Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 დმიტრო კულება:  გერმანიის უარი, იარაღი მიაწოდოს უკრაინას,  აქეზებს პუტინს


უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გერმანია "ერთიანობის შელახვასა" და "ვლადიმერ პუტინის წახალისებაში" დაადანაშაულა კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე უარის თქმის გამო.

კულებამ 22 იანვარს ტვიტერზე დაწერა, რომ „გერმანიის ბოლოდროინდელი განცხადებები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის გადაცემაზე უარის შესახებ... არ შეესაბამება ჩვენი ურთიერთობების დონეს და უსაფრთხოების ამჟამინდელ მდგომარეობას“.

კულებამ თქვა, რომ კიევი მადლიერია 2014 წლიდან ბერლინის მხარდაჭერის, რაც გერმანიამ გამოხატა უკრაინაში რუსეთის შეჭრის, მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების დახმარების შემდეგ და ამ ფონზე, იარაღის გადაცემაზე გერმანიის უარით შემქნილი ჩიხური ვითარება, "იწვევს იმედგაცრუებას და ეწინააღმდეგება აქამდე გამოხატულ მხარდაჭერასა და გაწეულ ძალისხმევას“.

კულებას განცხადება მოჰყვა 22 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ქრისტინე ლამბრეხტის გერმანული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ ბერლინი მომავალ თვეში უკრაინას საველე ჰოსპიტალს გაუგზავნის, მაგრამ იარაღის მიწოდებაზე უარს ამბობს.

”იარაღის მიწოდება ამ მომენტისთვის საქმეს არ წაადგება - ეს არის კონსენსუსი ფედერალურ მთავრობაში,” - განუცხადა ლამბრეხტმა Die Welt-ს.

უკრაინამ გერმანიისგან 100 000 ჩაფხუტი და დამცავი ჟილეტების მიწოდება მოითხოვა და ამასთან, ბერლინს სთხოვა გადახედოს პოზიციას ლეტალური იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.

უკრაინის ელჩმა გერმანიაში, ანდრიი მელნიკმა 22 იანვარს განუცხადა Handelsblatt-ის ბიზნეს გამოცემას, რომ კიევი "შეუსვენებლად განაგრძობს გერმანიის მთავრობის დარწმუნებას... უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებაზე დასათანხმებლად".

რთული დღე ბერლინისა და კიევის ურთიერთობაში

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 22 იანვარს გერმანიის ელჩი იყო დაბარებული გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნის მიერ გაკეთებულ კომენტარებთან დაკავშირებით, სადაც ის ერთგვარ თანაგრძნობას გამოხატავდა რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის მიმართ.

21 იანვარს ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე ვიცე-ადმირალმა და გერმანიის საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელმა კაი-ახიმ შიონბახმა თქვა, რომ ის, რაც პუტინს "ნამდვილად სურს, არის პატივისცემა" და დასძინა, რომ "იოლი იქნება ამ პატივისცემის გამოხატვა, რომელსაც ის ნამდვილად ითხოვს და ალბათ, ასევე, იმსახურებს კიდეც." შიონბახმა ასევე თქვა, რომ „ყირიმის ნახევარკუნძული დაკარგულია და ის არასოდეს დაბრუნდება [უკრაინაში]".

მოგვაინებით შიონბახმა ბოდიში მოიხადა განცხადებებისთვის და თანამდებობა დატოვა.

დასავლეთის სამხედრო დახმარება

22 იანვარს კიევში ჩავიდა ამერიკული სამხედრო ტვირთი, მათ შორის ლეტალური იარაღიც,

ერთი დღით ადრე, ნატოს წევრებმა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ განაცხადეს, რომ ისინი უკრაინას ამერიკულ ჯავშანტექნიკასა და საზენიტო რაკეტებს გადასცემდნენ, რაზედაც მათ შეერთებული შტატების თანხმობა ჰქონდათ მიღებული.

ესტონეთს ასევე სურს უკრაინას მიაწოდოს საბჭოთა ეპოქის ჰაუბიცები, რომლებიც ოდესღაც აღმოსავლეთ გერმანიას ეკუთვნოდა, მაგრამ ამის უფლება ტალინს ბერლინმა უნდა მისცეს.

ბრიტანეთმა კიევს მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი მიაწოდა, იარაღის მიწოდების საკითხს ნატოს სხვა წევრებიც განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას სახიფათო უწოდა.

კვირის განმავლობაში ვაშინგტონმა და ნატოს მოკავშირეებმა მოლაპარაკებები გამართეს რუსეთთან უკრაინის გამო უკიდურესი დაძაბულობის ფონზე.

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 127 000 სამხედრო მოსამსახურე ყავს მობილიზებული და დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიებზე წერილობით თანხმობას ითხოვს. მათ შორის ითხოვს, რომ ნატომ არასოდეს მიიღოს მის რიგებში უკრაინა და საქართველო. ნატოს მოკავშირეები აცხადებენ, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს თავად აქვთ უფლება აირჩიონ სად და ვისთან სურთ გაერთიანება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG