ბრიტანეთის მთავრობა მომავალ კვირაში პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც შესაძლებელს გახდის სანქციების შემოღებას რუსეთის ბანკების, ენერგეტიკის სფეროს კომპანიებისა და „კრემლთან დაახლოებული ოლიგარქების“ წინააღმდეგ. ამის შესახებ კვირას განაცხადა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.
შეთავაზებული ზომები დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის საფრთხესთან. მართალია, მოსკოვი უარყოფს აგრესიულ გეგმებს, მაგრამ დასავლეთში ჯერჯერობით ვერ ხედავენ უკრაინის საზღვართან ვითარების დეესკალაციის რაიმე ნიშნებს.
ბრიტანეთის ახალი ზომების დეტალები არ არის ცნობილი, მაგრამ ტრასის სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ ისინი გაამარტივებს სანქციების დაწესების პროცედურას ფაქტობრივად ნებისმიერი პირისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომელთა შესახებაც ბრიტანეთის ხელისუფლებას გაუჩნდება ეჭვი, რომ ისინი კრემლთან არიან დაკავშირებული. „ნებისმიერი კომპანია, რომელიც კრემლისა და რუსეთის რეჟიმისთვის ინტერესს წარმოადგენს, შესაძლოა იქცეს სანქციების ობიექტად. ასე რომ, პუტინის ოლიგარქები და რუსეთის კომპანიები, რომლებიც რუსეთის ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ვერსად დაიმალებიან“, - განუცხადა ტრასმა Sky News-ს. მან არ გამორიცხა არც ისეთი ზომა, როგორიცაა დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე რუსი ოლიგარქების ქონების კონფისკაცია.
დასავლეთსა და მოსკოვს შორის ვითარების ესკალაციის პირობებში ლონდონი ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ კურსს ატარებს კრემლის მიმართ. კერძოდ, ბრიტანეთის ლიდერებმა გააფრთხილეს რუსეთი იმის შესახებ, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია შეიძლება „ახალ ავღანეთად“ და „ახალ ჩეჩნეთად“ ექცეს მას.
კვირას ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთი ნატოში მოკავშირეებს შესთავაზებს, ორჯერ გაზარდოს ესტონეთში და პოლონეთში განთავსებული თავისი ჯარები. ამჟამად იქ ათასი ბრიტანელი სამხედრო იმყოფება. ამასთან, ლონდონი არ გეგმავს ბრიტანეთის ქვედანაყოფების გაგზავნას თავად უკრაინაში.
როგორც მოსალოდნელია, მომავალ კვირაში ლიზ ტრასი და პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევს ეწვევიან. ტრასი მოსკოვშიც აპირებს ჩასვლას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ვიზიტი უკვე შეთანხმებულია.
დაწერეთ კომენტარი