთსა და რუსეთს შორის ინტენსიური მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმებიან კიევში, მაგრამ ერთი დათქმით: მაღალი დონის მოლაპარაკების დროს სრულად უნდა იქნეს გათვალისწინებული უკრაინის ეროვნული ინტერესები. ხოლო რუსეთის მხრიდან მოთხოვნილი ე.წ. გარანტიები არ შეიძლება გახდეს მოლაპარაკების საფუძველი.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთის მიერ მოკავშირეებისადმი წაყენებული მოთხოვნები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოლაპარაკების პოზიციად. აგრესორი არ არის პირობების წამოყენების პოზიციაზე მანამ, სანამ რუსეთის ტანკები უკრაინის საზღვრიდან არ გავლენ“, - განაცხადა 10 იანვარს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ.

თავის მხრივ, ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვით უკმაყოფილოა ევროკავშირის ხელმძღვანელობა.

„რუსეთთან ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგი ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე, ნონსენსია“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბრის დროს. ჟოზეპ ბორელი უკრაინას 6 იანვარს, რუსეთთან დაძაბულობის ფონზე, ეწვია და დონბასში კონფლიქტის ზონაშიც ჩავიდა.

„დიალოგი არ შეიძლება იყოს მხოლოდ ნატოს დონეზე, რადგან ევროკავშირის ყველა ქვეყანა არ არის ნატოს წევრი. როგორ წარმოგიდგენიათ ევროკავშირის სახელმწიფოების უსაფრთხოებაზე რუსეთთან მოლაპარაკება ევროკავშირის მონაწილეობის გარეშე? ეს - ნონსენსია. მე მესმის, რომ რუსეთი არ აღიარებს ევროკავშირს, როგორც მოთამაშეს. მაგრამ ჩვენ - მოთამაშე ვართ. ევროკავშირი უნდა მონაწილეობდეს დიალოგში“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი აღიარებს, რომ ბრიუსელს არ შეუძლია აიძულოს რუსეთი, გაითვალისწინოს მისი სურვილი, მაგრამ, ჟოზეპ ბორელის აზრით, ამ შემთხვევაში სხვა „დამცავი“ არსებობს. ეს არის აშშ-ის მიერ მიცემული პირობა, რომ არ მოხდება რუსეთთან არავითარი შეთანხმება დიალოგში ევროკავშირის, უკრაინისა და სხვა მოთამაშეების მონაწილეობის გარეშე.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის ვერ ვაიძულებთ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას. მაგრამ მე მუდმივ კონტაქტში ვარ აშშ-სთან და ამერიკელებმა დამარწმუნეს, რომ არაფერი მოხდება ევროპელებთან მტკიცე კოორდინაციისა და ევროპელების მონაწილეობის გარეშე. მათ ორ თეზისს გაუსვეს ხაზი: კოორდინაციას და მონაწილეობას“, - განაცხადა ჟოზეპ ბორელმა უკრაინაში ვიზიტის დროს.

ტესტი რუსეთისთვის

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციების ხელმძღვანელებმა, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ჟენევაში დღეს, 10 იანვარს დაგეგმილ მოლაპარაკებამდე წინასწარი შეხვედრა გამართეს. საქმიანი ვახშმის ფორმატით, გასულ ღამით გამართული შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

შერმანმა დაადასტურა, რომ აშშ მზად არის რუსეთთან განიხილოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, თუმცა, ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობას არ აპირებს ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების გარეშე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, კვირას განაცხადა, რომ არ მოელის რაიმე გარღვევას ჟენევის ორმხრივი მოლაპარაკებისგან ან ბრიუსელის ნატო-რუსეთის საბჭოს მსვლელობის განმავლობაში.

ვაშინგტონის თქმით, მოსკოვზეა დამოკიდებული, აირჩევს თუ არა დიალოგს დაძაბულობის შესასუსტებლად და უკრაინასთან დაკავშირებით „კონფრონტაციის თავის ასარიდებლად“.

„არსებობს დიალოგისა და დიპლომატიის გზა, რომელიც შეიძლება ვცადოთ ზოგი უთანხმოების გადასაჭრელად და კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად. მეორე გზაა კონფრონტაცია და სერიოზული შედეგები რუსეთისთვის, თუკი ის განაახლებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას. ჩვენ მალე შევამოწმებთ შემოთავაზებას იმის თაობაზე, თუ რომელი გზის არჩევისთვისაა მზად [ვლადიმირ] პუტინი“, - უთხრა 9 იანვარს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა CNN-ს.

რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკება 10 იანვარს ჟენევაში 7,5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მოლაპარაკება დახურულ კარს მიღმა გაეროს ჟენევის განყოფილებაში, აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობის შენობაში გაიმართა.

პირველად შეხვედრის შედეგების შესახებ მედიასთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის კონსულტაციებზე მოსკოვის მიერ წამოყენებული უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს, მაგრამ მას არ მოლაპარაკებაზე არ ეჭირა მთავარი ადგილი.

თავის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, უენდი შერმანი აცხადებს, რომ 10 დეკემბერს, ჟენევაში, რუსეთთან გამართული შეხვედრა წარმოადგენდა საუბარს და არა მოლაპარაკებას და ამბობს, რომ აშშ-მა რუსეთის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები დეტალურად არ განიხილა.

სააგენტო „ინტერფაქსი“ რიაბკოვზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჟენევის შეხვედრაზე განიხილეს უკრაინის თემაც. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სიტყვებიდან ირკვევა, რუსმა დიპლომატებმა დაარწმუნეს ამერიკელი კოლეგები, რომ რუსეთს უკრაინაზე „თავდასხმის“ არანაირი გეგმა არ გააჩნია.

სერგეი რიაბკოვს განუცხადებია ასევე, რომ ამერიკის მხარეს არ ესმის რუსეთის მიერ ჟენევის მოლაპარაკებაზე წარმოდგენილი საკითხების „იმპერატიულობა“. მაგრამ გამოუთქვამს იმედი, რომ ამ საკითხებში გარღვევას მიაღწევენ „ნატოს წრეში“ და რუსეთისკენ რეალური შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგმება.

მომდევნო სტრატეგიული დონის მოლაპარაკება ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში 12 იანვარს ალიანსის შტაბბინაში გაიმართება. სულ ბოლოს, 13 იანვარს, ამას მოჰყვება რუსეთ-ეუთოს სხდომა, ასევე აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების მონაწილეობით.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG