Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნაზარბაევის კიდევ ერთი ნათესავი მოხსნა სისხლიანი გამოსვლების შემდეგ


ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ ტოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომარტ ტოყაევმა, თავისი წინამორბედის, ნურსულთან ნაზარბაევის, კიდევ ერთი ნათესავი მოხსნა თანამდებობიდან, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, რომელმაც თვის დასაწყისში მთელი ქვეყანა მოიცვა და რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

25 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერიკ იმაშევი შეცვალა ნურლან აბდიროვმა. 61 წლის იმაშევი კომისიას 2016 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. მისი ქალიშვილი, აიდა იმაშევა, ნაზარბაევის შვილიშვილის, ნურალი ალიევის, ცოლია.

25 იანვარს ასევე ყაზახეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდმა, სახელწოდებით "სამრუქ-ქაზინა", განაცხადა, რომ მისმა შვიდმა უმაღლესმა მენეჯერმა დატოვა თანამდებობა პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ფონდში პერსონალის შეკვეცის შესახებ.

ყაზახეთის განვითარების ბანკმა ასევე განაცხადა თავისი უფროსის, აბაი სარკულოვის, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ტოყაევმა თქვა, რომ ბანკი "გადაიქცა კერძო ბანკად ადამიანთა ვიწრო ჯგუფისთვის, რომლებიც წარმოადგენენ ფინანსურ, სამრეწველო და სამშენებლო ჯგუფებს".

იანვრის დასაწყისში საწვავის ფასის მკვეთრად გაზრდის გამო გამოწვეულმა საპროტესტო გამოსვლებმა, რომლებიც ქალაქ ჟანაოზენში დაიწყო, მთელი ყაზახეთი მოიცვა და მას სისხლიანი შეტაკებები მოჰყვა ქვეყნის უდიდეს ქალაქში, ალმათიში და სხვა ქალაქებში.

გამომსვლელთა ეკონომიკურ უკმაყოფილებას სწრაფად მოჰყვა უფრო ფართო სახალხო მოწოდებები კორუფციის, პოლიტიკური სტაგნაციისა და ფართოდ გავრცელებული უსამართლობების წინააღმდეგ. მათი რისხვა დიდწილად მიმართული იყო ნაზარბაევის წინააღმდეგ, რომელიც ყაზახეთს 1989 წლიდან მართავდა ხელისუფლების გადაცემამდე. თუმცა, არსებობდა ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ის კვლავ ინარჩუნებდა კონტროლს კულისებიდან.

ნაზარბაევის მიმართ თავის პირველ კრიტიკულ საჯარო გამოსვლაში, ტოყაევმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედის ხელმძღვანელობისას, ყაზახეთში ბევრი სარფიანი საწარმო და უკიდურესად მდიდარი ხალხი გაჩნდა და რომ ახლა დადგა დრო, უბრალო ხალხმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს.

XS
SM
MD
LG