Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფული იფლანგება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ შეინახოს თავისი აქტივისტები“?


სიღნაღის მერია
სიღნაღის მერია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შეისწავლა და ანგარიში მოამზადა იმის შესახებ, როგორ ფუძნდებიან, იმართებიან და კონტროლდებიან მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპი, იგივე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები. ანგარიში 33 გვერდიანია და 2014-19 წლებს მოიცავს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება წერს, რომ საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ახლად დაფუძნებული აიპი ორგანიზაციები და შესაბამისად იქ დასაქმებულთა რაოდენობა. უფრო მეტიც, ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი გახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას.

ანგარიშში წერია: ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი. ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.

ყვარელის მერია
ყვარელის მერია

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული. სათანადოდ არ იგეგმება, თუ რა ღონისძიებები უნდა განხორციელდეს და რა თანმიმდევრობით, როგორი უნდა იყოს მიმდინარე ამოცანები კონკრეტულ სფეროში საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგად, ხშირია შემთხვევები, როდესაც ა(ა)იპ-ის დაფუძნების იდეამ არ გაამართლა და საჭირო გახდა მისი ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ან ორგანიზაცია აგრძელებს ფუნქციონირებას, თუმცა მისი საქმიანობის შედეგები არაეფექტიანია. აღსანიშნავია, რომ ამ წლებში მათ დაფინანსებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 61,592.8 ათასი ლარია გადახდილი, შესაბამისად, აღნიშნული თანხები შესაძლებელია შეფასდეს როგორც − არაეფექტიანი ხარჯი“– წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში, სადაც ასევე მითითებულია რომ მათი შესწავლის ობიექტები იყვნენ თვითმმართველი თემები და არა თვითმმართველი ქალაქები.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საჯარო მმართველობის განვითარების ფონდის" ხელმძღვანელი გიორგი ედიშერაშვილი იხსენებს გასულ წელს გამოქვეყნებულ აუდიტის ანგარიშებს კახეთის კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ მერიაში და მის დაქვემდებარებულ აიპი ორგანიზაციებში იმაზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული, ვიდე საჭიროება არსებობდა. სპეციალისტის თქმით, ყველაზე ცუდი ის არის, რომ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ვალდებულება აუდიტის ანგარიშებში გამოვლენილი ხარვეზები გამოასწორონ.

„კანონმდებლობის შავი ხვრელი შეიძლება ეწოდოს იმას, რომ აუდიტის ანგარიშებს ყოველთვის აქვს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის. მე ვფიქრობ, რომ აუდიტის მწვავე ანგარიშების კვალდაკვალ მუნიციპალიტეტების კონტროლი უნდა მოახდინოს პარლამენტმა, მაგრამ არც ეს ხდება. ამ ანგარიშებს ძალოვანი უწყებები კონკრეტული პირების წინააღმდეგ იყენებს მხოლოდ მაშინ, როცა ვინმეს გაშავება სურთ. ანუ, ამ დასკვნებს პოლიტიკურად იყენებენო“ - უთხრა რადიო თავისუფლებას საჯარო მმართველობის სპეციალისტმა გიორგი ედიშერაშვილმა.

თელავის მერია
თელავის მერია

სახელმწიფო მაკონტროლებელი უწყება წერს, რომ თვითმმართველობებს ორგანიზაციების საშტატო რიცხოვნობის დამტკიცების დროს არ აქვთ გაკეთებული სათანადო გათვლები, სადაც დასაბუთებული იქნება თითოეული დაქირავებულის საჭიროება. შედეგად, ა(ა)იპ-ებში არ აქვთ მოსამსახურეთა თანამდებობის შესაბამისი სამუშაო აღწერილობები, სადაც განსაზღვრული იქნება თითოეული დასაქმებულის ფუნქცია-მოვალეობები. ამასთან ზოგიერთი დასაქმებულის შესასრულებელი სამუშაოები გაურკვეველია, ასევე ხშირია ფუნქციების დუბლირების შემთხვევები.

სახელმწიფო აუდიტის სხვა ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრს შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული ანსამბლთან, რომელსაც წევრები არ ჰყავდა. ჩვენ დედოფლისწყაროს მერს ნიკოლოზ ჯანიაშვილს დავუკავშირდით, იმის გასარკვევად, იზიარებს თუ არა აუდიტის სამსახურის ბოლო ანგარიშს და გეგმავს თუ არა უწყების მიერ გამოქვეყნებული საერთო რეკომენდაციების შესრულებას.

"აუდიტის დასკვნა გულდასმით წავიკითხე და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვეხება. კახეთის მასშტაბით დედოფლისწყაროში ყველაზე ცოტა აიპი გვაქვს, სულ ექვსი. ზოგ მუნიციპალიტეტში სპორტის მიმართულებით არის 17 აიპი, ჩვენთან არის ერთი აიპი, რომელშიც სპორტის ყველა მიმართულებაა გაერთიანებული. ასეა სხვა აიპებშიც"

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშს კარგად იცნობს კახეთში ადგილობრივი ოპოზიცია. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ახმეტის საკრებულოს წევრის შაქრო ტერტერაშვილის თქმით, დამატებითი აპიები იმიტომ არის შექმნილი, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარტიული აქტივი დაასაქმოს. ტერტერაშვილის მიაჩნია, რომ პრობლემა შეიძლება მოგვარდეს თუ საკითხზე ხშირად ილაპარაკებს მედია, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი.

ახმეტის მუნიციპალიტეტი
ახმეტის მუნიციპალიტეტი

„იმის ილუზია არ მაქვს რომ ყველაფერს იდეალურად მოაგვარებენ, მაგრამ თუ წნეხს გავზრდით, მაშინ ხელისუფლება იძულებული იქნება, რომ რაღაც ნაბიჯი უკან გადადგას. შეიძლება ოდნავ უკეთესი მოდელი მოვიღოთ. მთელ აუდიტის ანგარიშში იკითხება, რომ ფულს ვფლანგავთ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ შეინახოს თავისი აქტივისტები და მოაქციოს იმ ქოლგის ქვეშ, რასაც ჰქვია აიპი და ვითომ სამსახური"

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ანგარიში 63-ი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციას გაუგზავნა და რეკომენდაციების შესრულება მოითხოვდა. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ახმეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა. ის არ გამორიცხავს, რომ წელს როგორც მერიაში ასევე აიპი ორგანიზაციებში რეორგანიზაცია გამოაცხადოს.

"ჩვენ საკრებულოს სხდომაზე უკვე გავიტანეთ ეს საკითხი. წინასწარ დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაც ცვლილებები გვექნება. აიპების რაოდენობა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც იქ დასაქმებულების. შენიშვნების კვალდაკვალ სწორედ ამ კუთხით იქნება ცვლილებები, როგორც მერიაში ასევე აიპებში“

საბიუჯეტო ორგანიზაციების მაკონტროლებელი უწყება ანგარიშში წერს, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40,074 ადამიანია, აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17,932 დასაქმებულით გაიზარდა და 58,006 -ზე მეტი შეადგინა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG