Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩვ. წ. - როგორ დაუკავშირდა ახალი წელთაღრიცხვა ქრისტეს


14 იანვარს, საქართველოში ძველით ახალი წელი აღინიშნება, რასაც დასავლეთ საქართველოში კალანდას უწოდებენ. დროის ათვლის ერთ-ერთი სისტემით ქრისტეშობიდან 2022 წელი სწორედ ახლა, შუა იანვარში დგება.

როგორ გაიყო წელთაღრიცხვა ქრისტემდე და ქრისტეს შემდგომ ეპოქებად, ამის თაობაზე რადიო თავისუფლება ისტორიკოსებსა და თეოლოგებს ესაუბრა.

ქრისტიანული სამყაროს ერთი ნაწილი ქრისტეს დაბადებას 25 დეკემბერს ზეიმობს, მეორე - შვიდ იანვარს. სინამდვილეში იესო ქრისტეს დაბადების არც თარიღი და არც წელი ცნობილი არ არის. დღეები, როდესაც ჩვენ ძველი თუ ახალი სტილით ქრისტეშობას აღვნიშნავთ, სულ სხვა მიზეზების გამო შეირჩა. ჩვენი წელთაღრიცხვის შემოღების ისტორიაც უფრო აღდგომას უკავშირდება, ვიდრე შობას.

საშობაო ალილო, 2019 წელი
საშობაო ალილო, 2019 წელი

„იყო მერვესა წელსა სპარსთა მეფისასა კარად სამეფოდ წარემართა ვარსქენ პიტიახში“ , - ასე იწყებს იაკობ ცურტაველი იმ ამბის მოყოლას, რომელიც ქრისტეშობიდან მე-5 საუკუნეში მოხდა. ამ დროს წლებს ჯერ კიდევ ამა თუ იმ მონარქის გამეფების პერიოდიდან ითვლიდნენ. ბერი იაკობიც ათვლის წერტილად წარმართ სპარსთა მეფეს იყენებს და არა ქრისტეს, რომელსაც თავად ემსახურება.

მაგრამ სულ სხვანაირად მოიქცა სკვითი ბერი დიონისე მცირე. მას უბრალოდ აღარ მოუნდა აღდგომის გამოსათვლელ კალენდარში რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მოხსენიება და გადაწყვიტა, ქრისტეს დაბადების თარიღი გამოეთვალა.

ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, თეოლოგი მალხაზ სონღულაშვილი ჰყვება, რომ დიოკლეტიანესთან დაკავშირებული წელთაღრიცხვა მე-4 საუკუნის რომის იმპერიაში ძალიან პოპულარული იყო. ეს სწორედ ის დეოკლეტიანეა, რომელსაც წმინდა გიორგის ხატზე გველეშაპის ნაცვლად გამოსახავენ. გადმოცემის თანახმად, მის სახელს უკავშირდება ქრისტიანების მასობრივი დევნა, მათ შორის, თავად წმინდა გიორგის წამება და მკვლელობაც.

წმინდა გიორგის ხატი
წმინდა გიორგის ხატი

მე-6 საუკუნეში დიონისე მცირემ (Dionysius Exiguus) აღდგომის გამოსათვლელი ცხრილი შეადგინა. მას აღდგომის ცხრილში დიოკლეტიანეს სახელის ხსენება ეჩოთირებოდა, ამიტომ რამდენიმე მარტივი არითმეტიკული განტოლება შეადგინა. ლუკას სახარებაში მითითებულია, რომ იესო სამოღვაწეოდ დაახლოებით 30 წლისა გამოვიდა. იქვე ნათქვამია, რომ ეს რომის იმპერატორის ტიბერიუსის მმართველობის მე-15 წელს მოხდა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ქრისტეს დაბადებიდან უკვე 525 წელი იყო გასული. სწორედ ეს რამდენიმე რიცხვი გახდა ახალი წელთაღრიცხვის დაწყების საფუძველი.

მაგრამ დიონისეს კალენდარი უცებ არ გავრცელებულა. მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომ კათოლიკური ეკლესია ლამის მე-14 საუკუნემდე აგრძელებდა ძველ ტრადიციას, ანუ თარიღს ამა თუ იმ მონარქის გამეფების წლიდან ანგარიშობდა. რაც შეეხება მანამდე არსებულ დროს, ტერმინი „ჩვენ წელთაღრიცხვამდე“ პირველად გაჩნდა ინგლისელი ისტორიკოსის ბედეს (მოღვაწეობდა მეშვიდე-მერვე საუკუნეებში, ..) ნაწარმოებში.

„მე-8 საუკუნის ბოლოს და მე-9 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში ქრისტიანული წელთაღრიცხვა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დასავლეთ ევროპის ბოლო ქვეყანა, სადაც წელთაღრიცხვის ათვლა ქრისტეს დაბადებიდან დაიწყო, პორტუგალია გახლდათ. ეს მოხდა 1422 წელს. მართლმადიდებელმა ქვეყნებმა ათვლის ეს სისტემა შედარებით გვიან, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში გაიზიარეს“, - ამბობს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

აპოლონი ეკლის გვირგვინით

და ვითარცა შობისა დღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის, და სთნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი(მათე 14, 6).

ჰეროდე დაბადების დღეს აღნიშნავს, წვეულება აქვს... თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ეს ფაქტი შეიძლება გამონაკლისად ჩაითვალოს, რადგან ებრაულ ტრადიციაში დაბადების დღეს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ. დაბადების დღისადმი დამოკიდებულება იმ ეპოქაში სულაც არ იყო ისეთი, როგორიც თანამედროვე ადამიანს აქვს.

გარკვეულწილად, ამან განაპირობა ისიც, რომ ქრისტიანებმა შობის აღნიშვნა მხოლოდ მე-4 საუკუნეში დაიწყეს, აღნიშნავდნენ 6 იანვარს და ეს ტრადიცია დღემდე შემორჩა სომხურ სამოციქულო ეკლესიაში.

„მე-4 საუკუნემდე ქრისტეს დაბადება ნაკლებად აღინიშნებოდა როგორც დამოუკიდებელი დღესასწაული. ის დაკავშირებული იყო ნათლისღებასათან, როდესაც უფლის გამოცხადება მოხდა. ეს უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, ვიდ ქრისტეს ხორციელი დაბადება. ამიტომ ნათლისღებასაც და ქრისტეშობასაც ერთ დღეს, 6 იანვარს აღნიშნავდნენ“, - ამბობს ბექა მინდიაშვილი.

მოგვიანებით დასავლეთში გაჩნდა ტენდენცია, შობა 25 დეკემბერს ეზეიმათ. თუ რატომ, ამის შესახებ მეცნიერები დღემდე დავობენ.

არსებობს ერთი აზრი, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესეოა. 25დეკემბერს ზამთრის ბუნიობიდან (22 დეკემბერი) ორიოდე დღეა გასული, დღე მატულობს. ქრისტე იოანეს სახარებაში ნათელთან არის გაიგივებული, ანუ ქრისტეშობის თარიღის დაწესება იმ დროისთვის, როდესაც ნათელი მატულობს, სრულიად ლეგიტიმური თეოლოგიური არგუმენტია, - ამბობს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის დაიბადა იესო, არა მხოლოდ თვე და რიცხვი, არამედ წელიც, რადგან სინამდვილეში დიონისეს შეეშალა ქრისტეს დაბადების თარიღი
მალხაზ სონღულაშვილი

სხვა მოსაზრებებით, 25 დეკემბერი ქრისტეშობის დღესასწაულად წარმართული ზეიმისთვის მეტოქეობის გასაწევად დადგინდა. 17-23 დეკემბერს, რომში, სატურნის ტაძარში მსხვერპლშეწირვის დიდი დღესასწაული იმართებოდა, 25 დეკემბერს კი იმართებოდა მზის დღესასწაული.

ქრისტე ისედაც მიიჩნეოდა ჭეშმარიტების მზედ, ამიტომ ამ დღესასწაულში ქრისტიანული შინაარსის შეტანა პრობლემას არ წარმოადგენდა. ასეთი რამ სხვა დროსაც მომხდარა, მაგალითად, კოსტანტინე დიდმა აპოლონის ქადაკებას ეკლის გვირგვინი დაადგა და ქრისტეს ქანდაკებად გამოაცხადა“, - ჰყვება ბექა მინდიაშვილი.

დიონისე მცირეს დიდი შეცდომა

ჩვენ არ ვიცით, ზუსტად როდის დაიბადა იესო, არა მხოლოდ თვე და რიცხვი, არამედ წელიც, რადგან სინამდვილეში დიონისეს შეეშალა ქრისტეს დაბადების თარიღი“, - განმარტავს მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი.

დიონისე მცირე რომ შეცდა, ამის თქმის საფუძველს მეცნიერებს ის აძლევს, რომ ჰეროდე დიდი, რომლის სახელსაც ებრაელი ბავშვების ამოწყვეტა უკავშირდება, ძველი წელთაღრიცხვის 4 წელს გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ჰეროდე დიდმა, გაიგო რა ქრისტეს დაბადების შესახებ, ბრძანა, 2 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი დაეხოცათ. შესაბამისად, ბიბლიის თანამედროვე მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ქრისტე არა ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, არამედ ძველი წელთაღრიცხვის 4, 5 ან 7 წელს დაიბადა.

ეს ორი წელთაღრიცხვის ისტორია, მაგრამ საიდან მოვიდა ორი კალენდარი?

გამოტოვებული 11 წუთი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე ჰყვება, რომ პირველ საუკუნეში იმპერატორმა იულიუსმა ეგვიპტელ ქურუმს სოზიგენეს კალენდრის შემუშავება დაავალა. ამ კალენდარს მე-16 საუკუნის ბოლომდე უპრობლემოდ იყენებდნენ, სანამ 1582 წელს პაპ გრიგოლ მეცამეტესთან ასტრონომები არ მივიდნენ და თავიანთი გათვლები არ წარუდგინეს. აღმოჩნდა, რომ სოზიგენეს კალენდარი ყოველ წელიწადს 11 წუთის ცთომილებას შეიცავდა, ანუ 11 წუთით ნაკლები იყო. ეს 11 წუთი კი ყოველ 128 წელიწადში ერთი დღის განსხვავებას იძლევა.

პაპმა გრიგოლმა საგანგებო ბულა გამოსცა, რომლის მიხედვითაც 1582 წლის 5 ოქტომბერი 15 ოქტომბრად გამოაცხადა, ანუ კალენდარს გამოტოვებული 10 დღე დაემატა. შემდეგ საუკუნეებში ამ კალენდარს კიდევ 3 დღეც დაერთო. ასე გაჩნდა ახალი გრიგორიანული კალენდარი, რომელსაც ახლა სრულად კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი ნაწილი იყენებს. რაც შეეხება საქართველოს, იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის ეკლესიებსა და ათონის მთას, ისინი ძველ სტილზე დარჩნენ.

„1918 წლის იანვარში ამიერკავასიის სეიმმა მიიღო გრიგორიანული კალენდარი და ძველ და ახალ სტილს შორის ძალიან დიდი შეუსაბამობა წარმოიქმნა. სამოქალაქო კალენდრით ახალი სტილი აღინიშნება, საეკლესიოთი კი ძველი“, - ამბობს სერგო ვარდოსანიძე. მაგალითად, დღემდე სამოქალაქო გრეგორიანული კალენდრით ახალ წელს 1 იანვარს აღვნიშნავთ, შემდეგ კი მოდის 13 დღით უკან დარჩენილი იულიუსის კალენდარი ანუ 14 იანვრის ძველით ახალი წელი, იგივე კალანდა გურიისა და სამეგრელოსთვის.

სერგო ვარდოსანიძე ჰყვება, რომ საქართველოს ეკლესია ერთი პირობა შეეცადა, გრიგორიანულ კალენდარზე გადასულიყო, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის გამო ეს ვერ მოახერხა. კერძოდ, მიტროპოლიტმა ქრისტეფორე ციცქიშვილმა, რომელიც პატრიარქ ამბროსის დაპატიმრების შემდეგ საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველის მოვალეობას ასრულებდა, 1925 წელს მიიღო გადაწყვეტილება, ეკლესიაში ახალი სტილი შემოეტანათ. მის ამ ნაბიჯს მაშინ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. მეორედ იმავეს ორი წლის შემდეგ შეეცადა, ამჯერად უკვე პატრიარქის ამპლუაში.

მაშინ მას ეს ბოლშევიკებისგან ნაკარნახევ გადაწყვეტილებად ჩაუთვალეს. სინოდმა კი მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ამან ისეთი ქაოსი გამოიწვია, რომ რეალობაში განხორცილება ვერ მოახერხეს. რუსული სამრევლოები ძველ სტილზე რჩებოდნენ. გამოდიოდა, რომ ალექსანდრე ნეველის ტაძარში ძველი სტილით უნდა აღენიშნათ დღესასწაულები, სიონში - ახლით, რაც მრევლის დაბნეულობას იწვევდა“, - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.

1928 წელს საქართველოს ეკლესიის სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ამ რეფორმაზე დროებით უარი ეთქვათ, თუმცა მას შემდეგ ამ თემას აღარ დაბრუნებიან.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG