Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ 4 ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს


საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საქმეზე დაკავებულ ოთხ ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენის გამოცხადებას ისინი საპატიმროში არ დაელოდებიან და 5000-5000 ლარის გირაოთი გათავისუფლდნენ.

ამ საქმეზე დაკავებულმა გიორგი ნარიმანიძემ, ელგუჯა ცომაიამ და მამა-შვილმა შალვა და ზურაბ წოწორიებმა დანაშაული აღიარეს.

სააკაშვილი სექტემბრის ბოლო დღეებში საქართველოში ფარულად დაბრუნდა რძის პროდუქტებით დატვირთული ტრაილერით, რომელიც გემით ჩამოვიდა უკრაინის ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში. მძიმე დანაშაულის დაფარვის და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარების მუხლებით ბრალდებულია ტრაილერის მფლობელი, ელგუჯა ცომაია.

3 ოქტომბერს დილით ამავე საქმეზე დააკავეს მამა-შვილი წოწორიები, ისინი ფოთის პორტის მუშები იყვნენ. გამოძიების მტკიცებით, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდეგ "ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას - სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს".

გიორგი ნარიმანიძე კი ტრაილერის მძღოლია, რომელსაც გამოძიება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ედავება.

გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულებს, გიორგი ნარიმანიძეს, ელგუჯა ცომაიას, შალვა და ზურაბ წოწორიებს მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება. რაც შეეხება ელგუჯა ცომაიას, მას ბრალი ასევე წარდგენილი აქვს საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში მიხეილ სააკაშვილის დახმარებისთვის.

პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ცომაიას ბინაში დააკავა. მას საქართველოს სასამართლოებმა 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

XS
SM
MD
LG