Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "პრეზიდენტს" 10 აპრილს აირჩევენ


ე.წ. პარლამენტის შენობა ცხინვალში
ე.წ. პარლამენტის შენობა ცხინვალში

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტმა 10 აპრილი გამოაცხადა ე.წ. პრეზიდენტის არჩევნების დღედ. ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სააგენტოს, „რეს“-ის ინფორმაციით, „პარლამენტის“ დღევანდელ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა 34-დან 27 „დეპუტატი“, რომლებმაც შესაბამისი დადგენილება ერთხმად მიიღეს.

„საპრეზიდენტო არჩევნების“ თარიღის გამოცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა ოკუპირებული რეგიონის მოქმედი „პრეზიდენტი“ ანატოლი ბიბილოვი, რომელიც მეორე ვადით კენჭისყრას აპირებს. ბიბილოვმა ყველა მომავალ კანდიდატს უსურვა „პატიოსნად ბრძოლა და რესპუბლიკის საკეთილდღეოდ მუშაობა".

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში წინა "საპრეზიდენტო არჩევნები" 2017 წელს ჩატარდა და პარტია "ედინაია ოსეტია"-ს თავმჯდომარემ, ანატოლი ბიბილოვმა ხმების 54%-ით დაამარცხა მაშინდელი მოქმედი "პრეზიდენტი" ლეონიდ თიბილოვი. საქართველოს ამ რეგიონს ე.წ. დამოუკიდებელ "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკად" აღიარებენ რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია და შესაბამისად, "არჩევნების" შედეგებსაც ლეგიტიმურად მხოლოდ ეს ქვეყნები მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG