Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტის კანცელარიამ გაანადგურა საიდუმლო დოკუმენტი ვრბეტიცეში მომხდარ აფეთქებებზე



აფეთქებული სამხედრო საწყობი ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში. 2014 წ. 11 დეკემბერი.
აფეთქებული სამხედრო საწყობი ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში. 2014 წ. 11 დეკემბერი.

ჩეხეთის პრეზიდენტ მილოშ ზემანის კანცელარიამ გაანადგურა ჩეხეთის კონტრდაზვერვის საიდუმლო დოკუმენტი ვრბეტიცის სამხედრო საწყობში მომხდარ აფეთქებებზე. ჩეხეთის ხელისუფლების აზრით, აფეთქებებთან კავშირი აქვს რუსეთის სამხედრო დაზვერვას (გრუ).

ამის შესახებ შაბათს განაცხადა „ჩეხეთის რადიომ“. მანამდე კონტრდაზვერვამ დოკუმენტი პრეზიდენტ ზემანს გადასცა. დოკუმენტის დაკარგვის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც პოლიციამ გადაწყვიტა, შეემოწმებინა, საიდუმლო დოკუმენტს ხომ არ სწავლობდა ვინმე, ვისაც არ ჰქონდა მასზე შესაბამისი წვდომა. ასეთი წვდომა არა აქვს ზემანის კანცელარიის ზოგიერთ წევრს.

კანცელარიის წარმომადგენლებმა „ჩეხეთის რადიოს“ განუცხადეს, რომ საიდუმლო დოკუმენტი შეცდომით განადგურდა სხვა, გასანადგურებელ დოკუმენტებთან ერთად. კანცელარიის ოფიციალურ ცნობაში კი შეცდომა არ არის ნახსენები. იქ მითითებულია, რომ ყველა დოკუმენტი განადგურდა სათანადო პროცედურის მიხედვით. თავად პრეზიდენტს ჯერჯერობით არ გაუკეთებია ინციდენტზე კომენტარი.

დოკუმენტი ზემანს აპრილში გადაეცა, ცოტა ხნით ადრე, სანამ ჩეხეთის მთავრობა ოფიციალურად გამოაცხადებდა, რომ აფეთქებებში რუსეთია ეჭვმიტანილი. როგორც იტყობინებიან, დოკუმენტში ახსნილია, რატომ მიიტანეს ეჭვი ალექსანდრ მიშკინსა და ანატოლი ჩეპიგაზე (ისინი ცნობილი არიან ასევე რუსლან ბოშიროვისა და ალექსანდრ პეტროვის სახელებით. ისინი ასევე ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ არიან ეჭვმიტანილი სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში).

ჩეხეთის პარლამენტის უშიშროების კომიტეტმა უკვე განაცხადა, რომ განიხილავს ამ საკითხს, ხომ არ დაარღვია ზემანის გარემოცვამ კანონი. პრეზიდენტმა ზემანმა, რომელიც პრორუსულ პოლიტიკოსად ითვლება, თავის დროზე ოფიციალურად დაუჭირა მხარი რუსეთის დაზვერვის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს, მაგრამ ამასთან განაცხადა, რომ ვრბეტიცეში მომხდარის სხვა ვერსიებიც არსებობს. ამის გამო ის მრავალმა ჩეხმა პოლიტიკოსმა გააკრიტიკა.

ვრბეტიცეს იარაღის საწყობში აფეთქებები 2014 წლის შემოდგომაზე მოხდა. ამის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, მიყენებულია დიდი მატერიალური ზარალი. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს აფეთქებებთან კავშირს.

XS
SM
MD
LG