Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის გადამდგარი პრეზიდენტი საზღვარგარეთ იმყოფება


სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება, შვებულებას საზღვარგარეთ ატარებს, სამედიცინო გამოკვლევის ჩატარების მიზნით.

პრეზიდენტის პრესსამსახურში იუწყებიან, რომ სარქისიანი გადადგომამდეც, 18 იანვრიდან იმყოფება "მოკლევადიან შვებულებაში". განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის რომელ ქვეყანაში გაემგზავრა სარქისიანი.

როგორც რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, ადმინისტრაციაში განმარტეს სარქისიანის მიერ გამოკვლევის უცხოეთში ჩატარების მიზეზები:

"არმენ სარქისიანის მიერ სამედიცინო გამოკვლევის უცხოეთში ჩატარება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ რამდენიმე წლის წინ, უცხოეთში გავლილი მკურნალობის კურსების წყალობით, მან მძიმე დაავადება დაძლია, რის შემდეგაც იმყოფება ექიმების ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ, რომლებიც კარგად იცნობენ მისი ავადმყოფობის ისტორიას. აუცილებლობის შემთხვევაში, მათი დანიშნულებით, პრეზიდენტი სარქისიანი რეგულარულად იტარებს სპეციალურ სამედიცინო გამოკვლევებს", - იუწყება პრეზიდენტის აპარატი.

კანონის თანახმად, გადადგომის შესახებ განცხადების დაწერიდან ერთი კვირის ვადაში პრეზიდენტი ამ განცხადებას წერილობით თუ გაიტანს უკან, ამის შესახებ განცხადებით გამოდის სახელმწიფო საბჭოს პრეზიდენტი. ხოლო თუ პრეზიდენტი თავის განცხადებას არ გაიტანს უკან, უნდა შედგეს პროტოკოლი მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რასაც ხელს აწერს და აქვეყნებს სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე. პროტოკოლის გამოქვეყნების მომენტიდან გადადგომა მიღებულად ითვლება.

ამჟამინდელი კონსტიტუციით, სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და აღმასრულებელ ხელისუფლებას პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.

პრეზიდენტის უფლებამოსილება დიდწილად ცერემონიულია - მას შვიდი წლის ვადით ირჩევენ და პირებს მხოლოდ ერთი ვადით აქვთ უფლება იმსახურონ პრეზიდენტის თანამდებობაზე.

სომხეთის პრეზიდენტად სარქისიანი პარლამენტმა 2018 წლის მარტში აირჩია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG