Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიით გამოსაცემად თანხის შეგროვება დაიწყო


ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მისი წევრები მიზანად ისახავენ შესაბამისი თანხის ერთ კვირაში შეგროვებას.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოითხოვა „ელენე ბაქრაძე - დარიანის“ ლიტერატურის მუზეუმში დარჩენილი ტირაჟი. ვინაიდან საზოგადოებაში წიგნით დაინტერესება ძალიან დიდია, შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ლიტერატურის მუზეუმის მხარდასაჭერად და წიგნის შესწორებული ვერსიის თავიდან გამოსაცემად.

წიგნის 500 ეგზემპლარი მუზეუმმა 6280 ლარად დაბეჭდა. ეს თანხა ლიტერატურის მუზეუმმა უკან უნდა დაუბრუნოს კულტურის სამინისტროს. ამდენივე თანხა იქნება საჭირო ახალი ტირაჟის დასაბეჭდად - სულ შესაგროვებელია 12560 ლარი.

ყველას, ვინც 25 ლარზე მეტს შესწირავს, საჩუქრად გადაეცემა ერთი წიგნი. რასაკვირველია, 25 ლარზე მეტის შემოწირვა შესაძლებელი და სასურველიცაა. რაც მეტი, მით უკეთესი"- წერია განცხადებაში, რომელიც საინციატივო ჯგუფმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ინიციატორები ამბობენ, რომ მათი სურვილია წიგნის განახლებულ ვერსიას შემომწირველთა სიაც დაურთონ, თუ შემომწირველებს ამის სურვილი ექნებათ. საჭირო თანხის შეგროვებას ისინი მიზნად ერთ კვირაში ისახავენ.

რადიო თავისუფლებისთვის ცნობილი გახდა, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: ნატო ალხაზიშვილი, ანა მარგველაშვილი და ნინო ლეჟავა.

ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ წიგნის „ელენე ბაქრაძე (დარიანი)“ მუზეუმში დარჩენილი ტირაჟის კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამინისტრომ მოითხოვა გამოცემის გავრცელების შეწყვეტა.

წიგნი 2021 წლის ბოლოს დაიბეჭდა, მისი პრეზენტაცია ლიტერატურის მუზეუმში 23 დეკემბერს გაიმართა და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მასში ელენე დარიანის სახელით ანა კალანდაძის ორი ლექსი მოხვდა, 2 იანვარს თავად ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა, ლაშა ბაქრაძემ გაავრცელა.

მოგვიანებით გამზადებულ "შესწორების ფურცელში" მითითებულია, რომ წიგნში შეცდომის მოხვდა ელენე ბაქრაძის გადაწერილი სამი ანა კალანდაძის და ერთი გრიგოლ რობაქიძის ლექსი.

კულტურის სამინისტრომ 17 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში დაწერა, რომ 2021 წლის 31 დეკემბრიდან მათ არაერთმა "სამართლიანად აღშფოთებულმა მოქალაქემ" მიმართა ამ წიგნისა და მასში დაშვებული შეცდომის შესახებ.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, უახლოეს პერიოდში, სამინისტრო ლაშა ბაქრაძესთან გეგმავს საკითხის სერიოზულად განხილვას. „აუცილებელია, გაირკვეს, რამ განაპირობა ესოდენ მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა ისეთ სოლიდურ დაწესებულებაში, როგორიც ლიტერატურის მუზეუმია".

კულტურის სამინისტროს განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში მინისტრის, თეა წულუკანის გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კულტურის სისტემა უნდა განთავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგანაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG