Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი უარყოფს ბრიტანეთის ცნობას უკრაინაში პრომოსკოვური მმართველის დანიშვნის განზრახვაზე


ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები
ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლები

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პროვოკაციულს უწოდებს დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტს უკრაინის ხელისუფლების სათავეში მოსკოვის მიმართ ლოიალური პირის მოყვანის მიზანი ამოძრავებს.

„ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სწორედ ნატოს ქვეყნები, ანგლოსაქსების მეთაურობით, ეწევიან დაძაბულობის ესკალაციას უკრაინის გარშემო. მოვუწოდებთ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეწყვიტოს სისულელის გავრცელება და შეისწავლოს თათარ-მონღოლების ბატონობის (татаро-монгольское иго) ისტორია“, - ТАСС-ს მოჰყავს რუსეთის საგარეო უწყებაში გაკეთებული კომენტარი.

მანამდე ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მოსკოვისთვის მოსაწონი მმართველის დანიშვნა უნდა და ამ პოსტისთვის გამიზნულია უკრაინის რადის ყოფილი დეპუტატი ევგენი მურაევი.

"რია ნოვოსტის" ცნობით, "მთავრობის 2018 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით" მურაევზე დაწესებულია სანქციები რუსეთის მიერ.

"2018 წლის შემდეგ ჩემს წინააღმდეგ დაწესებულია სანქციები (ვიქტორ) მედვედჩუკთან კონფლიქტის გამო. ჩემს ოჯახს იქ დაყადაღებული აქვს აქტივები... როგორ შეესაბამება ბრიტანეთის სპესსამსახურებისთვის ეს ინფორმაცია იმას, რომ თითქოს რუსეთს ჩემი "საოკუპაციო ხელისუფლების" ხელმძღვანელად დანიშვნა უნდა, ეს არის შეკითხვა მისტერ ბინისთვის", - მურაევის ამ სიტყვებს რუსელენოვანი მედია ავრცელებს. იქვე დაზუსტებულია, რომ რადის ყოფილი დეპუტატი გულისხმობს ბრიტანულ კომედიურ სერიალს "მისტერ ბინი" (ბატონი ბინი).

BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის საგარეო უწყება ირწმუნება, რომ რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ კავშირი უკრაინის არაერთ ყოფილ პრორუსული განწყობის პოლიტიკოსთან და ისინი თანამშრომლობენ რუსეთის დაზვერვის ოფიცრებთან, "რომლებიც ამჟამად მონაწილეობენ უკრაინაზე თავდასხმის დაგეგმვაში".

რუსეთს უკრაინის საზღვრებთან კონცენტრირებული ჰყავს 100 ათასი სამხედრო და მძიმე ტექნიკა, თუმცა უკრაინასთან ომის დაწყების გეგმას უარყოფს. ჯერჯერობით უშედეგოა მრავალეტაპიანი დიალოგი დასავლეთსა და რუსეთს შორის.

„როგორც დიდმა ბრიტანეთმა და ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ განაცხადეს, რუსეთის ნებისმიერი სახის შეჭრა უკრაინაში იქნებოდა მასშტაბური სტრატეგიული შეცდომა სერიოზული საფასურით“, - დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის სიტყვებს BBC ციტირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG