Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის საბჭო: „გავლენების სფეროთა“ შესახებ მოსაზრებები უადგილოა 21-ე საუკუნეში


24 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საბჭომ შეიმუშავა საგანგებო განცხადება უსაფრთხოების საკითხებზე, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევროპული უსაფრთხოება განუყოფელია და „ევროპის უსაფრთხოების წესრიგისადმი ნებისმიერი გამოწვევა ეხება ჩვენს უსაფრთხოებას“.

საბჭო გმობს რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიულ ნაბიჯებს და მუქარებს უკრაინის მიმართ და რუსეთს მოუწოდებს ვითარების დეესკალაციისკენ, საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვისკენ და კონსტრუქციული ჩართვისკენ დიალოგში, არსებული საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით.

„'გავლენების სფეროთა' შესახებ მოსაზრებები უადგილოა 21-ე საუკუნეში“, - ვკითხულობთ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში. საბჭო აღნიშნავს, რომ ევროკავშირი კვლავაც სრულად უერთგულებს „მთავარ პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროპის უსაფრთხოება და რომლებიც ჩამოყალიბებულია გაეროს ქარტიაში და ეუთოს სადამფუძნებლო დოკუმენტებში... და ითვალისწინებს სახელმწიფოთა სუვერენულ თანასწორობას და ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, ძალის გამოყენებისგან ან ამით დამუქრებისგან თავის შეკავებას და სახელმწიფოთა თავისუფლებას თავად განსაზღვრონ ან შეცვალონ თავიანთი უსაფრთხოების მოდელი. ეს პრინციპები არც მოლაპარაკებას ექვემდებარება, არც გადასინჯვას და არც ხელახალ ინტერპრეტაციას. რუსეთის მხრიდან მათი დარღვევა წარმოადგენს წინაღობას ევროპაში ერთიანი და განუყოფელი უსაფრთხოების სივრცისთვის და საფრთხეს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენს კონტინენტზე“.

ევროკავშირის საბჭო კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ განხორციელებულ ნებისმიერ ახალ სამხედრო აგრესიას რუსეთისთვის მოჰყვება „მასშტაბური შედეგები და მძიმე საფასური“. საბჭოს განცხადებით, ეს მოიცავს „სექტორული და ცალკეული შემზღუდველი ზომების სპექტრს, რომელიც პარტნიორებთან კოორდინაციით იქნება შემოღებული“.

აშშ და ნატო გამოდიან გაფრთხილებით, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან 100,000-ზე მეტი სამხედროს თავმოყრა შესაძლოა ქვეყანაში შეჭრისთვის მზადება იყოს. რუსეთი ამას უარყოფს, თუმცა, აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს „უსაფრთხოების გარანტიებს". კრემლის ერთ-ერთი მოთხოვნაა ნატომ უარი თქვას ალიანსში უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე.

XS
SM
MD
LG