Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ ყოფილა


პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი საქართველოში პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო და არაკორექტულია იმის თქმა, რომ შალვა პაპუაშვილმა „დრო ვერ გამონახა“ ან „ვერ მოიცალა“.

ევროპარლამენტის საქართველოსთან თანამშრომლობის დიალოგის თანაკოორდინატორებმა 21 იანვარს გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ისინი სინანულს გამოხატავენ თბილისში მათი დაგეგმილი ვიზიტის გაუქმების გამო. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მათი ვიზიტი ჩაიშალა, რადგან „თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვერ გამონახა დრო შეხვედრებისთვის“.

ირაკლი ქადაგიშვილმა თქვა, რომ შეხვედრის ფორმატი სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს. „როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ“, - თქვა მან.

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი. სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს. შემდგომი გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია ევროპარლამენტის შესაბამისმა სამსახურებმა სრულად გაასაჯაროონ საქართველოს პარლამენტის კაბინეტთან წარმართული კომუნიკაცია ჟან მონეს დიალოგის მოსამზადებელ ვიზიტთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG