Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ვაჩუქოთ ცოლს ტყე


იმის გამო, რომ საქართველოში ტყის ნაწილს ტყის სტატუსი არ აქვს, სახელმწიფო, უსტატუსო ტყეებს, რომელიც მას ეკუთვნის, იოლად ყიდის. გაყიდული ტყიანი მიწების ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება აქვს, რაც კერძო მფლობელებს მშენებლობის ნებართვის უფლებას აძლევს.  

2021 წლის თებერვალში, სახელმწიფომ აუქციონზე კიკეთში, მუხის ტყეში მდებარე მიწის 2 ნაკვეთი, ჯამში 2000 კვადრატული მეტრი გაყიდა. ახლა ამ ტერიტორიაზე ოთხი სახლი უნდა აშენდეს. მშენებლობის დაწყებამდე კერძო მფლობელმა თავის ტერიტორიაზე 8 ჯანსაღი ხე, მათ შორის, 5 ენდემური ჯიშის მუხა (შესულია წითელ წიგნში), მოჭრა. მიწის მფლობელი კომპანია „ქიქ-ეთი“, რომელსაც მშენებლობის ნებართვის მისაღებ დოკუმენტაციაში ეწერა, რომ ხეებს არ მოჭრიდა, მუნიციპალურმა ინსპექციამ 24 228 ლარით დააჯარიმა. კომპანია „ქიქ-ეთი” ცაგერის მერის და ყოფილი ფეხბურთელის გიორგი ნემსაძის შვილმა, თორნიკე ნემსაძემ დააფუძნა.

„პრობლემა მხოლოდ ამ ერთი მიწით არ იწყება და არ მთავრდება, ტენდენციაა რეალური ტყის აუქციონის წესით გაყიდვის, რომელიც სატყეო ზოლში არ არის შესული. ეს ტენდენცია რამდენიმე წელია დაიწყო. სახელმწიფო ყიდის ტყის მიწებს, სადაც მერე გასცემს სამშენებლო ნებართვებს”, - ამბობს კიკეთში მცხოვრები დავით ტყაბლაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომელიც კიკეთის ტყის გადასარჩენად შეიქმნა. მათ ეშინიათ, რომ თუ კიკეთის ტყის გაყიდვა დაიწყო, ეს შეუქცევადი პროცესი გახდება.

„ჩვენ ვითხოვთ, ყველა ტყე იყოს სატყეო ზოლში, ეს არის ყველაზე კარგი დაცვა ამ ტერიტორიის. გვინდა, რომ ამ შემთხვევის შემდეგ დავიწყოთ სხვა ისეთი ტერიტორიების ძებნაც, რომელიც რეალურად ტყეა და სატყეო ზოლში არ არის. ასეთი ტერიტორიები არის პოტენციური ნაღმი”, - ამბობს დავით ტყაბლაძე.

პინით აღნიშნულია კიკეთის ტყის ის ნაწილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა
პინით აღნიშნულია კიკეთის ტყის ის ნაწილი, რომელიც აუქციონზე გაიყიდა

კიკეთის მუხნარი, სადაც ახლა სახლების მშენებლობა უნდა დაიწყოს, დაახლოებით 8 000 კვადრატული მეტრი ფართობისაა. აქედან ტყის სტატუსი მხოლოდ 5 ათას კვადრატულ მეტრს აქვს, დანარჩენი სახელმწიფოს კანონიერად შეუძლია გაიტანოს აუქციონზე.

თბილისის გარშემო დაახლოებით 12 000 ჰექტარამდე ტყეა უსტატუსოდ დარჩენილი. ამ ტერიტორიას ტყის სტატუსი 2011 წელს ჩამოერთვა და, როგორც რეკრეაციული ზონა, თბილისს გადაეცა, - გვიხსნის Cenn-ის წარმომადგენელი, რეზო გეთიაშვილი. კიკეთი ახლა თბილისის შემადგენლობაშია.

საქართველოში კერძო ტყეების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა: ტყეების ნაწილს ეკლესია ფლობდა, ნაწილს თავადები, მთიან ადგილებში ტყეები კონკრეტულ გვარებს ან ოჯახებს ეკუთვნოდა. 1918 წლის მონაცემებით, ტყეების ნახევარი კერძო იყო. ეკლესია დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მფლობელია ტყის მასივების. მის მფლობელობაში მყოფი ტერიტორიის თითქმის მესამედი, 31% ტყეა. დღეს პრობლემაა არა ტყეების კერძო საკუთრებაში ფლობა, არამედ ის, რომ ტყე გასხვისების შემდეგ იჩეხება.

„განსაკუთრებით პრობლემურია ტერიტორიების ამორიცხვა და ერთგვარი "კუნძულების" შექმნა ტყის სიღრმეში…

ამგვარ "კუნძულებზე" აღარ ვრცელდება სატყეო კანონმდებლობა და არის დაუცველი იმისათვის, რომ დაიტვირთოს ტყის ეკოსისტემებისთვის შეუთავსებელი ინფრასტრუქტურით, რაც აზიანებს მათ შორის დარჩენილი ტყის ვრცელ ფრაგმენტებს”, - წერია Cenn-ის ანგარიშში, რომელშიც ტყის კარგვის მიზეზებია გაანალიზებული.

ასევე მიმოფანტულია ტყეებში ფიზიკურ პირებზე გასხვისებული ტერიტორიები. ამ პრობლემის შესწავლის შედეგად CENN-ი მიიჩნევს, რომ „ტყის დეგრადაციის მასშტაბი რამდენჯერმე აღემატება ამორიცხული თუ სტატუსის გარეშე დარჩენილი ტერიტორიების ფართობს. იგივე პრობლემა დგას ფიზიკურ პირებზე რეგისტრირებულ ტერიტორიებზეც, რომლებიც ასევე მიმოფანტულია ვრცელი სატყეო ეკოსისტემების მთელ პერიმეტრზე და არღვევს მათ მთლიანობას”.

კიკეთის მუხნარი, სადაც 2 000 კვ.მ მშენებლობის პერსპექტივით გაიყიდა
კიკეთის მუხნარი, სადაც 2 000 კვ.მ მშენებლობის პერსპექტივით გაიყიდა
სახლებისთვის განკუთვნილი ტერიტორია მუხნარში
სახლებისთვის განკუთვნილი ტერიტორია მუხნარში

კიკეთში სხვა არაერთი მიწის ნაკვეთია ისეთი, რომელიც ტყეშია, მაგრამ იურიდიულად ტყედ არ ითვლება. აი, მაგალითად, ამ 4 000 კვადრატულ მეტრზე დიდი ფართის მქონე მიწის ნაკვეთს, რომელიც რეალურად ტყეა, ეს სტატუსი არ აქვს. მიწას ახლა სასოფლო-სამეურნეო სტატუსი აქვს და ქონების მართვის სააგენტოს ბალანსზეა. თუკი ის გაიყიდება, მფლობელი შეძლებს ამ შუაგულ ტყეში ხეების გაჩეხვას და მათ ადგილზე მშენებლობის დაწყებას.

ეს არ არის მხოლოდ კიკეთის პრობლემა, ტყიანი ან ტყესთან მომიჯნავე დასახლებული პუნქტების უმეტესობაში არის ადგილები, რომლებსაც ან ტყის სტატუსი არ აქვს, ან მარტივი განცხადების საფუძველზე მისი რეგისტრირების მსურველი თვითმმართველობაში ცვლის სტატუსს და იღებს სამშენებლო ნებართვას. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ტყეებისთვის სტატუსის არქონას ან ცვლილებებს ბოლო წლების განმავლობაში ათასობით კვადრატული მეტრი ტყის მასივი ემსხვერპლა და ითხოვენ უკეთ დაცვის საკანონმდებლო მექანიზმებს ტყეებისთვის.

კომპანია „ქიქ-ეთი“, რომლსაც კიკეთის ტყეში 4 ორსართულიანი სახლის აშენება სურს, 2021 წლის 15 თებერვალს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. მიწა, რომელიც ახლა კომპანიის ბალანსზეა, ამ კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ, თორნიკე ნემსაძემ იყიდა სახელმწიფოსგან აუქციონის წესით. თორნიკე ნემსაძე ფეხბურთელ გიორგი ნემსაძის შვილია. გიორგი ნემსაძე მმართველი პარტიის სახელით ცაგერის მერი გახდა 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში.

კომპანია „ქიქ-ეთის“ დირექტორი და 25%-იანი წილის მფლობელი, ირაკლი სვანიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ მისი პარტნიორი ცნობილი ფეხბურთელისა და ცაგერის მერის შვილია, კიკეთში მათ მიწა სახელმწიფოს მიერ ღიად გამოცხადებულ აუქციონზე იყიდეს.

საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომლების აშენებასაც კომპანია “ქიქ-ეთი” აპირებს
საცხოვრებელი სახლების პროექტები, რომლების აშენებასაც კომპანია “ქიქ-ეთი” აპირებს
"ქიქ-ეთის" კუთვნილ მიწაზე მოჭრილი ხეები
"ქიქ-ეთის" კუთვნილ მიწაზე მოჭრილი ხეები

ტყეებს ან ტყეებში მიწის ნაკვეთებს სახელმწიფოსგან ძირითადად სწორედ აუქციონზე ყიდულობენ. თუკი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებსაიტზე შეხვალთ, არაერთ კარგ მიწის ნაკვეთს ნახავთ, როგორც თბილისის სიახლოვეს, ისე რეგიონებში. ამ მიწებს შორის ზოგიერთი ტყეშიც შეიძლება იყოს.

აი, მაგალითად: 1 000 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი თბილისში, ფაქტობრივად ტყეში, არასასოფლო-სამეურნეო სტატუსით, ახმეტელისა და ლიუბლიანის ქუჩებს შორის, აღსრულების ეროვნული სააგენტოს ბალანსზეა და ამ ქონების საწყისი ფასი 123 500 ლარია, ვაჭრობის ბიჯი - 2 470 ლარი.

მართკუთხედი ფორმის შემოსაზღვრული არეალი არის გასაყიდი ტერიტორია
მართკუთხედი ფორმის შემოსაზღვრული არეალი არის გასაყიდი ტერიტორია

ამგვარი მიწების დასაკანონებლად არსებობს სხვა გზაც: საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით თვითმმართველობისთვის მიმართვა და ორი მოწმის საშუალებით იმის დამტკიცება, რომ ეს ტერიტორია შენს წინაპრებს ეკუთვნოდათ, რომლების მემკვიდრეც შენ ხარ. თვითმმართველობებში მომუშავე აღიარების კომისიები ამგვარ საკითხებს სწრაფად და მარტივად აგვარებენ, მიწებს კი მათი ნაწილი, ვინც ასე იმტკიცებს, სარფიანად ყიდის მასზე, ვისაც მისი გამოყენების ფული და მშენებლობის ნებართვის მიღების მეტი შანსი აქვს.

ტყე - მდიდრებისთვის, კანონი - გლეხებისთვის
please wait

No media source currently available

0:00 0:19:33 0:00

ტყეები სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს აუქციონის სისტემის გარდა, ჩვეულებრივ, უძრავი ქონების ვებსაიტებზეც იყიდება და სოციალურ ქსელებშიც. ასე მაგალითად, ასწლოვანი ხეებით 6 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ამ განცხადებით იძებნება: იყიდება მამაპაპური ტყე.

განცხადება 2018 წელს არის გამოქვეყნებული, ამ მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ახალი მეპატრონე 2020 წელს გამოუჩნდა.
განცხადება 2018 წელს არის გამოქვეყნებული, ამ მიწის ნაკვეთს საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ახალი მეპატრონე 2020 წელს გამოუჩნდა.

ნატანებში გაყიდული „მამაპაპური ტყე” ნამდვილად შუაგულ ტყეშია. ამ ტყეში ათამდე სხვა მიწის ფართია რეგისტრირებული და გასული 5 წლის განმავლობაში ფიზიკურ პირებზე გაყიდული.

ტყეების გაყიდვის შესახებ განცხადებებს ფეისბუკშიც ნახავთ - თუკი ტყეში მდებარე მიწას მშენებლობის უფლება აქვს, ის უფრო საინტერესოა სამშენებლო სფეროში მყოფი ბიზნესებისა თუ კერძო პირებისთვის.

იანვრის თვეში, ქართულ მედიაში გამოქვეყნდა ორი ჟურნალისტური გამოძიება, სადაც გავლენიანი პირების ცოლებისთვის ტყეების გადაცემაზე იყო საუბარი.

  • ტვ პირველის გამოძიება შეეხებოდა ბაკურიანში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 5 958 კვადრატულ მეტრ ტყეს, რომლის 49 წლით სარგებლობის უფლებაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა აუქციონის წესით მოიპოვა. საჯარო რეესტრის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ თამაზაშვილის წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს, 16:37 საათზე მიმართა, სარეგისტრაციო წარმოება კი თანხმობით იმავე დღის 18:37 საათზე დასრულდა. პრემიერ-მინისტრს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია, ფეისბუკზე, მთავრობის მხარდამჭერ გვერდებზე კი გამოჩნდა პოსტერები ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად.
  • ნეტგაზეთის გამოძიება თბილისის ყოფილი მერის და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მოქმედი თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ცოლის კომპანიისთვის საბადურის ტყეში გადაცემულ მიწას შეეხებოდა.

    10 ჰექტარი (100 000 კვ.მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, საბადურის ტყის მიმდებარედ, შპს „საბადური ვილაჯეს“ 40-წლიანი განკარგვის უფლებით, აღნაგობის წესით 2019 წელს გადასცეს. კომპანიას ტყის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 4 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული, რომელსაც არ ასრულებს. დავით ნარმანია სისულელეს უწოდებს ბრალდებებს და ამბობს, რომ მისი მეუღლე ამ კომპანიაში მუშაობს, როგორც დანიშნული დირექტორი.

გავლენიანი პირებისთვის ტყეების შეძენის ფაქტების ტენდენციას აჩვენებს კიდევ ორი ჟურნალისტური გამოძიება.

  • თავისუფლების მონიტორის გამოძიებით, ყვარელში 8 ჰექტარი (80 ათასი კვ.მ) მიწა პარლამენტარ ნინო წილოსანის ნათესავმა შეიძინა და იქ არსებული ხეები მოჭრა.
  • ფორმულას გამოძიებით, კიკეთში 35 ათასი კვადრატული მეტრი მიწა იქ არსებული ნაგებობებით თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის დედის კომპანიამ შეიძინა აუქციონზე საბაზრო ფასზე ბევრად დაბალ ფასად.

XS
SM
MD
LG