მას შემდეგ, რაც თალიბანი აგვისტოში ავღანეთის ხელისუფლებაში დაბრუნდა, მისი პირველი დელეგაცია ჩავიდა ევროპაში - ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 იანვარს იქ ადამიანის უფლებებზე დაიწყო მოლაპარაკება თალიბანის და ავღანეთის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.
თალიბანის დელეგაცია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობს, სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს დაუთმობს მოლაპარაკებას მათ შორის ქალ აქტივისტებთან და ჟურნალისტებთან, სანამ 24 და 25 იანვარს დასავლელ დიპლომატებთან გამართავდეს შეხვედრას.
აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს ავღანეთის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელი, ტომ ვესტი, გეგმავს განიხილოს "წარმომადგენლობითი პოლიტიკური სისტემის ფორმირება, პასუხი მწვავე ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისებზე, უსაფრთხოებასთან და კონტრტერორიზმთან დაკავშირებული შეშფოთება და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით გოგონების და ქალების განათლების საკითხი" - იუწყება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება.
21 იანვარს ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიკენ ჰიუტფელდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არ წარმოადგენს თალიბანისთვის ლეგიტიმურობის მინიჭებას, ან მის აღიარებას. "მაგრამ ჩვენ უნდა ვესაუბროთ მათ, ვინც დღეს ქვეყანას პრაქტიკულად მართავს" - თქვა მან.
დაწერეთ კომენტარი