Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი ებრჰიმ რაისი მოსკოვს ეწვევა ორდღიანი ვიზიტით


ებრაჰიმ რაისი
ებრაჰიმ რაისი

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 19 იანვარს მოსკოვში უმასპინძლებს თავის ირანელ კოლეგას, ებრაჰიმ რაისის. მოლაპარაკებების მთავარი საკითხია ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმება თეირანსა და მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებს შორის.

ეს რაისის მესამე ვიზიტი იქნება უცხოეთში. აგვისტოში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ მან იმოგზაურა ტაჯიკეთსა და თურქმენეთში. ასევე ეს იქნება მოსკოვში ირანის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი 2017 წლის შემდეგ.

მოსკოვსა და თეირანს მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირები აქვთ. ისინი არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავარი მხარდამჭერები სირიაში ათწლეულის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში.

კრემლის თანახმად, პუტინი და რაისი განიხილავენ „ორმხრივ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების მთელს წყებას,“ მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლითაც გაუქმდა ირანის მიმართ სანქციები თეირანის მიერ ბირთვულ სფეროში საქმიანობის შესუსტების სანაცვლოდ.

ირანმა განაცხადა, რომ რაისი 19 იანვარს ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრება რუსეთში ნავთობის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად.

როგორც რუსეთის პარლამენტის წევრმა განუცხადა ჟურნალისტებს, 20 იანვარს რაისი სიტყვით გამოვა სახელმწიფო დუმაში. ტასის თანახმად კი, ირანის პრეზიდენტი მოსკოვის მთავარ მეჩეთში შეხვდება რელიგიურ ლიდერებს.

ირანის ბირთვული შეთანხმების დარღვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 2018 წელს აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ცალმხრივი წესით დატოვა ის და კვლავ დაუწესა სანქციები ირანს. ამის შემდეგ თეირანმა შეწყვიტა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

შარშან ირანსა და შეთანხმების ხელმომწერ დანარჩენ მონაწილეებს - აშშ-ს, ბრიტანეთს, რუსეთს, ჩინეთსა და გერმანიას - შორის მოლაპარაკებების სერია გაიმართა 2015 წლის შეთანხმებისთვის სულის შთაბერვის მიზნით. მაგრამ მოლაპარაკებები ხანგრძლივი პერიოდით იყო შეწყვეტილი.

ნოემბერში ისევ განახლებული მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, შეერთებული შტატები კვლავ დაუბრუნდეს შეთანხმებას და გააუქმოს სანქციები, ირანმა კი განაახლოს შეთანხმების პირობების სრულად შესრულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG