Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: ახალი შემთხვევების 50% ომიკრონია


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ქვეყნაში კორონავირუსის ახალი შტამის, ომიკრონის ცირკულაციიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები იზრდება, იმატებს ინფიცირებისა და დადებითობის მაჩვენებლები, თუმცა იკლებს სიკვდილიანობა. გამყრელიძის განმარტებით, ბოლო დღეების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი ახალი შემთხვევების 50% ომიკრონია, თუმცა სურათი რეგიონების მიხედვით სხვადასხვაა. კერძოდ: თბილისში ომიკრონის წილი არის 65%, რეგიონებში 30-35%.

"ომიკრონის ცირკულაცია თბილისის შემდეგ ყველაზე ძლიერია იმერეთში, აჭარასა და შიდა ქართლში. ზოგადად ომიკრონით ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს 1 254 შემთხვევა. გარდა ლუგარის ცენტრისა, უკვე შეგვიძლია ომიკრონის იდენტიფიკაცია ქუთაისსა და ბათუმშიც, ოღონდ არა სეკვენირებით, მუტაცია სპეციფიური ტესტებით.

ომიკრონის 1 254 შემთხვევიდან, რომელთა საშუალო ასაკია 33,8, ანუ უფრო ახალგაზრდა ასაკს აზიანებს, სტაციონარში მოხვდა მხოლოდ 14, ანუ 1%, 13 უკვე გაწერილია. სტაციონარში მოხვედრის ინდიკატორი ამ შემთხვევებში იყო თანმდევი დაავადებები და არა თავად კოვიდის მძიმე მდგომარეობა. ჯერჯერობით ომიკრონი მიდის უფრო მსუბუქად, მაგრამ თუ ერთდოულად ბევრი შემთხვევა იქნება, სხვა სურათი გვექნება" - თქვა დღეს ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

ომიკრონით ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების შესახებ დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამაც ისაუბრა. მისი განმატებით, ომიკრონით ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო არ დასჭირდათ ამ პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია.

"ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. დაავადების მსუბუქად მიმდინარეობისთვის აუცილებელია ბუსტერ დოზის მიღებაც“ – აღნიშნა გაბუნიამ.

აცრა და ბუსტერ დოზების დამატება არის ამირან გამყრელიძის რეკომენდაციაც. ის საზოგადოებას ახსენებს, რომ აცრილებისა და მით უფრო, "ბუსტერიზებული" მოქალაქეების უმეტესობისთვის ვირუსი ნაკლები გართულებებით მიმდინარეობს. ამავე დროს, მიუხედავად ვაქცინაციის მაჩვენებლებისა, ომიკრონის სწრაფად გავრცელებადი ბუნებიდან გამომდინარე, გარდაუვლად მიიჩნევს ინფიცირების რაოდენობის მკვეთრ ზრდას.

"ზრდა გვექნება. 3 მილიონზე მეტია ყოველდღიურად მსოფლიოში ახალი შემთხვევები. ყველა პიკზე 800-900 ათასს ახალი შემთხვევები არ გადაცილებია. ახლა გაზრდილია 4-ჯერ, 5-ჯერ ახალი შემთხვევების რაოდენობა და ჩვენთანაც გაიზრდება. კი არის გასამმაგებული და გაოთხმაგებული შემთხვევები, მაგრამ არ იზრდება სიკვდილიანობა, პირიქით, სიკვდილიანობა მოდის ქვემოთ.

სხვადასხვა გათვლებით, იანვრის ბოლო დეკადაში და თებერვლის დასაწყისში გვექნება პიკი - პიკზე მოსალოდნელია გვქონდეს 10-დან 15 ათასამდე გამოვლენილი შემთხვევა" -
ამბობს ამირან გამყრელიძე. მისივე განმარტებით, გამოვლენილი შემთხვევები არ ნიშნავს რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც შეიძლება ორჯერ მეტიც კი იყოს, ვიდრე ლაბორატორორიული კვლევით დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა.

ამირან გამყრელიძე იქიდან გამომდინარე, რომ ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციაზე მოთხოვნა შედარებით დაბალია, უახლოეს დღეებში კლინიკების გადატვირთვის საშიშროებას ვერ ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ლაბორატორიებსა და ონლაინ კლინიკებზე მოთხოვნა უკვე მკვეთრად არის გაზრდილი.

"ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა მერყეობს 5-10%, დელტას დროს ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა იყო 12-15%-ის ფარგლებში. თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს შეამცირებს ომიკრონის ტალღის სიმძიმეს" - ამბობს ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში ინფიცირების საერთო რაოდენობამ მილიონ ადამიანს გადააჭარბა, 7 500-ზე მეტია დღიურად გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა.

XS
SM
MD
LG