Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილის პირობით თავისუფლების ერთი წელი 


28 იანვარს ერთი წელი გადის, რაც სასამართლომ დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა „კარტოგრაფების საქმის” ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა.

ამ დროის განმავლობაში ივერი მელაშვილს არაერთხელ დაესხნენ თავს მაღაზიებში, დავითგარეჯის სიახლოვეს, ის გახდა დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუქმდა ის სამსახური, რომელშიც არაერთი წელი მუშაობდა და, როგორც თვითონ ამბობს, „უსაშველოდ გაიწელა” პროცესი, რომლის გამამართლებელი განაჩენის იმედადაც ცხოვრობს.

2021 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში „კარტოგრაფების საქმის” სულ რამდენიმე პროცესი გაიმართა: ნოემბერში ჩანიშნული სხდომები გადაიდო, მომდევნო უახლესი სხდომის თარიღი განსაზღვრული არ არის. 2021 წლის მიწურულს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით დააჯილდოვა ამ საქმეში პროკურატურის მნიშვნელოვანი მოწმეები თავდაცვის სამინისტროდან ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე.

წელი, რომელიც ივერი მელაშვილმა, საზღვრის დამდგენი სახელმწიფო კომისიის ყოფილმა წევრმა, ბრალდებულის სტატუსით გაატარა, მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი არ ყოფილა საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის, არც კომისიას წაუწევია საზღვრების შეთანხმების მიმართულებით და არც ის გარკვეულა, რა პოზიცია აქვს ბაქოს რუკებთან დაკავშირებით, რომლითაც საქართველოს მთავრობას იმედი აქვს, რომ ჩიჩხიტურის კოშკს და ბერთუბანს საქართველოს საზღვრებში მოაქცევს. ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატები წელიწადზე მეტია ელიან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან დასკვნას სადავო რუკის შესახებ.

შარშან, როცა ციხიდან გამოსვლის მეორე დღეს თქვენთან ინტერვიუ ჩავწერეთ, თქვით, რომ თქვენი თავისუფლება დროებითი და პირობითი იყო. გამოდის, რომ ახლაც იმავე სტატუსით ხართ.

სულ ელოდები, რომ ამდენი უპატივცემულობის, ამდენი შეურაცხყოფის მერე ვიღაც აღიარებს, რომ ეს შეგვეშალა. არა, ამის მაგივრად ხედავ გაჭიანურებულ პროცესს, ისეთ დამოკიდებულებას, „აღარ არის ციხეში, არაფერი უჭირს“. იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის ის კი არ არის, ციხეში ვარ თუ არა, მთავარია სულიერი მდგომარეობა. კი, გარეთ ვარ, კარგია, უფრო თავისუფლად ვარ, მაგრამ მერე რა, თუ ეს [გაურკვევლობა] უსაშველოდ გაგრძელდა. ამაზე ვნერვიულობ. იოლია თქმა, ნაკლები იფიქრე ამაზე, მეუბნებიან კიდეც, მაგრამ არ გამოდის. ღამე არ გაძინებს ეს ყველაფერი.

რომელღაცა პოლიტიკოსმა, მგონი გია ვოლსკიმ თქვა, რას გამოდის, იყოს სახლში, რას დადისო? ესე იგი, მე სახლში უნდა ვიყო და ვიმალებოდე და ეს ცილისმწამებლები და ცუდი ხალხი გამოდიოდნენ და რასაც უნდა იმას ამბობდნენ? არ არის სწორი.

არ მეგონა, რომ ამდენი ხანი გაგრძელდებოდა ეს პროცესები.

ძალიან ძნელია, ასე გაურკვევლად ყოფნა. ჩემი სურვილი ისაა, რომ დაესვას საბოლოო წერტილი და ითქვას, რა არის სიმართლე. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შინაგანად გრძნობ თავს ნახევარ კაცად. რამდენი სხდომა ჩაინიშნა, მაგრამ სულ გადადეს. ალბათ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობაც მოქმედებს, როგორც ჩანს, ჩვენთვის არ სცალიათ. იმათ არ სცალიათ, გასაგებია, მაგრამ როდემდე ვიყო ასე?

ჩვენი სამსახური, მოგეხსენებათ, საერთოდ გააუქმეს.

თქვენი შტატი გააუქმეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ მთელი სამსახური?

მთელი სამსახური გააუქმეს. შტატს ალბათ ასე ვერ გააუქმებდნენ, ვინაიდან სასამართლო განჩინებაში ეწერა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე უფლებამოსილება შეჩერებული მქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამ გადაწყვეტილებამდე, შტატი უნდა შენარჩუნებულიყო. მარტივი რამ მოიფიქრეს: რეორგანიზაცია განხორციელდა, ოფიციალურად ასეა და ამ რეორგანიზაციის შედეგად მთლიანად სამსახური გაუქმდა. არ არის საჭიროო და საგარეომ მოიცილა ეს ფუნქცია.

საქმე, რასაც ეს სამსახური [მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციის და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახური - რ.თ.] აკეთებდა, რა თქმა უნდა, საჭირო და მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ვიცი, თუ ფიქრობენ საერთოდ ამაზე.

ინტერვიუ ივერი მელაშვილთან: მე მინდა მხოლოდ ერთადერთი რამ, სიმართლე
please wait

No media source currently available

0:00 0:08:19 0:00

საპატიმროს დატოვების შემდეგ თქვენი სატელევიზიო ინტერვიუები პროკურატურამ თქვენს საწინააღმდეგო მტკიცებულებად დაამატა საქმეს. მაშინ ბევრი ამბობდა, რომ მეტი სიფრთხილე გმართებდათ, თქვენც ასე ფიქრობთ დღეს?

ყველაფერს ძალაუნებურად უფრთხი. უფრთხი იმას, შენი სიტყვა ვიღაცამ სხვანაირად არ გამოიყენოს, ამოჭრის რაღაც კონტექსტიდან და სხვანაირად წარმოაჩენს. ან რა ვიცი, რა შეიძლება არ დაგაბრალონ. ახლა გაცილებით მეტად ვცდილობ, ფრთხილი ვიყო გამოთქმებში. ყოველი სიტყვა შეიძლება გადაატრიალონ. სულ გაქვს იმის შიში, რომ ვიღაც ამას სხვანაირად წარმოაჩენს. ეს ილექება, გულს გიკლავს, ნერვიულობ. ყოველთვის ხომ ვერ ახერხებ, ეს გამოხატო, თქვა…

ნატალია ილიჩოვასთან თუ გაქვთ კონტაქტი, თუ ხვდებით ხოლმე?

ნატალიასთან ცხადია მაქვს კომუნიკაცია, ვმეგობრობთ, ვუკავშირდებით. რომ გითხრათ, ძალიან ხშირად, არა. რატომ? ორივე რაღაცნაირად დაბულინგებული, შეშინებულები ვართ მაინც. შეიძლება ტელეფონი ისმინებოდეს, ან უთვალთვალებდნენ და შესაბამისად, არა. ისე საქმიანი ურთიერთობები გვაქვს და საჭიროების შემთხვევაში ვხვდებით.

გოგი მანჯგალაძესთანაც [საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარე] მინდოდა დაკავშირება და თანაგრძნობა. რამდენჯერ დაიბარეს, სთხოვენ პასუხს იმაზე, რაც არ მომხდარა, მაგრამ აბა როგორ დავუკავშირდებოდი, წარმოიდგინეთ, მასაც როგორ უსმენენ.

63 წლის ვარ, რამდენ ხელისუფლებას მოვესწარი, მაგრამ მე ასეთი არაფერი მინახია. ერთადერთი იყო, ომის დროს, როცა გამსახურდიას დაუპირისპირდნენ, დემოკრატიული არ არისო და რა დემოკრატიაც დაამყარეს მერე იმათ, კი ვნახეთ. ომი, სიცივე, გაუტანლობა, კაცის კვლა, ქურდობა, უშუქობა, უგაზობა, სიცივე და ყველაფერი. ერთი მაშინ მახსოვს ასეთი დაპირისპირებული საზოგადოება, მაგრამ მაშინ ომი იყო. როცა ტყვია გავარდება, ვიღაცა კვდება, სხვა ამბავია. ახლა ხომ ომი არ არის, მაგრამ ეს უბედურება, საშინელი ეჭვიანობა. რასაც ამ მთავრობაზე ნამდვილად ვიტყოდი: არა საქმე, არა ის, რაც გასაკეთებელია, არამედ სულ დაპირისპირება, ეჭვიანობა და აქედან გამომდინარე ათასი სიბინძურე.

ეს შარშანაც გკითხეთ და წელსაც გავიმეორებ: გაქვთ იმედი, რომ სასამართლო თქვენთვის სასურველ განაჩენს გამოიტანს?

სამართლიანობის იმედი თუ დაკარგე კაცმა, საშინელებაა. მინდა იმედი ვიქონიო, მაგრამ რასაც ვუყურებ, ამის საფუძველი ჯერჯერობით არ მაქვს. ასეთი მიდგომაა: ტყუილია, მართალია, არ აქვს მნიშვნელობა. ტყუილია? არა უშავს, სასამართლო მაინც გამოიტანს იმ [ხელისუფლებისთვის სასურველ] განაჩენს. სამართლებრივად არ არსებობს დანაშაული? არა უშავს, პროკურატურა გამოძებნის რაღაცას და შეთითხნის საქმეს.

სხვა საქმეებსაც ვუყურებ და სულ უფრო ვრწმუნდები ამაში.

შორს არც იმ აზრისგან ვარ, რომ ძალიან ბევრი სცენარი და ალბათ ეს სცენარიც, საქართველოში არ დაწერილა. ეს წინასაარჩევნო ტრიუკი ამ საქმის მხოლოდ ერთი მხარეა. ეს იყო იმისთვის, რომ მუდმივად იყოს დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის, ჩვენსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის. აი, ამისკენ იყო მიმართული. ეს არ მგონია, რომ ჩვენთან არის დაწერილი.

ამ საქმის მთავარი სამიზნე წინა ხელისუფლება იყო, პრეზიდენტი იყო იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ეთქვათ, აი, წინა ხელისუფლება, ტერიტორიები გადასცა. სისულელე, სრული სისულელე! და აგრძელებდნენ ამ სისულელის კვლევას. ერთხელ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ამ თემასთან დაკავშირებით და თქვა, ჩემს დროს ვმუშაობდით მაინც ამ თემაზე, ვმსჯელობდით და განხილვები გვქონდა და თქვენ რა გააკეთეთო.

არაფერი არ გააკეთეს, დაშავების მეტი. არც მოველოდი, რომ რაღაცას მიაღწევდა, ღარიბაშვილი რომ ბაქოში ალიევს შეხვდა, რაღაცა გარღვევა ექნებოდა. ჩვეულებრივი დიპლომატიური შეხვედრა იყო, საერთოდ ამ თემაზე ისაუბრეს თუ არა, ეგეც არ ვიცით. შედეგი რა, არაფერი. კაი, ვიღაცამ დაიჩემა, რომ თურმე 35 კვადრატული კილომეტრი არასწორად არის შეთანხმებული, მერე რა? რაღაც აბსურდულ რაღაცას ეუბნები რაღაც რუკაზე დაყრდნობით, რომელზეც ექსპერტიზას არ ატარებ. მე მედავებიან საბოლოოდ იმას, ამ რუკას რატომ არ იყენებდიო. ვეუბნები, არ ვარგოდა, ბატონო, გასინჯე და ნახავ შენც, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ.

თქვენ თქვით, რომ არ მუშაობთ. ნაცნობების ხშირად ნახვასაც ერიდებით მოსმენის და თვალთვალის შიშით. როგორ უმკლავდებით დღის განმავლობაში მარტოობას და ცუდ ფიქრებს?

ძალიან ძნელია მატერიალურადაც და მორალურადაც. სჯობს, რამე სხვაზე გადაიტანო ფიქრი. ტელევიზორია, ინტერნეტი, კითხულობ, ლოცულობ. ხან აქციაა, მიტინგი, იქ მიდიხარ, ხან ნათესავებს ნახულობ, ახლობლებს.

პირველ რიგში რაც გიპყრობს ადამიანს, ამ უსამართლობაზე, არის რისხვა. ამ რისხვას თუ მიეცემი, ბოროტდები. მე ვერ ვიტყვი, რომ დიდი მორწმუნე ვარ, მაგრამ ვცდილობ დილა-საღამოს ლოცვები ვიკითხო. დილის ლოცვები რომ აიღო, იქ არის ასეთი ნაწილი: შესთხოვ უფალს, შენი სულის მაჭირვებლებს ნუ დასჯის იმისათვის, რაც დაგმართეს. ეს დიდი ადამიანობის გამოხატულებაა, დიდი არსი დევს ამაში. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ შენი რისხვა დაიმორჩილო.

ხან გამომდის, ხან ვერა. ადამიანი ვარ, ჩვეულებრივი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG