Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გვარამია მისი ლიკვიდაციის საქმეზე: სუს-ში მანახვეს ვიდეოკადრები, რითაც დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ აქ


"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისი ლიკვიდაციის მცდელობის საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალები გააცნეს. მისი თქმით, ამ კადრებით დასტურდება, რომ ამ საქმეზე ქვეყანაში ნამდვილად იყო რამდენიმე ადამიანი შემოსული. ეს იყო გვარამიას პირველი შეხვედრა სუს-ის თანამშრომლებთან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ლიკვიდაციის საქმეზე საქართველოში შემოსულმა რამდენიმე ადამიანმა ქვეყანა დატოვა.

"გამაცნეს დასკვნა, ვნახე ვიდეომიყურადების კადრები. დასტურდება, რომ ეს ადამიანები იყვნენ შემოსული, რაც გავრცელდა მედიით და თავისუფლად გავიდნენ ქვეყნიდან. ამის ახსნა ის არის, რომ იკვლევდნენ და არ გამოვლინდა, რომ ესენი არიან შემოსული ჩემი ლიკვიდაციისთვის, ამიტომაც გავიდნენ.

ლოგიკა მწყობრში იყო, თუმცა, ვფლობ მხოლოდ იმ ფაქტებს, რომელიც გამაცნეს. ასევე არსებობს ვერსია, რომ ესენი შემოსული იყვნენ და ბევრს გადაადგილდებოდნენ, რადგან სხვა ჯგუფი შეიძლება ყოფილიყო და ყურადღების გადატანის მცდელობით იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, თუმცა, სხვა ჯგუფთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუწოდებიათ", - თქვა გვარამიამ.

რამდენიმე დღის წინ "ქრონიკა პლუსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა გვარამიას ლიკვიდაციის საქმეზე საქართველოში შემოსულმა რუსეთის სამმა მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

"შეუსრულებელი დავალების შემდეგ დაქირავებულმა მკვლელებმა საქართველოს ტერიტორია დატოვეს, რაშიც, წყაროს ინფორმაციით, მათ უშუალოდ სუს-ის ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი დაეხმარა", - აცხადებდა "მთავარი არხი".

ინფორმაცია "მთავარი არხის" დირექტორის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მედიას 2021 წლის 30 სექტემბერს მიაწოდა. გვარამია მაშინ ამბობდა, რომ სუს-მა ამით მისი ლიკვიდაციის მსურველებს მინიშნებები მისცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გვარამია 2021 წლის 30 სექტემბერს დაიბარეს. იქ მისულ ჟურნალისტებს, მოგვიანებით კი ყველა მედიასაშუალებას დაეგზავნა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა ნიკა გვარამიას ლიკვიდაცია.

"გამოძიების ინფორმაციით, შესაძლოა არსებობდეს რეალური საფრთხე, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიგვეცა გარკვეული რეკომენდაციები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

მოგეხსენებათ გამოძიება მიმდინარეობს ნიკა გვარამიას შეკვეთილი მკვლელობის ფაქტზე, თუმცა, შესაძლებელია ნიკა გვარამიასთან ერთად მკვლელობის სამიზნე იყოს სხვა ჟურნალისტიც", - განაცხადა მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილემ ბაჩანა მგელაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG