Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენი: უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი რეალურია


უკრაინაში რუსეთის შეჭრის რისკი მაღალი და რეალურია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 20 იანვარს, საღამოს განაცხადა გერმანულ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში.

ბლინკენს შეკითხვა დაუსვეს პრეზიდენტ ბაიდენის რეზონანსულ განცხადებაზე უკრაინაში რუსეთის "უმნიშვნელო შეჭრის" შესახებ. როგორც სახელმწიფო მდივანმა თქვა, პრეზიდენტი გულისხმობდა სცენარს, რომელიც გამორიცხავს უკრაინაში რუსი სამხედროების შეყვანას, თუმცა, მიზნის მიღწევას სხვა გზით - ჰიბრიდული საშუალებებით და სპეცდანიშნულების ძალებით სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობას. ენტონი ბლინკენის თქმით, თუ უკრაინის საზღვარს გადაკვეთს თუნდაც ერთი რუსი ჯარისკაცი, ეს უკვე ნიშნავს სერიოზულ პრობლემას და უკრაინაზე აშკარა თავდასხმას.

19 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ქმედებებზე პასუხის მასშტაბი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გააკეთებს მოსკოვი - თუ მისი ჩარევა უმნიშვნელო იქნება, საპასუხო ზომებზე შესაძლოა, იკამათონ, მაგრამ უკრაინაში სამხედრო ძალით შეჭრა რუსეთს ძვირად დაუჯდება და ეს მისთვის კატასტროფა იქნება.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ სახელმწიფოებს შეახსენა, რომ უმნიშვნელო შეჭრა და პატარა ხალხი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს უმნიშვნელო მსხვერპლი.

ბოლო თვეებში დაძაბულობის მნიშვნელოვანი ზრდა განაპირობა რუსეთის მიერ, სამხედრო სწავლებების მოტივით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში 100 ათასამდე სამხედროს განთავსებამ, რასაც კიევი და დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ უკრაინაში შეჭრისთვის მზადებად. ამას თან ახლავს რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატოსგან „უსაფრთხოების გარანტიების“ მოთხოვნა. მათ შორის, მოსკოვი მოითხოვს, რომ ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

გასულ კვირაში, ჟენევასა და ბრიუსელში უშედეგოდ დასრულდა აშშ-ის და რუსეთის შეხვედრა და ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო, 19 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას. 20 იანვარს, ბლინკენმა ბერლინში გამართა მოლაპარაკება გერმანელ, ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან. დღეს, 21 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.

XS
SM
MD
LG