Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროში აშშ-ის მისიამ უკრაინის გამო მოიწვია უშიშროების საბჭოს სხდომა


გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი
გაეროში აშშ-ის ელჩი ლინდა ტომას-გრინფილდი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია სხდომა მოიწვია უკრაინისადმი რუსეთის მუქარის შემცველი ქმედებების და უკრაინის საზღვრებთან და ბელარუსში რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდის განსახილველად.

გაეროში აშშ-ის მისიის თანახმად, სხდომა მოწვეულია, რათა გაეროს უშიშროების საბჭომ იმსჯელოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხზე. საჯარო სხდომა ორშაბათს, 31 იანვარს გაიმართება.

გაეროში აშშ-ის ელჩის, ლინდა ტომას-გრინფილდის განცხადებით, უკრაინასთან საზღვარზე განთავსებულია 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო და რუსეთი ჩართულია უკრაინის საწინააღმდეგო, დესტაბილიზაციის გამომწვევ სხვა ქმედებებში, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობას, სტაბილურობას და გაეროს წესდებას. ამერიკელი დიპლომატის თანახმად, მაშინ, როცა ევროპული და გლობალური უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინაშე არსებული სერიოზული საფრთხის ფონზე განაგრძობენ დაუღალავ დიპლომატიურ ძალისხმევას დაძაბულობის დეესკალაციისთვის, გაეროს უშიშროების საბჭო დიპლომატიისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილია.

ტომას-გრინფილდის განცხადებით, საბჭოს წევრებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ფაქტები და განიხილონ უკრაინაში რუსეთის შემდგომი შეჭრის შემთხვევაში საერთაშორისო წესრიგის ძირითადი პრინციპები და ვალდებულებები. როგორც ამერიკელი დიპლომატი ამბობს, დღეს არ არის ლოდინის და დაკვირვების დრო.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასამდე სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG