Accessibility links

site logo site logo

ნატო დამატებით ძალებს გზავნის აღმოსავლეთ ევროპაში


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

ნატომ განაცხადა, რომ ჯარები სამხედრო მზადყოფნაში მოჰყავს და დამატებით გემებსა და თვითმფრინავებს გზავნის აღმოსავლეთ ევროპაში, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ჯარების თავმოყრის ფონზე.

როგორც ნატო იტყობინება, უკანასკნელი დღეების განმავლობაში ალიანსის წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გააკეთა განცხადება არსებული კონტინგენტისა და მისი შევსების თაობაზე.

დანია ბალტიის ზღვაში აგზავნის სამხედრო ფრეგატს და ოთხ გამანადგურებელ F-16-ს განათავსებს ლიეტუვაში, სადაც ისინი მონაწილეობას მიიღებენ რეგიონში ნატოს საჰაერო კონტროლის მისიაში.

საფრანგეთმა მზადყოფნა გამოთქვა, ნატოს მეთაურობით ჯარები გაგზავნოს რუმინეთში.

ნიდერლანდი ორ გამანადგურებელ F-35-ს გზავნის ბულგარეთში, რათა მონაწილეობა მიიღოს რეგიონში ნატოს მიერ წარმოებულ საჰაერო კონტროლში. ასევე ის გემსა და სახმელეთო ერთეულებს გზავნის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის.

აშშ-მა განაცხადა, რომ განიხილავს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე თავისი სამხედრო ყოფნის გაზრდას.

„მივესალმები მოკავშირეების მიერ ნატოში დამატებითი ძალების გაგზავნას. ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომას, რათა დაიცვას ყველა მოკავშირე, მათ შორის გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთი ნაწილი. ჩვენ ყოველთვის ვუპასუხებთ ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ დარღვევას, მათ შორის ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერებით“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს ეს გადაწყვეტილება პასუხია უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის თავმოყრაზე. დასავლეთის ქვეყნები ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა შესაძლოა უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს. რუსეთი უარყოფს ამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG