Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადადგა გერმანიის საზღვაო ძალების სარდალი, კაი-ახიმ შიონბახი, რომლის განცხადებებს კიევის მწვავე რეაქცია მოჰყვა


ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი ინდოეთში, თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე
ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი ინდოეთში, თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი კაი-ახიმ შიონბახი, უკრაინისა და რუსეთის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ამ გადაწყვეტილებამდე ვიცე-ადმირალმა ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ინდოეთში, თავდაცვითი კვლევების ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება არ გამოხატავდა გერმანიის თავდაცვის უწყების აზრს. განმარტების გაკეთება შიონბახს გერმანიის თავდაცვის უწყებამ მას შემდეგ მოსთხოვა, რაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ბერლინს, სარდლის განცხადებების საჯარო უარყოფისკენ.

„ჩემ მიერ უსაფრთხოებისა და სამხედრო პოლიტიკის შესახებ ინდოეთში გაკეთებული დაუფიქრებელი განცხადებები სულ უფრო მეტ ტვირთად აწვება ჩემს თანამდებობას. გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ბუნდესვერს და, უპირველეს ყოვლისა, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მეტი ზიანი რომ ავაცილო თავიდან, ეს ნაბიჯი აუცილებლად მიმაჩნია,“ თქვა ვიცე-ადმირალმა გადადგომის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ.

შიონბახმა აშკარა „შეცდომა“ უწოდა თავის გამონათქვამს, რომ „ნონსენსია“ უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრა, რის თაობაზეც შიშს გამოთქვამენ დასავლეთის ქვეყნები.

„ყირიმი "წავიდა" და ის აღარასოდეს დაბრუნდება, ეს ფაქტია. და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტობრივი მდგომარეობით და არა ემოციებით“, - თქვა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა თავდაცვითი კვლევების ინდურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს.

მან ასევე განაცხადა, რომ რომ უკრაინა და საქართველო ნატოში არ უნდა მიიღონ, იმიტომ რომ "დონბასი ოკუპირებულია რუსეთის არმიის, თუ როგორც უწოდებენ „სახალხო ლაშქრის“ მიერ. შევხედოთ საქართველოს, რომელიც ნატოში ესწრაფვის გაწევრიანებას. შეესაბამება თუ არა ის ალიანსის კრიტერიუმებს? კი. გონივრულია, თუ არა მისის ნატოს წევრად მიღება? არა“, - ინდოეთში გამართულ კონფერენციაზე გერმანელმა ვიცე-ადმირალმა დასძინა, რომ ბალტიის სახელმწიფოების შემთხვევაში სხვა სიტუაცია არსებობდა. „ისინი საბჭოთა ოკუპაციამდე დამოუკიდებლები იყვნენ, ხოლო უკრაინა საბჭოთა კავშირში შედიოდა“ .

ადმირალმა ასევე თქვა, რომ „სინამდვილეში პუტინს უბრალოდ ჩვენგან პატივისცემის მიღება სურს. ო, ღმერთო, ჩვენთვის ხომ არაფრად გვიღირს ცოტა პატივისცემის გამოჩენა. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, უკეთესია, რომ მისთვის მიგვეგო ის პატივისცემა, რასაც იმსახურებს... რუსეთი - ძველი და მნიშვნელოვანი სახელმწიფოა. ჩვენც კი - ინდოეთსა და გერმანიას, რუსეთი გვჭირდება.“

უკრაინის საგარეო უწყებამ „მიუღებელი“ უწოდა გერმანელი სარდლის მიერ ინდოეთში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც „ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და იმ ძალისხმევას, რაც ევროპაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG