Accessibility links

site logo site logo

იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 იანვარს


ყველაფერი თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადების შესახებ

ორშაბათიდან, 17 იანვრიდან ძალაში შედის კორონავირუსის გამო თვითიზოლაციისა და კარანტინის ახალი ვადები:

  • ასიმპტომური, მსუბუქი შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა იქნება 8 დღე. იზოლაციიდან გასვლის შემდეგ რეკომენდაცია იქნება 5 დღის განმავლობაში პირბადის ტარება;
  • მძიმედ მიმდინარე შემთხვევებში პაციენტი ვალდებულია, იზოლაციაში იყოს 10 დღის განმავლობაში. ამავდროულად, ბოლო 24 საათის განმავლობაში უნდა შეინიშნებოდეს ჯანმრთელობის მკვეთრი გაუმჯობესების დინამიკა. ამ შემთხვევაშიც რეკომენდაციაა, რომ იზოლაციის დასრულების შემდეგ 5 დღის განმავლობაში მოქალაქე ატარებდეს პირბადეს.

ვადები იცვლება კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირებისთვისაც. კარანტინის ვადა იხსნება იმ შემთხვევაში, თუ:

  • COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტირებული პირი არის ვაქცინირებული 2 დოზით და მეორე დოზის მიღებიდან გასულია 14 დღე, თუმცა არაუმეტეს 90 დღე;
  • თუ პირს გაკეთებული აქვს ბუსტერ დოზა;
  • კოვიდგადატანილ პირს, ვირუსის დადასტურებიდან 60 დღის განმავლობაში.

ყველა მათგანს აქვს ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია 10 დღის განმავლობაში.

არავაქცინირებული პირებისთვის რჩება რეკომენდაცია, კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში იყვნენ კარანტინში და შემდეგ მე-9 - მე-12 დღეებში გამოიყენონ პირბადე.

ორშაბათიდან სასწავლო პროცესი იწყება სკოლებში. განათლების სამინისტროს განცხადებით, საჯარო სკოლებში „ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია”.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

52 წლის დევნილმა მამაკაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა

თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი 52 წლის მამაკაცი 7-სართულიანი შენობის სახურავიდან გადმოხტა.

ბოლო კვირებია სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი თქმით, კორპუსი, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლებმა ჟურნალისტებს უთხრეს: "დღეს ყველანი ვართ შემზარავი ტრაგედიის მოწმე, გარეთ ვიდექით და ვსაუბრობდით, როგორი სამოქმედო გეგმა უნდა გვქონოდა, ამ დროს ამ ადამიანმა თავი მოიკლა. ის ფაქტობრივად შეეწირა იმ სოციალურ პოლიტიკას, რომელიც არ არის ადამიანზე გათვლილი და მიმართული. ეს ადამიანი აცხადებდა, რომ თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ, სწორედ ასეთ ფორმას მიმართავდა და თავს მოიკლავდა, იქნებ ამის შემდეგ მაინც მოგვაქციონ ყურადღებაო. ეს ტრაგედია არის ყველა გადაწყვეტილების მიმღების პასუხისმგებლობა, რომელმაც არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადადგა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. იმედი მაქვს, ამ ადამიანური ტრაგედიების ფონზე მაინც შერცხვებათ იმის, რაც მოხდა“.

მომხდარის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა აქცია გამართეს აფხაზეთის მთავრობასთან. ისინი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის, დავით ფაცაციას გადადგომას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები მას სანატორიუმში მცხოვრები დევნილების პრობლემების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებდნენ.

წაიკითხე მეტი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ

ორშაბათიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ. ქვეყნის მასშტაბით სააგენტოს 390 თანამშრომელი ჯანდაცვის სამინისტროსგან შრომის ღირსეულ პირობებს და ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვს.

სააგენტოს თანამშრომლებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათ მცირე შემოსავალს ფინანსურ ტვირთად ის ფაქტიც აწვება, რომ ოჯახების შესამოწმებლად საკუთარი ხარჯებით უწევთ დანიშნულების ადგილამდე მისვლა, მათ შორის, კილომეტრებით დაშორებულ სოფლებში, რეგიონებში.

სოცაგენტების პროტესტი ერთთვიანმა ხელშეკრულებებმაც გამოიწვია, რომლებიც მათთან წლის დასაწყისში გააფორმეს. „სოლიდარობის ქსელის“ იურისტი დავით ომსარაშვილი ამბობს, რომ ეს შრომის კოდექსის უხეში დარღვევაა.

სააგენტოში არსებული შრომითი მდგომარეობა 2021 წლის ივნისში შრომის ინსპექციამ შეამოწმა და სოციალური მომსახურების სააგენტოს არაერთი მნიშვნელოვანი დარღვევა დაუდგინა. დარღვევების გამოსასწორებლად სააგენტოს 6-თვიანი ვადა მიეცა, თუმცა აგენტები აღნიშნავენ, რომ მას მერე არაფერი შეცვლილა.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

„ფული იფლანგება იმისთვის, რომ „ოცნებამ“ შეინახოს თავისი აქტივისტები?“

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, შეისწავლა და ანგარიში მოამზადა იმის შესახებ, როგორ ფუძნდებიან, იმართებიან და კონტროლდებიან მუნიციპალიტეტებში ა(ა)იპი, იგივე არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები. ანგარიში 33-გვერდიანია და 2014-19 წლებს მოიცავს.

საბიუჯეტო ორგანიზაციების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება წერს, რომ საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ახლად დაფუძნებული აიპი ორგანიზაციები და, შესაბამისად, იქ დასაქმებულთა რაოდენობა. უფრო მეტიც, ანგარიშის თანახმად, მუნიციპალიტეტებში 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ფუნქციონირებს 67 ა(ა)იპ, რომელთაც არ გააჩნიათ საქმიანობისთვის აუცილებელი ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ავეჯი და სხვა სახის ინვენტარი). 2014-2019 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45,062.9 ათასი ლარი გახარჯულია ისეთი ორგანიზაციების დაფინანსებაზე, რომლებსაც საჭირო მატერიალური რესურსები არ ჰქონდათ და, შესაბამისად, ვერ შეძლებდნენ დასახული მიზნების მიღწევას.

ანგარიშში წერია: ხშირად ერთსა და იმავე მუნიციპალიტეტში გვხდება საერთო პროფილის რამდენიმე ა(ა)იპ. მსგავსი სურათი განსაკუთრებით დამახასიათებელია კულტურის, განათლების, სპორტისა და ინფრასტრუქტურის სფეროებისთვის. ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს ფუნქციებს ასრულებენ, ცალ-ცალკეა განსაზღვრული ადმინისტრაციული პერსონალი. ა(ა)იპ-ების დაყოფა სათანადო დასაბუთების გარეშე ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.

მუნიციპალიტეტებს არ აქვთ შემუშავებული თანმიმდევრული სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მიაღწიონ კონკრეტულ სფეროში დასახულ მიზანს. ამდენად, ა(ა)იპ-ების დაფუძნება და მათზე დაფინანსების გაცემა ხშირ შემთხვევაში არ არის საკმარისად გაანალიზებული.

წაიკითხე მეტი გიორგი ალადაშვილის სტატიაში.

უკრაინის წარმომადგენელი: კიბერთავდასხმის უკან, შესაძლოა, ბელარუსის დაზვერვა იდგა

უკრაინის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში უკრაინის მთავრობის რამდენიმე ვებსაიტზე განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან შესაძლოა იდგა ბელარუსის სადაზვერვო სააგენტო.

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივნის მოადგილე, სერჰიუ დემედიუკი სააგენტო როიტერსს წერილობით ესაუბრა 15 იანვარს, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც უკრაინული ვებსაიტები დაიბლოკა და მათზე მუქარის შემცველი მესიჯები განთავსდა. დემედიუკის თქმით, თავდასხმის უკან იდგა ჯგუფი, რომელიც ცნობილია სახელით UNC1151. "ეს არის კიბერდაზვერვის ჯგუფი, რომელსაც კავშირი აქვს ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სამსახურებთან", - ეუბნება დემედიუკი როიტერსს.

კიბერთავდასხმის ფონია რუსეთის მიერ ათიათასობით სამხედროს განთავსება უკრაინის საზღვრებთან. კრიზისის და უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო, მიმდინარე კვირაში ვაშინგტონის, მოსკოვისა და ევროპის დიპლომატებს შორის სამი მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.

წაიკითხე მეტი.

ტიტანიკი თბილისის ზღვასთან - როცა შენი სახლი ინგრევა

საბჭოთა კავშირის დროს სანატორიუმ „ქართლში“ გულის პრობლემების სამკურნალოდ მოდიოდნენ. ახლა იქ ცხოვრება რისკს უქმნის 120-ზე მეტი ოჯახის არა მხოლოდ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც.

„ნება იბოძოს, ამოვიდეს ადამიანურად და გადახედოს, ამ დედააფეთქებულ კორპუსში რა ხდება. გაეცნოს პირობებს, ყველა დევნილის ოჯახში შევიდეს და ნახოს, რა პირობებია“, - ეუბნება 24 წლის მურთაზი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებიც მინისტრთან შესახვედრად სთავაზობენ.

მურთაზი აქ ცხოვრობს დედასთან, და-ძმასთან, დისშვილთან, ორ დეიდასათან, ორ ძაღლსა და ერთ კატასთან ერთად. შენობას ის მოგვიანებით დაგვათვალიერებინებს.

იქამდე თბილისის ზღვასთან, ვანათის ქუჩაზე, სანატორიუმ „ქართლის“ ყოფილი შენობის წინ, აფხაზეთიდან დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორედ.

აქ უკვე 30 წელია ცხოვრობენ, თავდაპირველად 200-ზე მეტი ოჯახი, ახლა 125 დარჩა.

სახლი ინგრევა. კედლებზე იზრდება ბზარები, იყრება ბათქაში. მობინადრეები ამბობენ, რომ მათი სიცოცხლე ყოველდღე საფრთხეშია. შენობაში ცხოვრება სახიფათო რომაა, ამას სამი სხვადასხვა დასკვნაც ადასტურებს. ბოლო დოკუმენტი 2015 წლის 3 თებერვლით თარიღდება.

რას მოითხოვენ დევნილები? რას სთავაზობს მათ ხელისუფლება და როგორია ცხოვრება შენობაში, სადაც მოსახლეობა მუდმივად ნგრევის მოლოდინშია? წაიკითხე ვრცლად სანდრო გვინდაძის სტატიაში.

„თოვლის ბაბუების სეზონი" 2020 წლის დეკემბრის მიწურულს გადაღებული გადაცემაა, ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ ახალი წელი გაახალისონ.

  • 16x9 Image

    სოფო დათიშვილი

    მულტიმედია ჟურნალისტი, ამზადებს ვიდეოებს Instagram-ის, TikTok-ისა და სხვადასხვა სოციალური მედიაპლატფორმისთვის. მუშაობს საერთაშორისო და ქვეყნის შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2017 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG