Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"იმედგაცრუებულმა" ჯოკოვიჩმა დატოვა ავსტრალია


მსოფლიო ჩოგბურთის პირველი ჩოგანი, ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გაფრინდა მას შემდეგ, რაც ავსტრალიის ფედერალურმა მოსამართლეებმა ერთხმად დატოვეს ძალაში იმიგრაციის მინისტრის, ალექს ჰოუკის გადაწყვეტილება 34 წლის სერბი სპორტსმენისთვის ვიზა გაეუქმებინა საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ჯოკოვიჩი აუცრელია COVID-19-ის წინააღმდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა ავსტრალიის ღია შეჯიბრის ცხრაგზის გამარჯვებულის იმედები კიდევ ერთხელ დაეცვა თავისი სპორტული ტიტული. ჯოკოვიჩს პირველი შეხვედრა შეჯიბრის პირველივე დღეს, 17 იანვარს უნდა ჩაეტარებინა.

გავრცელებულ განცხადებაში ჯოკოვიჩი ამბობდა, რომ "ძალიან იმედგაცრუებული" იყო ავსტრალიის გადაწყვეტილებით მისი დეპორტაციის თაობაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სტატუსის საფუძველზე, თუმცა დასძენდა, რომ გადაწყვეტილებას დამორჩილდებოდა და ქვეყანას დატოვებდა.

ჯოკოვიჩს და მის გუნდს თან ავსტრალიის ფედერალური აგენტები ახლდნენ მელბურნის აეროპორტში, სადაც სპორტსმენი დუბაისკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩაჯდა.

ავსტრალიის ღია შეჯიბრის ორგანიზატორებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ. ჩოგბურთის მმართველმა მთავარმა ორგანიზაციამ, ATP-მა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ჯოკოვიჩი - ჩოგბურთის "ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონი" - შეჯიბრში ვერ ითამაშებს. ATP ასევე აღნიშნავს, რომ ის "ყველა მოთამაშეს კვლავაც ძლიერად ურჩევს აცრის გაკეთებას".

ჯოკოვიჩი ცდილობდა სამედიცინო გამონაკლისი მოეპოვებინა მოთხოვნისგან, რომ ავსტრალიის ღია შეჯიბრში ყველა - მოთამაშეები, მათი გულშემატკივრები, მაყურებლები და სხვები - აცრილი უნდა იყოს COVID-19ის წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG