Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NYT: ბაიდენი ბალტიასა და აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალების გაგზავნას განიხილავს


ჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი განიხილავს ბალტიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ნატოს მოკავშირე ქვეყნებში, რამდენიმე ათასი ჯარისკაცის, ასევე სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების განთავსებას. ამის შესახებ The New York Times-ი წერს წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემა აზუსტებს, რომ ამერიკის სამხედროების ევროპაში ყოფნა შეიძლება გაფართოვდეს უკრაინაში რუსეთის სავარაუდო ინტერვენციის ფონზე.

The New York Times-ის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ბაიდენს წარუდგინა აღმოსავლეთ ევროპაში ხუთი ათასამდე სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის ვარიანტები. ვითარების გაუარესების შემთხვევაში კონტინგენტი შეიძლება რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდოს, წერს გაზეთი. სამხედროთა ნაწილი შეიძლება აშშ-დან გაიგზავნოს, ნაწილი კი ევროპის ქვეყნებიდან იქნეს გადაყვანილი. არცერთი ვარიანტი არ ითვალისწინებს სამხედროების გაგზავნას უკრაინაში.

The New York Times-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ ბაიდენმა შეიძლება უკვე მიმდინარე კვირაში მიიღოს გადაწყვეტილება სამხედრო დაჯგუფების გაზრდის თაობაზე. წყაროები თეთრ სახლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს სურდა თავიდან აეცილებინა აშშ-ის ჯარების ყოფნა ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

უკრაინაზე სავარაუდო თავდასხმის თაობაზე ცნობების ფონზე რუსეთი ბელარუსთან ერთად ატარებს ერთობლივ სამხედრო სწავლებას. კერძოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის დასავლეთში აგზავნის სამხედრო მოსამსახურეებს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქიდან. გარდა ამისა, 24 იანვარს ბელარუსში გაემგზავრნენ ქვედანაყოფები ამურის ოლქიდან. სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ მოკავშირე სახელმწიფოს რეაგირების ძალთა შემოწმებაში, ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

შარშან შემოდგომიდან აშშ აცხადებს, რომ უკრაინის საზღვართან შეინიშნება რუსეთის სამხედრო ძალების მსხვილი კონცენტრაცია. უკანასკნელი კვირების განმავლობაში დასავლეთი პირდაპირ ლაპარაკობს უკრაინაში რუსეთის შეჭრის რეალურ საფრთხეზე. მოსკოვი უარყოფს ინტერვენციის გეგმებს.

XS
SM
MD
LG