Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე იმსჯელეს


აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის ფორმატით იმსჯელეს უკრაინის გარშემო შექმნილი დაძაბულობის დეესკალაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, პრეზიდენტ ზელენსკის ესაუბრა, რათა განეხილათ კოორდინირებული დიპლომატიური ძალისხმევა და დაედასტურებინა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შემდგომ შეჭრას მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გვიან ღამით, ტვიტერზე დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ჰქონდა ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც განიხილეს დეესკალაციის მიზნით ბოლო დიპლომატიური ძალისხმევა და შეთანხმდნენ მომავალში ერთობლივ ქმედებებზე. ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა სამხედრო დახმარებისთვის. უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, განხილული იყო უკრაინისთვის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობებიც.

2021 წლის მეორე ნახევრიდან რუსეთმა, სამხედრო სწავლებების საბაბით, უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში განათავსა 100 ათასამდე სამხედრო. უკრაინის ხელისუფლებამ და დასავლეთის სახელმწიფოებმა რუსეთის ეს ქმედება შეაფასეს უკრაინაში ახალი შეჭრისთვის მზადებად. კრემლი ამას უარყოფს, თუმცა აშშ-ისა და ნატოსგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს.

რუსეთის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს აღმოსავლეთით ნატოს შემდგომი გაფართოება და ალიანსში არ მიიღონ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, კერძოდ, უკრაინა და საქართველო. რუსეთის ამ და სხვა მოთხოვნებს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატომ წერილობით უპასუხეს 26 იანვარს. დოკუმენტები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა, თუმცა, ცნობილია, რომ უარი ეთქვა ალიანსის გაფართოების შეწყვეტის მოთხოვნას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG