თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ მომავალ თვეში თურქეთსა და სომხეთს შორის აღდგება საჰაერო მიმოსვლა. მხარეებს შორის გრძელდება მოლაპარაკებები, რომლის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზება მრავალწლიანი მტრული ურთიერთობების შემდეგ.
19 იანვარს თურქეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი კვირაში სამ რეისს შეასრულებს სტამბოლსა და ერევანს შორის. ორ ქალაქს შორის ასევე კვირაში სამ რეისს შეასრულებს სომხეთის ავიაკომპანია Fly One Armenia.
„მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველი რეისების განხორციელებას ორივე მხარე დაიწყებს 2 თებერვალს,“ ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.
გასულ კვირაში მოსკოვში გაიმართა თურქეთსა და სომხეთს შორის კავშირების განახლების თაობაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. პირველი შეხვედრის შემდეგ ორივე მხარემ განაცხადა, რომ დაგეგმილია დისკუსიების გაგრძელება.
ორ ქვეყანას შორის ისტორიულად რთული ურთიერთობებია 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში სომხების მასობრივი ხოცვის გამო.
უკანასკნელ პერიოდში ერევანსა და ანკარას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ხელს უშლიდა მთიან ყარაბაღში ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ წლებში. ყარაბაღის ომში სომხების გამარჯვების შემდეგ თურქეთმა 1993 წელს სომხეთის საზღვარი ჩაკეტა თავისი მოკავშირის, აზერბაიჯანის მხარდასაჭერად.
დაწერეთ კომენტარი